კრისტოფერ ჰიტჩენსი – უფალი არ სუფევს. როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს

თავი 1. მსუბუქად რომ ვთქვათ

თუ ამ წიგნის რომელიმე მკითხველი, არ დაკმაყოფილდება უბრალო უთანხმოებით ავტორთან და გადაწყვეტს გამოიკვლიოს რა ცოდვებმა მაიძულა კალმის აღება (ჩემი გამოცდილება კი მიჩვენებს, რომ გულმოწყალების და მიმტევებლობის მქადაგებელნი, ხშირად, სწორედ ასე იქცევიან.), ის გამოიწვევს არა მარტო მიუწვდომელ და სრულყოფილ შემოქმედს, რომელმაც სავარაუდოდ, თავადვე შემქმნა ასეთად, არამედ შებღალავს კეთილი და უანგარო რწმენის მქონე ქალბატონის, ჯინ უოტსის ხსოვნას.

9 წლის ასაკში, როდესაც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სკოლა “დარტმურში” დავდიოდი, ჯინ უოტსის მოვალეობა გახლდათ, ვეზიარებინე ბუნების საიდუმლოებებისა და წმინდა წერილისთვის. მას დავყავდით ექსკურსიებზე, ჩემი სამშობლოს განსაკუთრებულ მხარეებში და გვასწავლიდა ფრინველების, ცხოველების და მცენარეების სახელებს. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საოცარი სილამაზე, რომელსაც ბუნება მალავდა: ბუდეში მჭიდროდ ჩაწყობილი ფრინველის კვერცხები; ხელის გაწვდენაზე ამოსული მხსნელი მრავალძარღვა, ფეხების დასუსხვის შემთხვევაში.- ეს ყველაფერი ისევე ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ის “მონადირეთა მუზეუმი”, სადაც ადგილობრივ გლეხებს გამოფენაზე გამოჰქონდათ ნანადირევ ცხოველთა ფიტულები. მარტივად მიხვდებით რის გადმოცემას ვცდილობ, თუ წაგიკითხავთ ჯონ კლერის უკვდავი პროვინციული ლირიკა.

გაკვეთილებზე გვაძლევდნენ ფურცლებს, რელიგიის სწავლებაზე პასუხისმგებელი სამინისტროს ოფიციალური ბეჭდით დამოწმებულს, რომელსაც ერქვა “გამოვიკვლიოთ წმინდა წერილი”. (ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, ის სახელმწიფოს მიერ იყო მხარდაჭერილი.) ფურცელზე ეწერა ნაწყვეტი, ძველი ან ახალი აღთქმიდან. ჩვენ უნდა წაგვეკითხა ის და წერილობით ან ზეპირად გადმოგვეცა თუ რას მოგვითხრობდა ნაწყვეტი და რა იყო მისი მორალი. მე ძალიან მომწონდა ეს დავალება და ხშირად საუკეთესოდ ვასრულებდი. ჩემთვის, ეს აღმოჩნდა შესავალი კრიტიკულ აზროვნებაში. მე ვკითხულობდი ტექსტებს, რომლებიც წინ უძღოდა და მოსდევდა მოცემულ ნაწყვეტს, რათა სწორად გამეგო მისი “აზრი”. ჩემს მოწინააღმდეგეთა სამწუხაროდ, მე ახლაც შემიძლია ამის კეთება და ახლაც განვიცდი პატივისცემას მათ მიმართ, რომელთა სტილსაც ზოგჯერ “მხოლოდ და მხოლოდ” თალმუდისტურად და “ფუნდამენტალისტურად” მოიხსენიებენ. ასეთი სავარჯიშოები სასარგებლოა ინტელექტის და ლიტერატურული გამოცდილების დონის ასამაღლდებლად.

თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, საბრალო მისის უოტსმა გადააჭარბა. ბუნებისმეტყველებისა და წმინდა წერილის მასწავლებლის როლის შეთავსების მცდელობისას, მან თქვა:

“შეხედეთ ბავშვებო, რამდენად დიადი და გულუხვია ღმერთი. მან ყველა ბალახი და ხე მწვანე ფერის შექმნა, რადგან სწორედ მწვანე ფერია ყველაზე სასიამოვნო ჩვენი თვალებისთვის. წარმოიდგინეთ, რა საშინელება იქნებოდა, მცენარეებს წითელი ფერი რომ ჰქონოდათ.”

და აი, წარმოიდგინეთ რა ჩაიდინა ამ ღვთისმოშიშმა ქალმა. მე მომწონდა მისის უოტსი: ის იყო უშვილო, ბავშვების მოყვარული მოხუცი, ცხოვრობდა ბებერ, მოსიყვარულე ავჩარკასთან ერთად, რომელსაც როვერს ეძახდნენ, და გაკვეთილების შემდეგ ხშირად გვეპატიჟებოდა ტკბილეულზე, თავის რკინიგზასთან ახლოს მდგომ სახლში. სატანა-თუ მისის უოტსი მან შეარჩია ჩემი ჭეშმარიტი გზიდან გადასაცდენად- ამ შემთხვევაში ბევრად უფრო შემოქმედებითი იყო, ვიდრე გველი ედემის ბაღიდან. მისის უოტსი არასოდეს უწევდა ხმას და არასოდეს მიმართავდა ხელმძღვანელობას-ზოგიერთი სხვა მასწავლებლისგან განსხვავებით-და საერთოდ, ის ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომლებზეც ჯორჯ ელიოტი წერდა: “თუ თქვენი საქმეები არც ისე ცუდადაა, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს ნაწილობრივ იმ ადამიანთა დამსახურებაა, რომლებმაც ღირსეულად განვლეს თავიანთი უმნიშვნელო ცხოვრება და ახლა მივიწყებულ საფლავებში განისვენებენ.”

