ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ისეთი ადამიანი, რომლის ხელშეუხებელი ავტორიტეტის ირგვლივ ერთიანდებიან: გულანთებული პატრიოტები, რელიგიური ფანატიკოსები, ლიბერალები, კონსერვატორები, ნაციონალისტები, სხვადასხვა მასშტაბის მედროვეები და ბანალური ნაძირლები. და ყველა, ერთხმად მისტირიან „ილიას საქართველოს“.
თავს უფლებას მივსცემთ დავსვათ სრულიად სამართლიანი კითხვა – როგორ ხედავენ ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებითა და მიზნებით შეპყრობილი ადამიანები ილიაში თავის მოძღვარს, ხოლო „ილიასეულ საქართველოში“ კონკრეტულად მისთვის დატოვებულ მემკვიდრეობას?
ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ისეთი ადამიანი, რომლის ხელშეუხებელი ავტორიტეტის ირგვლივ ერთიანდებიან: გულანთებული პატრიოტები, რელიგიური ფანატიკოსები, ლიბერალები, კონსერვატორები, ნაციონალისტები, სხვადასხვა მასშტაბის მედროვეები და ბანალური ნაძირლები. და ყველა, ერთხმად მისტირიან „ილიას საქართველოს“.
თავს უფლებას მივსცემთ დავსვათ სრულიად სამართლიანი კითხვა – როგორ ხედავენ ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებითა და მიზნებით შეპყრობილი ადამიანები ილიაში თავის მოძღვარს, ხოლო „ილიასეულ საქართველოში“ კონკრეტულად მისთვის დატოვებულ მემკვიდრეობას?
ვინაიდან ჩვენს მიერ დასახულ მიზანთა მწირე ჩამონათვალში არ შედის, წმინდა სინოდის მოვალეობების გადაბარება და იმის გამორკვევა თუ რამდენად შეესაბამება ილიას პიროვნებას ისეთი ეპითეტები, როგორებიცაა “წმინდა” და “მართალი”. ამიტომ არ შევეხებით ილიას საბანკო საქმიანობასა და მის დამოკიდებულებას ყმებისადმი, რაც უფრო მორალური საკითხებია და ნებისმიერ შემთხვევაში გაკიცხვით ან შექებით უნდა დასრულდეს, ხოლო ილიას პიროვნების სიკარგის ან სიცუდის გამორკვევა ერთი ნაბიჯითაც არ მიგვაახლოვებს ჩვენს მიერ დასახულ მიზანს, გამოვარკვიოთ რაში მდგომარეობს საქართველოს მოწყობის ილიასეული ხედვა, რომლის ხორცშესხმის იდეა ორი საუკუნის განმავლობაში არ ტოვებს ქართველი ადამიანის გონებას.
უნდა ვაღიაროთ, რომ საკითხის შესწავლამდე გარკვეული სკეფსისით ვიყავით შეპყრობილი. ილიას პოლიტიკური შეხედულებები მიგვაჩნდა სინდისიერი ადამიანის ოცნებად, საყოველთაო კეთილდღეობაზე, ამისთვის აუცილებელი მატერიალურ-სოციალური ბაზის გარეშე.
ჩვენი მოლოდინი გაქარწყლდა – როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც შენი წარმოდგენები სხვის მიერ შექმნილ სტერეოტიპს ემყარება. ბატონების და მონების იმგვარი შერიგების იმედი, რომ ბატონს არ წაერთვას ბატონობის უფლება, საზოგადოებიდან ამოსაკვეთი სიმსივნეა, რისთვისაც უნდა დავასკვნათ: „ილიას საქართველო“, რომელსაც ასე ერთხმად მისტირიან, არც საქართველოს ისტორიის უდაბურ გზაზე აღმოცენებული ოაზისია და არც ამ ოაზისის მირაჟი, არამედ პროზაული (ამასთანავე, საკმაოდ უნიჭოდ შექმნილი) რეალობა – ჩვენი საქართველოა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი არ არის და რომელში ცხოვრების საეჭვო სიამოვნებაც, გვხვდა წილად. სწორედ, ასეთი „კეთილდღეობისთვის“ ამზადებდა ნიადაგს ას რამოდენიმე წლის წინათ, საქართველოს უგვირგვინო მეფე.
ცოტა ხნით, გვერდით გადავდოთ პათოსი და კონკრეტიკისკენ გადავდგათ გაუბედავი ნაბიჯი.
