ნიცშეს მორალის გენეალოგია – ედუარდ კრეიგი

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

1844 წლის დღევანდელ დღეს, 14 ოქტომბერს დაიბადა გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე. ამ დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ გამომცემლობა სულაკაურის მიერ ქართულად თარგმნილი წიგნის, “ფილოსოფია: ძალიან მოკლე შესავალი”, დასკანერებულ ფრაგმენტს ნიცშეს მორალის გენეალოგიაზე. წიგნი დაწერილია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემათა სერიის “ძალიან მოკლე შესავალი”-ს ფარგლებში და რომლის “ანარქიზმიც” ჩვენ უკვე გამოვეცით ქართულად. წინამდებარე ტექსტში კრისტალიზებულია ნიცშეს აზრი ქრისტიანულ (და არა მარტო!) რელიგიაზე, მის მორალზე, და მორალის გენეალოგიაზე. ნამდვილად საინტერესო თეორიაა და გამოსადეგიც სოციალურ ფსიქოლოგიაში, აგრეთვე ეს თეორია ძალიან აქტუალურია “ტრენდული რელიგიებისა” და დღევანდელი ცივი ტექნოკრატიის ფონზე რეაქციულად აღმოცენებადი ათასი ჯურის გურუების გასაკრიტიკებლადაც, რომლებიც სრულ სიბეცეებს ქადაგებენ და არც მრევლის სიმცირეს უჩივიან. აიღეთ გია ეძგვერაძე მაგალითად. სხვათაშორის მისი ერთი ტექსტი ანარქისტულ ბიბლიოთეკაზეც დევს. თუმცა ანარქისტები იდეებს მივყვებით და არა ავტორიტეტებს! 

მიუხედვად იმისა რომ ნიცშე ანარქისტების მიმართ კრიტიკული იყო და თავის მხრივ ანარქისტებიც აკრიტიკებდნენ მას, მათ მაინც ბევრი რამ აქვთ საერთო: ბაზრისა და სახელმწიფოს სიძულვილი, აგრეთვე ისეთი ადამიანის რწმენის, რომელიც “არც არავის ემონება და არც ბატონობს არავის”.

მაგრამ მორალის წარმოშობაზე ანარქისტებს განსხვავებული შეხედულება აქვთ. ყოველშემთხვევაში კროპოტკინის “ეთიკაში” განვითარებული პოსტულატები მორალს არ განიხილავს, როგორც მხოლოდ სოციალურ კონსტრუქციას და ის გადადის ბიოლოგიური ევოლუციის სფეროში. უფრო თანმიმდევრულობისთვის დავიწყოთ ქრისტიანობის მოკლე მიმოხილვით.

ჩვენ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს რომის პირველ საუკუნეებზე და მითუმეტეს ქრისტეს ცხოვრებაზე. როგორც ვიცით რომი იყო იმპერია, და ფრაზა “ყველა გზა რომისკენ მიდის” აღწერდა მის ექსპლუატაციურ და ცენტრალიზებულ ბუნებას, რითაც ის დაპყრობილ პროვინციებს აწვებოდა უღელად და მთელი რესურსი და სიმდიდრე ცენტრისკენ მიდიოდა ანუ რომში იყრიდა თავს. რელიგია რომაულ სამყაროში დაყოფილი იყო ორ ნაწილად, ერთი იყო საჯარო, ოფიციალური კულტი, რომელიც სამოქალაქო აქტივიზმს მოიცავდა, ხოლო მეორე იყო საიდუმლო, ან პირადი კულტი, რომელსაც ინდივიდი სცემდა თაყვანს. რომი თავისი იმპერიის გაფართოებასთან ერთად აგრძელებდა საჯარო რიტუალების გავრცელებას მოქალაქეების დისციპლინირებისათვის. მეორეს მხრივ პოლითეიზმი (მრავალღმერთიანობა) მას აძლევდა საშუალებას დაპყრობილი ხალხის ღმერთების ინტეგრაციისა (შემოერთებისა) და ხალხის ასიმილაციისთვის (ათქვეფისათვის). როცა იმპერატორმა ადრიანემ ააგო “მრავალი ღმერთის პანთეონი” მეორე საუკუნის დასაწყისში, შენობის მიძღვნა ყველა ღმერთისთვის მიუთითებდა რომის ამბიციას, რომ მიენიჭებინა კოსმოსური წესრიგი ღმერთებისთვის, ისე როგორც ახალი და უცხო საზოგადოებები მოეყვანა რომის იმპერიის პოლიტიკურ წესრიგში. რომის ავტორიტეტი დედამიწაზე წარმოადგენდა ღვთიური კოსმოსის ანარეკლს დედამიწაზე.