ამგვარად, მისის უოტსის სიტყვებმა შემძრა. თითქოს მის მაგივრად მრცხვენოდა. 9 წლის ასაკში, მე არ მქონდა არანაირი წარმოდგენა თეოლოგიურ თვალსაზრისზე ღმერთის შესახებ, დარვინის თეორიაზე ან ფოტოსინთეზსა და ქლოროფილს შორის კავშირზე. გენეტიკის საიდუმლოებანი, ჩემთვის ისევე უცნობი იყო, როგორც ყველასთვის იმ პერიოდში. მაშინ ჯერ კიდევ არ ვაკვირდებოდი ბუნებას, მის ჰარმონიულ ელემენტებს, არ ვფიქრობდი ადამიანის ან საერთოდ სიცოცხლის საწყისზე. მე უბრალოდ ვიცოდი-თითქოს უმაღლეს ავტორიტეტთან მქონოდა წვდომა,-რომ ჩემმა მასწავლებელმა მოახერხა ორი წინადადებით თავდაყირა დაეყენებინა ყველაფერი. მე ვიცოდი, რომ თვალები იყო მორგებული ბუნებას და არა პირიქით.

თავს არ მოგაჩვენებთ, თითქოს ყველაფერი ზედმიწევნით მახსოვს, მაგრამ ამ სიტყვებიდან მალევე, დავიწყე სხვა წინააღმდეგობების შემჩნევა. თუ ღმერთი ყველაფრის შემოქმედია, რატომ ვართ ვალდებულნი გამუდმებით ვემადლიეროთ იმისათვის, რაც მისთვის სირთულეს არ წარმოადგენადა? ეს ძალიან წააგავს მონურ “სიყვარულს”.თუ იესოს შეეძლო განეკურნა ნებისმიერი ბრმა, რომელსაც შეხვდებოდა, რატომ არ ჰკურნავდა ყველას ერთად? რით იყო ასეთი გასაოცარი მის მიერ დემონების განდევნა, თუ ისინი ღორებს ჩაუსახლდნენ? არის ამაში რაღაც ამაზრზენი, შავი მაგიის მსგავსი. რისთვისაა ეს მუდმივი, უშედეგო ლოცვები? რატომ ვარ ვალდებული, გაუთავებლად, საჯაროდ განვაცხადო, რომ უსუსური ცოდვილი ვარ?რატომ არის სექსის თემა ასეთი ტოქსიკური? ეს პირველი, ბავშვური ეჭვები, საკმაოდ გავრცელებულია, დიდწილად იმიტომ რომ არც-ერთი რელიგია არ გვაძლევს მათზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს.

ამავე პერიოდში, სკოლის დირექტორმა-რომელიც ყოველდღიურ ლოცვებს და ღვთისმსახურებას ხელმძღვანელობდა და სადისტი და ფარული ჰომოსექსუალი იყო(თუმცა მას დიდი ხნის წინ ვაპატიე, რადგან სწორედ მან გააღვიძა ჩემში ისტორიისადმი ინტერესი)-დიდაქტიკური განცხადება გააკეთა:”შეიძლება ახლა თქვენთვის გაუგებარია, თუ რაში გვჭირდება მთელი ეს რელიგია,მაგრამ როდესაც თქვენი ახლობლები დაიღუპებიან,მიხვდებით.”

აი აქ მე ისევ ვიგრძენი აღშფოთება ამ წარმოუდგენელი უაზრობის მიმართ. ასეთივე წარმატებით, დირექტორს შეეძლო ეთქვა, რომ რელიგიათა სწავლებები შეიძლება ტყუილია, თუმცა არავის ესაქმება, რადგან ის გვამშვიდებს. რა სიმდაბლეა. მაშინ, ცამეტი წლის ასაკში, ჯერ არაფერი ვიცოდი ფროიდზე(ეს კი დამეხმარებოდა დირექტორის ქმედების ახსნაში), მაგრამ იმ მომენტში, თითქოს ცხადად წარმომიდგა მისი ესე “ერთი ილუზიის მომავალი”.

ამ გაწელილი შესავლით, მინდა დაგარწმუნოთ რომ მე არ ვარ მათი მსგავსი, ვინც “ჯანსაღი რელიგიური რწმენის” შანსი ფსიქოლოგიური ტრავმის ან ძალადობის გამო დაკარგა. მე ვიცი, რომ მილიონობით ადამიანს მოუხდა მსგავსის გადატანა და ვთვლი, რომ რელიგიას შეუძლია და ვალდებულია პასუხი აგოს მიყენებულ ტკივილზე. (სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ცნობილი გახდა თუ როგორ ძალადობდა კათოლიკური ეკლესია ბავშვებზე.)