„ილიას საქართველოში“, რა წარმოადგენს საზოგადოების შემკვრელ, მისი ცხოვრების და უსათუოდ ბედნიერი ცხოვრების დამარეგულირებელ და ნაწილობრივ შემოქმედ ძალას? ილია, გვეუბნება: „ რაც უნდა მდიდარი ქვეყანა იყოს ბუნებით, თუ იქ ჩემი და შენი, ესე იგი კაცთა უფლება და მოვალეობა ძნელად გასარჩევია და არ არის საყოველთაოდ განსაზღვრული ცხადად და უცილოდ, იქ ხალხის წარმოება და კეთილდღეობა, თუ ყოველ-დღე უკან არ იწევს, შეფერხებული ხომ არის და არის.“
გამოდის რომ, სოციუმსა და სუბიექტებს შორის ურთიერთობას, მწყობრ ხასიათს აძლევს კანონი, რომლის ძლევამოსილება და აუცილებლობა ყველასთვის ისეთივე ‘’თვალსაჩინოა’’, როგორც ის, რომ ‘’მზე დედამიწის ირგვლივ’’ მოძრაობს… და როგორი ‘’სისულელეც’’ იქნებოდა ჩვენი თვალების არ დაჯერება და საწინააღმდეგოს დაშვება, თითქოს დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, ასეთივე ‘’სისულელე’’ იქნებოდა ვარაუდი, თითქოს არა საზოგადოება ცხოვრობს დაწესებული კანონებით, არამედ კანონები ერგება საზოგადოებისათვის მისაღებ, ბუნებრივ ნორმებს.
მაგრამ, რა თქმა უნდა, წმინდანები უკეთ ერკვევიან წმინდა ძროხის არსში, რომელსაც კონსტიტუციის სახით უკვე 30 წელი ვეთაყვანებით და რომელიც, რა თქმა უნდა, არ ქმნის პრაქტიკაში უკვე გაფორმებული უთანასწორობის სამართლებრივ ბაზას – ანუ მორალურ გამართლებას.
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დავრწმუნდებით, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ეს კანონები და ვისი ინტერესებისთვის ირღვევა ისინი.
მაგალითისთვის, შეგვიძლია გავიხსენოთ შრომის კანონმდებლობა, რომელიც უშუალოდ ყველას გვეხება და თითოეულის ცხოვრებაზე უნდა პოულობდეს ასახვას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მივიღებთ მხედველობაში მოსაზრებას, რომ ეს კანონმდებლობა საოცრად არქაულია და არ შეესატყვისება ეპოქის მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევებს; ასეთი, რეაქციული კანონმდებლობაც კი ვერ ხორციელდება ცხოვრებაში. გულუბრყვილობა იქნებოდა იმაზე ფიქრი ან ოცნება, თითქოს კანონმდებლები შეიმუშავებენ მათსავე დამაზიანებელ კანონებს, ხოლო ამ დადებული კანონების აღმსრულებლები, რომელთა პირდაპირ ეკონომიკურ ინტერესებშია ამ ნორმების უგულებელყოფა, დიდ ძალისხმევას დახარჯავენ მათი აღსრულებისათვის.
სოციალისტურ პროპაგანდას გაცნობილი ადამიანი იოლად შეძლებს ჩვენი თეზისების ‘’მოგერიებას’’ – ილია გულისხმობდა ევროპული ტიპის სახელმწიფოს, ხოლო ევროპაში მშრომელების უფლებებს ზედმიწევნით იცავენ.
შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა ევროპელი პროლეტარი ილიას დროს და როგორ შეუპოვარ ბრძოლას აწარმოებდა ექსპლუატატორთა წინააღმდეგ; რამაც, ბოლშევიზმის გავრცელების შიშთან ერთად, ბურჟუაზია აიძულა ექსპლუატაციის სიმძიმე „მესამე ქვეყნებზე“ გადაეტანა, ხოლო ევროპელი მუშისთვის შეექმნა ჩვენთვის ასე სანატრელი შრომისა და მოხმარების პირობები.
იმავე იდეალიზებულ ევროპაში, ეკონომიკური კრიზისისა და იდეოლოგიური ოპოზიციის არარსებობა, კაპიტალს უბიძგებს შრომითი უფლებები დღითი დღე შეკვეცოს. ხოლო, დატვირთვა მის უკუპროპორციულად გაზარდოს.
ნებისმიერი კანონი მხოლოდ მაშინ არის სიცოცხლისუნარი, როდესაც მის უკან დგას საზოგადოებრივი ძალა, რომელიც აიძულებს სახელმწიფოს და საზოგადოების იმ ნაწილს რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს კანონი, დაიცვას ის. თანამედროვე საქართველოში ერთადერთ ასეთ ძალას, რომელსაც შეუძლია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უკარნახოს თავისი ინტერესები, კაპიტალისტთა კლასი წარმოადგენს. რაც, ასევე აახლოებს მას „ილიას საქართველოსთან“.