არსებობს ოთხი ფუნდამენტური უარყოფითი ასპექტი რელიგიისა. პირველი, ის არასწორად აღწერს სამყაროსა და ადამიანის შექმნის პროცესებს. მეორე, საწყისი შეცდომის წყალობით ის ახერხებს ნარცისიზმისა და ფარისევლობის შეთავსებას. მესამე, ის ერთდროულად წარმოადგენს ადამიანის სექსუალობაზე ზეწოლის შედეგსა და მიზეზს. და ბოლოს, მის საფუძველშივე დევს მისწრაფება მიიღოს სასურველი, რეალურად არსებულის ნაცვლად.

ვფიქრობ, ქედმაღლურად არ გამომივა, თუ ვიტყვი რომ ეს ოთხივე ფაქტი ჯერ კიდევ ხმის დაბოხებამდე გავაანალიზე (ასევე შევამჩნიე ერთი უფრო ვულგარული და ნათელი მდგომარეობა:ხელისუფლებაში მოხვედრილი ადამიანები, ყოველთვის ცდილობენ ძალაუფლების გაძლიერებას რელიგიის საშუალებით). დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მილიონობით ადამიანი, ამავე გზით, ამავე დასკვნებამდე მივიდა. მე შევხვედრივარ ამ ადამიანებს, ასობით ქალაქში, ათობით ქვეყანაში. ბევრ მათგანს თავიდანვე არ სწამდა ღმერთის, ბევრმა კი ეს მხოლოდ რთული შინაგანი ბრძოლის შემდეგ შეძლო. ბევრ მათგანს ეს ეჭვები ისევე უეცრად დაატყდა თავს, როგორც მოციქული პავლე მოექცა დამასკოში, თუმცა ეს ნაკლებად ჰგავდა ეპილეფსიას და არ შეიცავდა აპოკალიპტურ აზრებს(საბოლოოდ კი ბევრად უფრო საფუძვლიანი და რაციონალურიც აღმოჩნდა). მთავარა განმასხვავებელი ჩემი და ჩემი თანამოაზრეებისა, არის ის, რომ ჩვენი რწმენა- არ არის რწმენა. ჩვენი პრინციპები- არ არის რელიგია. ჩვენ არ ვეყრდნობით მხოლოდ მეცნიერებასა და გონებას,ეს შეუცვლელი მაგრამ არა საკმარისი პირობებია, თუმცა ეჭვით ვუყურებთ ყველაფერს რაც ეწინააღმდეგება მეცნიერებას ან შეურაცხყოფს გონებას. შესაძლოა ჩვენ ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, თუმცა, გვაერთიანებს პატივისცემა თავისუფალი და მიუკერძოებელი აზროვნების მიმართ. ჩვენ არ ვართ დოგმატურები: აზრთასხვადასხვაობა პროსფესორ სტივენ გოლდსა და პროფესორ რიჩარდ დოკინსს შორის და პოსტ-დარვინისტული თეორიის ხარვეზები შეიძლება საკმაოდ რთული და ღრმაა, მაგრამ ჩვენ მათ ფაქტებითა და ლოგიკით გადავჭრით და არა ფანატიკური დაპირისპირებით. ( ჩემი პირადი პრეტენზიები რიჩარდ დოკინსისა და დენიელ დენეტის მიმართ გამოწვეული მათი გულისამრევი იდეით, რომ ათეისტმა თვითნებურად უნდა მიიკეროს სახელწოდება “ნათელი გონება”.-ასევე ზემოთხსენებული კამათის ნაწილია.) ჩვენთვისაც ნაცნობია “სასწაულების აღქმა”, საიდუმლოებები და “თაყვანისცემა”:ჩვენ გვაქვს მუსიკა, ფერწერა და ლიტერატურა და ვთვლით, რომ შექსპირი, ტოლსტოი, შილერი, დოსტოევსკი, ჯორჯ ელიოტი და სხვანი, ბევრად უფრო კარგად ართმევენ თავს მნიშვნელოვანი მორალური საკითხების გადაწყვეტას, ვიდრე მქადაგებლური მითები წმინდა წიგნებიდან. გონებასა და “სულს” კვებავს ლიტერატურა და არა წმინდა წერილები. ჩვენ არ გვწამს ჯოჯოხეთის ან სამოთხის, თუმცა არცერთი სტატისტიკა არ აჩვენებს, რომ ამ მუქარებისა და დაპირებების გარეშე, ჩავდივართ უფრო მეტ დანაშაულს სიხარბის გამო ან ვახორციელებთ ძალადობის უფრო მეტ აქტს ვიდრე მორწმუნეები. (მეტიც, დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ზუსტი სტატისტიკის შედგენის შემთხვევაში, ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებენ.) ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი სიცოცხლე სასრულია, უკვდავების ერთადერთი გამოვლინება კი ჩვენი შვილებია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები სიცოცხლის სასრულობის გაანალიზების შემდეგ, შესაძლოა უფრო კეთილები გახდნენ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თანასწორი და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია რელიგიის გარეშე. ჩვენ რელიგიის გარეშე ვიცით რა არის კარგი და ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ძალიან ხშირად, რელიგიის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები, არამარტო იქცეოდნენ სხვებზე უარესად, არამედ ჩადიოდნენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ბორდელის მეპატრონეშიც კი უარყოფით ემოციებს გამოიწვევს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ, ურწმუნოებს არ გვჭირდება ჩვენი ურწმუნოების მუდმივი ხაზგასმა. სწორედ ჩვენ გვგულისხმობდა ბლეზ პასკალი, როდესაც მიმართავდა მათ, ვინც აცხადებდა: “მე ისე ვარ მოწყობილი, რომ არ შემიძლია ღმერთის მწამდეს”. სოფელ მონტელში, ინკვიზიციის თარეშის პერიოდში, ერთ-ერთ ბრალდებულს ჰკითხეს თუ ვინ შთააგონა ერეტიკული აზრები ჯოჯოხეთისა და აღდგომის შესახებ. ქალმა სავარაუდოდ იცოდა, რომ ხანგრძლივი და მტანჯველი სიკვდილი ელოდა, თუმცა უპასუხა რომ ეჭვები თავისით გაუჩნდა. (ხშირად გვესმის როგორ ადიდებენ მორწმუნენი თავიანთ თანამოძმეებს სრულიად უბრალო და უაზრო მიზეზებით, თუმცა ამ ქალის მსგავს ნამდვილ მოაზროვნეებზე არასოდეს საუბრობენ. ასეთივე მიზეზებით ჩაქოლილ და ცოცხლად დამწვარ ადამიანთა სახელების ჩამოსათვლელადაც კი, მთელი სიცოცხლე არ კმარა.)