ეს ცხადი ხდება, ილიას ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე. საქართველოს მეურნეობის აგრარული ხასიათიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა უნდა დაყრდნობოდა გლეხის შრომას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მის მიერ დამუშავებული მიწის მესაკუთრე იყო; ანუ წვრილ ბურჟუაზიას, რომლის მხარდაჭერა და ფეხზე დაყენება, დღეისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგების აუცილებელი და აუსრულებადი პუნქტია.
წარმოების წვრილ ბურჟუაზიული ხასიათის პარალელურად, ილიასთვის ასევე მისაღებია ხიზნობა, იმ ფორმით, როგორც ეს გავრცელდა ევროპაში.
„სახეიროა – გაძლევ მამულს, სახეიროა-ვიღებ მამულს. ამის გარეთ მორიგება შეუძლებელია“
„ღალა და სამსახური უცვლელები იყოს, ერთს ჭდეზე იდგეს და თვით აღებმიცემობა მიწისა ვადა-დაუდებელი იქმნას“
თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სახეიროა – გაძლევ შრომას, სახეიროა -ვღებულობ ხელფასს. თუ მძარცველსა და მის მსხვერპლს შორის არსებულ დამოკიდებულებას შესაძლებელია შეთანხმება ვუწოდოთ, მაშინ დიახ, ნამდვილად ბურჟუაზია სხვა ალტერნატივას არ უტოვებს მშრომელებს გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს მძარცველის ულტიმატუმს ან დაამხოს მისი ძალაუფლება.
ილია, საკუთრების წარმოშობაზე მსჯელობისას თავად მიდის იმ დასკვნამდე, რომ საკუთრება წარმოადგენს მიტაცების შედეგს. შესაბამისად, თანამედროვე კაპიტალისტური ურთიერთობები, რომლებიც მოიცავენ პროლეტარის მიერ საკუთარი შრომის გაყიდვას, თავისთავად წარმოადგენს ძალადობის აქტს. მაგრამ, ერის მამა უგულებელყოფს ამ ფაქტს რომელიც მისივე მსჯელობიდან გამომდინარეობს, ვინაიდან ერის კეთილდღეობისთვის, სხვადასხვა ფენებს შორის ძმური ერთობის გაჩენისთვის, რა თქმა უნდა, ვიღაცამ უნდა გაიღოს მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ისიც ‘’შემთხვევითობაა’’, რომ ყოველგვარი მსხვერპლის გაღება საზოგადოებისათვის, გამუდმებით უწევს საზოგადოების დაბალ ფენას. მერე რა, რომ ყველაზე მეტს იმას სთხოვენ, ვისაც ყველაზე ცოტა აქვს.
ილიას პოზიციიდან ცხადია, რომ გლეხთა ექსპლუატაციამ უფრო ჰუმანური ფორმა უნდა მიიღოს, რათა მათმა სიღატაკემ და ტანჯვამ ცხოვრება არ მოუწამლოს ევროპულ იდეალებზე მეოცნებე ელიტას.
მაგრამ, იქნებ ბანალური ძარცვის უკან, სინამდვილეში ის მსხვერპლი იგულისხმება, რომელიც საზოგადოებამ უნდა გაიღოს სოციალური თანასწორობის მისაღწევად?
ცხადია, არა. ამ შემთხვევაშიც, „ილიას საქართველო“ სარკეში იყურება და ჩვენს დღევანდელობას ხედავს.
ილიას წარმოდგენით, თავად-აზნაურობას უნდა მიეღო ევროპული განათლება, გარდაქმნილიყო ბურჟუაზიულ-საქმიან ელიტად და საკუთარ თავზე ეტვირთა ქვეყნის მართვა გამგებლობა.
აჰა, ილიას ეს მოძღვრებაც ზედმიწევნით აღვასრულეთ. ჩვენ გვყავს ევროპულად განათლებული, ბიზნესში ჩაფლული, საქმიანი და მოუსვენარი ელიტა, რომელიც იმდენადაა მოწყვეტილი დანარჩენ საზოგადოებას, ხოლო მისი ცხოვრების წესი იმდენად განსხვავდება დანარჩენი ერის ცხოვრებისაგან, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოში არსებულ სახელმწიფოს წარმოადგენს.
ჩვენი ელიტის ოკუპაციის ქვეშ მყოფებს, ისღა გვრჩება გაოგნებულებმა ვიკითხოთ – ნუთუ, ასეთი ცხოვრება სურდა ჩვენთვის ამ წმინდა ადამიანს?
რა თქმა უნდა, არა. ილია, თავად ხედავს ქართველი კაცის მანკიერ მხარეებს.