ჩვენ არ გვჭირდება შეკრება ყოელდღე, ყოველ მეშვიდე დღეს, ან რომელიმე ღირშესანიშნავ დღეს ჩვენს სიმართლეზე სალაპარაკოდ ან საკუთარი უღირსი არსებობის მოსანანიებლად. ჩვენ, ათეისტებს, არ გვჭირდება მღვდლები და საეკლესიო იერარქია, რომელიც დოგმების სიწმინდეს დაიცავს. ჩვენთვის ამაზრზენია მშვერპლშეწირვა და სხვა რიტუალები, ისევე როგორც რაიმე საგნისა და გამოსახულების გაღმერთება, თაყვაყვანისცემა (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს საგანი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასასრგებლო ნივთს-წიგნს წარმოადგენს). დედამიწის არცერთი ნაწილი ჩვენთვის არ არის უფრო “წმინდა”, ვიდრე სხვა. მომლოცველთა ჯიუტ პატივმოყვარეობასა და რომელიმე წმინდა კედლის, გამოქვაბულისა თუ ქვის გამო სისხლისღვრას ჩვენ ვუპირისპირებთ აუჩქარებელ, მოუთმენელ ნაბიჯებს ბიბლიოთეკის დარბაზებსა თუ გალერეებში, ან სადილს კარგ მეგობართან- ყოველთვის სილამაზისა და ჭეშმარიტების ძიებაში. რომელიმე გასეირნება წიგნების თაროებსა და ნახატებს შორის თუ, რომელიმე საუბარი სადილისას, აუცილებლად მიგვიყვანს რწმენასა და მორწმუნეებამდე: დაწყებული დიდი კომპოზიტორებით და მხატვრებით, რომელთაც შთაგონება რელიგიურ თემატიკაში იპოვეს, დამთავრებული წმინდა ავგუსტინეთი, თომა აკვინელით, მაიმონდითა და ჯონ ნიუმანით. ამ ძლიერი გონების მქონე ადამიანებს, შეეძლოთ ეწერათ ამაზრზენი და აფსურდული ტექსტები და ყოფილიყვნენ წარმოუდგენლად უმეცარნი, დაავადებების წარმოშობის მიზეზებსა თუ მზის სისტემაში დედამიწის ადგილზე საუბრისას (რომ აღარაფერი ვთქვათ, საერთოდ სამყაროს მოწყობაზე), მაგრამ სწორედ ამ მიზეზით, მათნაირი ხალხი ახლა აღარ არის და არც არასოდეს იქნება. ბოლო სიტყვა, რომელშიც ჯერ კიდევ იყო აზრი, კეთილშობილება და შთაგონება, რელიგიამ დიდი ხნის წინათ წარმოთქვა. უკეთეს შემთხვევაში, მისი ბოლო გამონათება ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ, პატივსაცემ, მაგრამ ბუნდოვან ჰუმანიზმში, ისეთი ადამიანებისა, როგორიც იყო მამაცი ლუთერანი მღვდელი, დიტრიხ ბონჰეფერი, რომელიც ნაცისტებმა მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო მოკლეს. ჩვენ აღარასოდეს ვნახავთ არავის, ძველ წინასწარმეტყველთა და “ბრძენთა” მსგავსს. ჩვენი დღევანდელი კერპები, მხოლოდ ჩავლილი დღეების გამოძახილია, რომელიც ზოგჯერ ყვირილად იქცევა, რწმენის საშინელი სიცარიელის ჩახშობის მცდელობისას.

რელიგიის ზოგიერთი აპოლოგეტი (მაგალითად, პასკალი) თავის მხრივ ბრწყინვალეა. ზოგიერთი მათგანი კი (არ შეიძლება არ გავიხსენოთ კლეივ ლუისი), სასაცილო და მომაბეზრებელი. თუმცა, ორივე მხარეს აერთიენებს აუტანლად მძიმე ტვირთი. როგორი ძალისხმევაა საჭირო, დაუჯერებლის დასასაბუთებლად! აცტეკები ყოველდღე იზიანებდნენ გულ-მკერდის არეს, რადგან მზეს ამოსვლა არ გადაეფიქრებინა. მონოთეისტები ვალდებულნი არიან, კიდევ უფრო ხშირად ევედრონ მოწყალება თავიანთ ღმერთს, ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ყრუა. რა დონის ცუდად შენიღბული და აზრს მოკლებული პატივმოყვარეობაა საჭირო, რომ თავი ღვთიური გეგმის ცენტრად მიიჩნიო? შენი პირადი ღირსების რა ნაწილი უნდა შესწირო მსხვერპლად, რომ მუხლებზე მდგომმა, დაუღლელად, ცოდვების მიტევება ითხოვო? რამდენი უაზრო და უმიზეზო დაშვებაა საჭირო იმისათვის, რომ ყოველი ახალი მეცნიერული აღმოჩენა, ძველი კერპების სწავლებების ან წინასწარმეტყველებების(რომლებიც ადამიანის გამოგონილია) დამადასტურებლად შერაცხო? რამდენი წმინდანი, რამდენი სასწაული, ტაძარი და საიდუმლო კრებაა საჭირო იმისათვის, რომ რომელიღაც დოგმა ჯერ ჭეშმარიტებად გამოაცხადო, -ტანჯვის, წამების, უზარმაზარი დანაკარგის და სისასტიკის შემდეგ კი-ისევ უარყო? ღმერთს არ შეუქმნია ადამიანი თავის ხატად და მსგავსად. ყველაფერი სწორედ რომ პირიქით იყო. სწორედ ამან გამოიწვია რელიგიებისა და ღმერთების ასეთი სიმრავლე(თავისთავად, კონფესიათაშორისი ხოცვა-ჟლეტაც), რამაც ასე შეაფერხა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება.

დანაშაულები რელიგიურ ნიადაგზე, ხდებოდა და ხდება, არა იმიტომ, რომ ცოდვილნი ან დაწყევლილნი ვართ არამედ იმიტომ, რომ ჩვენი სახეობა, თავისი ბიოლოგიური ბუნებით, მხოლოდ ნაწილობრივაა რაციონალური. ევოლუციამ ჩვენი შუბლისწინა ნაწილი ზედმეტად პატარა, ხოლო თირკმელზედა ჯირკვლები ზედმეტად დიდი დატოვა; ჩვენი რეპროდუქტიული ორგანოები, როგორც ჩანს, სპეციალურმა კომისიამ შექმნა. ასეთმა “ფეთქებადმა ნივთიერებამ”, ცალკე აღებულმა, ან სხვა ინგრედიენტებთან ერთად, არ შეიძლება არ გამოიწვიოს უბედურება და დარღვევები. და მაინც, განსხვავება მორწმუნეთა გულმოდგინებასა და ისეთი ადამიანების დაუღალავ შრომაში, როგორებიც არიან დარვინი, ჰოკინგი და კრიკი, უზარმაზარია. ამ ადამიანების ცრურწმენები ან ვარაუდებიც კი, უფრო ბევრ რამეს ჰფენენ ნათელს, ვიდრე ნებისმიერი მორწმუნე, რომელიც თავისი ცრუ მოკრძალებულობით ცდილობს დაამტკიცოს წრეწირის კვადრატულობა და ამ გზით, შემოქმედის უბრალო ქმნილებებს, ამავე შემოქმედის მიზნები თუ ჩანაფიქრები აუხსნას. ჩვენ- ჰუმანისტებს, ათეისტებს, აგნოსტიკებს- შეიძლება გვაქვს ესთეტიური წინააღმდეგობის გრძნობა,მაგრამ სულაც არ გვსურს რომ ადამიანებს წავართვათ “ჯადოქრობით”, “სასწაულებით” მინიჭებული სიმშვიდე. არავითარ შემთხვევაში. გამონახეთ რამოდენიმე წუთი, ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ გადაღებული ფოტოებისათვის და თქვენ იხილავთ ბევრად უფრო გრანდიოზულ, იდუმალ და მშვენიერ–ასევე უფრო ქაოტურ და საშიშ–მოვლენებს, ვიდრე შეუძლია მოგითხროთ ნებისმიერ მითს სამყაროს შექმნასა თუ აღსასრულზე. წაიკითხეთ, რას წერს ჰოკინგი “მოვლენათა ჰორიზონტზე” ან “შავ ხვრელებზე”- რომელშიც, თეორიულად შეიძლება “ჩაყვინთო” და თვალწინ დაგიდგეს წარსული და მომავალი, და ამის შემდეგ ნაკლებად შეძლებს თქვენს გაოცებას მოსე, თავისი “ცეცხლმოდებული ბუჩქით”. დატკბით დეენემის მოლეკულის ორმაგი სპირალის სილამაზითა და სიმეტრიულობით, შეუკვეთეთ თქვენი გენეტიკური კოდის სრული გამოკვლევა, და თქვენ დაგამუნჯებთ თქვენი შემადგენელი ნაწილების თითქმის უკამათო სრულყოფილება. ამავე დროს, თქვენ გაიგებთ (და იმედია გესიამოვნებათ) თუ რამდენი საერთო გაქვთ ადამიანთა სხვა ტომებთან(“რასის” ადგილი იმავე ნაგვის ყუთშია, რომელშიც მითისა “შემოქმედზე”). ალბათ დაგაინტერესებთ იმის გაგებაც, თუ რამდენი საერთო გაქვთ სხვა ცხოველებთან. ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეძლებთ, მშვიდად ჩახედოთ თვალებში თქვენს “შემოქმედს”, რომელიც, როგორც ჩანს, არა პიროვნება, არამედ მუტაციის პროცესია, რომლის დროსაც ბევრად უფრო მეტი რამეა დამოკიდებული შემთხვევითობაზე, ვიდრე ეს ჩვენს თავმოყვარეობას უნდა. ყველა ეს საიდუმლო და “სასწაული”, ნებისმიერ ძუძუმწოვარს ეყოფა მისტიურობის განცდის სურვილის დასაკმაყოფილებლად. განათლებული ადამიანი თანამედროვე სამყაროში, უნდა მიხვდეს, რომ რაც უფრო მეტი იცის, მით უფრო მეტი აქვს გასაგები.