„ჩვენებურს ფულიანთ არც გონება უჭრით, არც თვალი, რომ სანახავი დაინახონ და ნამდვილს წყაროს სიმდიდრისას ხელი ჩაავლონ, თავის სახეიროდ ცალკე და ქვეყნის საკეთილოდ ერთობ“
„ არც ერთს ფულიანს კაცს გუნებაშიაც არ გაუტარებია, აზრადაც არ მოსვლია, რომ შეიძლება კაცმა თვითონაც იხეიროს და ქვეყანასაც არგოს რამე“
ტკივილამდე ნაცნობი რიტორიკაა. თითქოს, თანამედროვე პოლიტიკოსი ჩივის ტელევიზორის ეკრანიდან, კარგი ბიზნესმენების არ არსებობაზე; აუცილებლობაზე, გაჩნდეს სინდისიერი და პასუხისმგებლიანი ბიზნესი, რომელიც გაშლის ფრთებს და ამ ფრთების ჩრდილში გაიფურჩქნება საყოველთაო კეთილდღეობა.
ილიასვე თქმით, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოიპოვება ფული ისეთი დიდი რაოდენობით, როგორც ინგლისში და ამის საპირისპიროდ, ვერსად ნახავთ ისეთ სიღატაკეს, როგორსაც ინგლისში. ბუნებრივია, ერთის სიმდიდრე გარდაუვალად ეფუძნება უამრავის სიღატაკეს, მაგრამ ეს საყოველთაო წესი, რა თქმა უნდა ღვთისმშობლის რჩეულ ქვეყნებზე ვერ გავრცელდება. „ილიას საქართველოში“ ბიზნესისთვის აუცილებელი მოგება, რაც უზრუნველყოფს წარმოების ზრდას და მის კონკურენტუნარიანობას, არა წარმოებული პროდუქტის თვითღირებულების შემცირებით და პროლეტარიატის ექსპლუატაციის გაზრდით, არამედ მისი ბედნიერებითა და გულწრფელი ღიმილებით მიიღწევა.
დღევანდელობის შემყურე, ყველამ თავის თავს მიანდოს იმის გადაწყვეტა, თუ რას წარმოადგენს ილიას მხრიდან ასეთი აშკარა გულმავიწყობა, ფაქტების უგულებელყოფა და საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოსვლა. რა არის ეს? პატიოსანი ადამიანის გულუბრყვილობა, რომელიც თავდავიწყებით მიისწრაფვის დასახული მიზნისკენ (დაძლიოს ერის შიგნით, კლასებს შორის არსებული ანტოგონიზმი) და ვერც კი ამჩნევს, რომ არჩეული გზა დღითიდღე აშორებს დანიშნულების პუნქტს?
თუ, ეს ილიას პრაგმატული გათვლაა, აბსტრაქტული ქვეყნის ილუზორულ დიდებას შესწიროს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კეთილდღეობა, პიროვნული თუ პროფესიული განვითარება და სიცოცხლეც, კი?
ღირს კი, იმ საქართველოზე ოცნება, რომელიც ცხადშიც კოშმარს გვაგონებს?
როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ილია როგორც პოლიტიკური მოღვაწე დიდი ხანია მხოლოდ წიგნის თაროებზეა შემორჩენილი. უყურადღებო მკითხველიც კი, უკმაყოფილოდ შემოგვჩივლებს – პირველივე სიტყვიდან გვიმტკიცებდით, რომ „ილიას საქართველოში“ ვცხოვრობთ, ახლა კი გვატყობინებთ, თითქოს ილია მხოლოდ თაროებზე იყოს შემორჩენილი.
‘’ილიას საქართველოში’’ ცხოვრება წილად გვხვდა არა იმიტომ, რომ პოლიტიკური ცხოვრების შემოქმედები ვინმეს იდეალებით ხელმძღვანელობდნენ, არამედ იმიტომ, რომ საკუთრებისა და წარმოების კაპიტალისტურმა მოდელმა, როგორი კეთილშობილიც არ უნდა იყოს თავდაპირველი მიზნები, ჩვენს კულტურულ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ, გეოგრაფიულ ნიადაგზე შესაძლებელია გამოიღოს მხოლოდ ის ნაყოფი, რომელსაც ახლა სიმწრით ვიმკით. ბურჟუაზიული საქართველო ისევეა ილიას საქართველო, როგორც ადამ სმითის და რიკარდოს საქართველო.
პროპაგანდისტული მიზნებისთვის, პოლიტიკოსმა ილიამ ადგილი დაუთმო, მასზე შექმნილ სტერეოტიპს – წმინდა ილია მართალს. ეს უკანასკნელი კი, მისი მიმდევრების ხელში საფრთხობელად გადაიქცა, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ ნებისმიერი საღი აზრი განდევნონ მისაკუთრებული პოლიტიკური საძოვრებიდან.