რელიგიის მიერ მოტანილ სიმშვიდესა და იმედზე (რადგან რელიგიის მიმდევრები ასე თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ რწმენას ამ თითქოსდა ამ აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლია), ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მოჩვენებითი იმედით მოვაჭრენი- მოჩვენებითი მეგობრები არიან. რელიგიის კრიტიკოსები არა მხოლოდ უარყოფენ რწმენის მიერ ტკივილის გაყუჩების ფაქტს, არამედ გამოდიან პლაცებოს ეფექტისა და “შეფერილი წყლის” წინააღმდეგ. ალბათ ჩვენს დროში, ყველაზე ცნობილი და ნათელი შემთხვევა, ციტატის ბოროტად გამოყენებისა – არის მტკიცება, რომ მარქსი რელიგიას მსუბუქად, მხოლოდ “ხალხის ოპიუმად მოიხსენიებდა. რეალურად, რაბინების ხაზის გამგრძელებელს მშვენივრად ესმოდა რელიგიური რწმენის ძალა და “ჰეგელის სამართლის ფილოსოფიის კრიტიკაში” შემდეგს წერდა:

“რელიგიური სიღატაკე ერთსა და იმავე დროს არის გამოხატულება ნამდვილი სიღატაკისა და პროტესტი ნამდვილი სიღატაკის წინააღმდეგ. რელიგია არის ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გულია, ისე როგორც იგი არის სული უსულო მდგომარეობათა. იგი ოპიუმია ხალხისა.

გაუქმება რელიგიისა, როგორც ილუზორული ბედნიერებისა, ამ ხალხის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა, მოთხოვნა თავის მდგომარეობის შესახებ არესბულ ილუზიებზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს. რელიგიის კრიტიკა, მაშასადამე, ჩანასახში კრიტიკაა გლოვის ველისა, რომლის წმინდა შარავანდედი რელიგიაა.

კრიტიკამ ბორკილებს წარმოსახვითი ყვავილების იმისთვის კი არ ჩამოაგლიჯა, რომ ადამიანმა უფანტაზიო, უნუგეშო ბორკილები ატაროს, არამედ იმისთვის, რომ მან ბორკილები მოიხსნას და ცოცხალი ყვავილი მოსწყვიტოს. “

როგორც ხედავთ, აქ საქმე გვაქვს რელიგიის წინააღმდეგ ფილოსოფიური არგუმენტის დამახინჯების საკმაოდ უხეშ მცდელობასთან. მათ, ვინც დღემდე სჯეროდა მღვდლების, იმამებისა თუ რაბინების მონათხრობისა, იმაზე თუ რას ფიქრობენ ურწმუნოები, ჩემს წიგნში კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. შეიძლება მათ ისწავლონ ეჭვის შეტანა იმაში, რასაც ეუბნებიან- ისწავლონ, რომ ყველაფერი რასაც მოისმენენ, არ უნდა “ირწმუნონ”. რეალურად, სწორედ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის გზა.

უნდა ვაღიაროთ, რომ მარქსი და ფროიდი, არ იყვნენ არც ექიმები, არც ზუსტი მეცნიერებების წარმომადგენლები. უკეთესია ისინი მივიღოთ როგორც დიდი, მდიდარი წარმოსახვის მქონე, თუმცა ხშირად მაინც გზააბნეული ესეისტები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა სამყაროს ზოგადი სურათი იცვლება, მე არ მრცხვენია ჩემი ადრინდელი მცდარი პოზიციების კრიტიკის. მე ვიაზრებ იმას, რომ ზოგიერთი წინააღმდეგობა, დარჩება წინააღმდეგობად, ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნება იმ ძუძუმწოვრის ტვინისათვის, რომელსაც ადამიანს ვეძახით, ხოლო ზოგიერთი რამ, უბრალოდ შეუცნობელი და გაუგებარია. მაგალითად, სამყაროს სასრულობაც და უსასრულობაც(თუ ოდესმე რომელიმე მათგანს დაამტკიცებენ), ჩემთვის ერთნაირად წარმოუდგენელია. მე შევხვედრივარ ბევრ ადამიანს, ჩემზე ჭკვიანსა და ბრძენს, თუმცა არცერთი მათგანის სიბრძნე და ჭკუა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ საკითხთან დაკავშირებით.

ამგვარად, ყველაზე ზომიერი და ამავდროულად, ყველაზე რადიკალური არგუმენტი რელიგიის წინააღმდეგ: რელიგია- ადამიანის ქმნილებაა. მისმა შემოქმედებმა ვერ შეძლეს შეთანხმებულიყვნენ იმაზეც კი, თუ რა თქვეს რეალურად მათმა მხსნელებმა, წინასწარმეტყველებმა და გურუებმა. ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი რომ ისინი აგვიხსნიან, ბოლო დროის აღმოჩენების რეალურ “მნიშვნელობას”, რომელთაც დასაწყისში, თავად ამუხრუჭებდნენ, ან წყევლიდნენ. თუმცა, მოუსმინეთ თანამედროვე მორწმუნეებს: მათ ძველებურად იციან! თანაც, იციან ყველაფერი. არა მხოლოდ იციან, რომ ღმერთი არსებობს, მან შექმნა და აკონტროლებს სამყაროს, არამედ აქვთ ზუსტი ინფორმაცია იმაზე, თუ რა უნდა “მას” ჩვენგან, ჩვენი რაციონის, რიტუალებისა და სექსზე შეხედულებების ჩათვლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ უსაზღვრო და გაუგებარ დისკუსიაში, რომლის წყალობითაც, ჩვენ ვიგებთ უფრო და უფრო მეტს და თან ვხვდებით, თუ რა ცოტა ვიცით, არსებობს მხარე, რომელიც თავად შედგება დაპირისპირებული ჯგუფებისგან, მაგრამ ყოფნის თავხედობა იმის სათქმელად, რომ ყველა აუცილებელი ინფორმაცია ჩვენ უკვე გვაქვს. კლინიკური სიბრიყვის ერთი ასეთი კომბინაციაც კი საკმარისია იმისათვის, რომ “რწმენაზე” საერთოდ აღარ ვისაუბროთ. ის ადამიანი, ვინც აცხადებს რომ უდავო ჭეშმარიტებას ფლობს, და ამ ჭეშმარიტებას ღვთიური საფუძვლით ამაგრებს, ჰომო საპიენსის ბავშვური დაავადებითაა შეპყრობილი. ბავშვობასთან გამოთხოვების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს, თუმცა ის უკვე დაიწყო, და მისი გაჭიანურება ისევე არ ღირს, როგორც საერთოდ, გამომშვიდობების პროცესისა.

ერთი შეხედვით, რთულია მიხვდეთ რომ ჩემი შეხედულებები რელიგიის მიმართ ასეთია. ჩემს მორწმუნე მეგობრებთან ერთად მებევრად უფრო ხშირად ვმჯდარვარ გვიანობამდე, ვიდრე ნებისმიერ სხვასთან. (ეს მეგობრები ხშირად “მაძიებელ ადამიანს” მეძახიან, რაც, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. თუ მე რაიმეს “ვეძებ”, იმას ნამდვილად არა, რასაც ისინი ფიქრობენ.) დევონში რომ დავბრუნდე, სადაც მისის უოტსი მივიწყებულ საფლავში განისვენებს, ალბათ აუცილებლად ჩამოვჯდებოდი რომელიმე კელტური ან საქსონური ეკლესიის კუთხეში და ფიქრებს მივეცემოდი.( ფილიპ ლარკინის ლექსი “ეკლესიაში” მშვენივრად გადმოსცემს ჩემს გრძნობებს.) ერთხელ, როდესაც ჯორჯ ორუელზე ვწერდი წიგნს,- ადამიანზე, რომელიც აუცილებლად იქნებოდა ჩემი გმირი, გმირები რომ მყავდეს- მე გამაღიზიანა იმ უხეშობამ, რომლითაც ის 1936 წელს, კატალონიაში ეკლესიის დაწვის შესახებ საუბრობდა. დიდი ხნით ადრე, მონოთეიზმის აღზევებამდე, სოფოკლემ აჩვენა, რომ ანტაგონეს ზიზღი მკრეხელებისადმი- ადამიანობის მაჩვენებელია. დაე მართლმორწმუნეებმა თავად დაწვან ერთმანეთის ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები, ამის სურვილი მათ სულ ექნებათ. მე კი, ფეხზე ვიხდი, როდესაც მეჩეთში შევდივარ. მე ვიფარებ ქუდს, როდესაც სინაგოგაში შევდივარ. ერთხელ, ინდოეთში, ასღამის წესები დავიცავი, თუმცა ეს ჩემთვის გამოცდას წარმოადგენდა. მშობლები არ მაიძულებდნენ რომელიმე რელიგიის მიმდევარი გავმხდარიყავი. ალბათ გამიმართლა, რომ მამაჩემს არც ისე თბილი მოგონებები ჰქონდა თავის ბაპტისტურ/კალვინისტურ აღზრდაზე, დედამ კი თავის იუდეისტურ მემკვიდრეობას, ასიმილაცია არჩია. ჩემი ნაცნობობა ყველა სახის ადამიანურ რწმენასთან, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ყველგან და ყოველთვის, ურწმუნოდ დავრჩე. თუმცა მაინც, ჩემი ათეიზმი, პროტესტანტულია. ჩემი პირველი უთანხმოება რელიგიასთან, იყო უთანხმოება მეფე იაკობის ბიბლიისა და კრანმერის ლოცვების წიგნის(რომელზეც, სიბრიყვის შემოტევისას, თანამედროვე ანგლიკანურმა ეკლესიამ უარი თქვა) ლექსებთან ღვთისმსახურებისთვის. მამაჩემი დაკრძალულია პორტსმუტის მსგავს სამლოცველოში, რომელშიც 1944 წელს, ნორმანდიაში ოპერაციის დაწყების მიჯნაზე, გენერალი ეიზენჰაუერი გამარჯვებისათვის ლოცულობდა. დაკრძალვის დღეს სიტყვით გამოვედი სამლოცველოს კათედრიდან. წასაკითხად ავირჩიე ნაწყვეტი, პავლე მოციქულის წერილიდან ფილიპეელთა მიმართ(თავი 4, მუხლი 8):

“ბოლოს, ძმებო, რაც ჭეშმარიტია, რაც სამართლიანია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.”

ეს ნაწილი იმ შეფარული, თავის მომაბეზრებელი მიკიბულ-მოკიბულობისთვის ავარჩიე, რომელიც ალბათ ბოლო საათამდე ჩემთან იქნება. და იმიტომაც, რომ ის შეძლებისდაგვარად გამოყოფილია წყევლის, მუქარებისა და აბსურდების საერთო ფონიდან.

კამათი რელიგიაზე- დასაწყისია კამათისა ფილოსოფიაზე, მეცნიერებაზე, ისტორიაზე და ადამიანური ბუნების შეცნობაზე.

მასშია დასაწყისი(მაგრამ არა დასასრული) მთელი პოლემიკისა სიკეთესა და სამართლიანობაზე. რელიგია ჯერ კიდევ მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ჩვენი ევოლუცია გრძელდება. ის არ მოკვდება, სანამ ჩვენ შეგვეშინდება სიკვდილის, სიბნელისა და ერთმანეთის. ამიტომაც, მე არ ავკრძალავდი რელიგიას, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს. რა სულგრძელობაა, იტყვით თქვენ. მაგრამ დაფიქრდით: იქნებიან კი მართლმორწმუნენი ასეთივე სულგრძელები ჩემს მიმართ? ამ კითხვას ვსვამ იმიტომ, რომ ჩემსა და ჩემს მორწმუნე მეგობრებს შორის არსებობს ერთი ფუნდამენტური განსხვავება, და ნამდვილი მეგობრები აღიარებენ ამას. მე შემიძლია წავიდე მათი შვილების ნათლობაზე(bar mitzvah- რიტუალზე), აღვფრთოვანდე მათი გოთიკური ტაძრებით, “პატივი ვცე” მათ რწმენას, რომ ყურანი, მხოლოდ არაბულ ენაზე, წერა-კითხვის არ მცოდნე ვაჭარს უკარნახეს. ან დავინტერესდე ინდუისტებითა თუ ჯაინებით. მეტიც, ამას მე გავაკეთებ საპასუხო პატივისცემის მოთხოვნის გარეშეც კი, რომ ცხოვრებაში ხელი არ შემიშალონ. სამწუხაროდ, რელიგიას არ შეუძლია იყოს ასეთი თავაზიანი. მანამ, სანამ მე ამ სიტყვებს ვწერ, მანამ, სანამ თქვენ მათ კითხულობთ, მართლმორწმუნეები ამუშავებენ ახალ მეთოდებს, რომლითაც შეიძლება გამანადგურონ მეც, თქვენც და გაანადგურონ მძიმე შრომით მიღწეული ადამიანური ცივილიზაციები, რომელზეც აქ ვსაუბრობდი. რელიგია წამლავს ყველაფერს, რასაც ეხება.

მთარგმნელი: ვლადიმერ ხურციძე