ქრისტიანობა, რომელიც ხაზს უსვამდა მონათვლას, როგორც მისტიკურ გარდასახვას და აღიარებდა ხსნასა და იმქვეყნიურ ცხოვრებას, ახლოს იყო ზემოთქმულ სხვა პერსონალურ კულტებთან, მაგრამ მისგან განსხვავებით ქრისტიანობა უარყოფდა საჯარო კულტების თაყვანისცემას, ამიტომ მონოთეიზმის (ერთღმერთიანობის) გამო ის გახდა დევნის ობიექტი და ხოლო ქრისტიანები მიჩნეულ იქნენ როგორც ანტისოციალური პირები.

ბიბლიური იესო, ოთხთავის მიხედვით (ახალი აღთქმა) იყო ებრაელი ხუროს (დურგალი) შვილი და ღატაკთა ქომაგი. ის აჯანყდა რომის ოკუპაციური ხელისუფლების წინააღმდეგ იმ დროინდელ პალესტინაში. შემდგომ ის იქნა ჯვარცმული სოციალური წესრიგის დარღვევისა და აგრეთვე რომის ავტორიტეტისა და ადგილობრივი ებრაელი მმართველების გამოწვევისათვის. რომაელებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს ჯვარცმით, რაც იმ დროს ტიპიური დასჯის მეთოდი იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი კრიმინალისათვის (დანაშაულისათვის).

შემდგომ როგორც მისი მიმდევრები ირწმუნებოდნენ, დასაფლავებიდან მესამე დღეს იესო მკვდრეთით აღსდგა და მოგვიანებით ამაღლდა ცაში. მისმა პირველმა მიმდევრებმა, ცნობილები როგორც მოციქულები, დაიწყეს მოგზაურობა და ქრისტეს ქადაგების გავრცელება. მისი ცხოვრება აღწერილია მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებებში, რომლებიც არის ახალი აღთქმის ნაწილი.

“ქრისტე” ნიშნავს მესიას – მხსნელს. ქრისტეს მესიჯი იყო მარტივი და უნივერსალური – თანასწორობა. ამიტომ ქრისტიანობა გახდა პოპულარული ჩაგრულებს შორის და სწრაფად გავრცელდა რომის იმპერიის მაშტაბით, თუმცა პირველ ქრისტიანთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ ცნობილი „სასწაულის“ შემდეგ იწამა და ნება დართო ღვთისმსახურებისა. ეს ფაქტი, რომ 400 წლის მერე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა ნიშნავს, რომ ის უკვე არ იყო იმ პირველი იდეალების მატარებელი და მისგან მხოლოდ ფიტული იყო დარჩენილი. შინაარსისგან დაცლა და ინტეგრაცია დომინაციის ერთ-ერთი ტექნიკაა, მაგრამ ამაზე ვრცლად სხვა დროს. ალბერ კამიუს პატარა ფრაზით შეგვიძლია შევაფასოთ ეს ფაქტი: “როცა რელიგია ერთიანდება პოლიტიკასთან, იბადება ინკვიზიცია.”

თანასწორობას და ურთიერთდახმარებას, რა გამოცდილებაც პირველ ქრისტიანებში ძალიან მაღალი იყო, გაცილებით ღრმად აქვს ფესვები გადგმული, ვიდრე ნიცშეს თეორია წვდება. ეს ძირი ადამიანთა სახეობასაც ცდება და ის დაკვირვებადია ბაქტერიებიდან დაწყებული ცხოველთა სამეფოთი დამთავრებული. პირველი ქრისტიანები ძალიან სოლიდარულები და ენთუზიასტები იყვნენ. ისინი შრომობდნენ და ერთმანეთს უნაწილებდნენ. ფრაგმენტი პავლეს ეპისტოლედან კორინთელთა მიმართ, თავი მერვე: 12. როცა არის გულმოდგინება, შეწირულობა მიიღება იმის მიხედვით, ვის რა აქვს, და არა იმისა, რაც არა აქვს. 13. ისე ნუკი იქნება, რომ სხვებს ლხინი, ხოლო თქვენ – ჭირი, არამედ თანასწორობით იყოს. 14. ამჟამად თქვენმა ნამეტმა შეავსოს მათი ნაკლულება, შემდეგ კი თქვენი ნაკლულება შეივსოს მათი ნამეტით, რათა არ დაირღვეს თანასწორობა. 15. რადგანაც დაწერილია: „ვინც ბევრი შეაგროვა, არ მოსჭარბდა, და ვინც ცოტა, არ დააკლდა“. ამრიგად შეგვიძლია მოვიშველიოთ ბიოლოგია, რომელმაც აჩვენა რომ კოოპერაციას გააჩნია ძალიან დიდი როლი ევოლუციის პროცესში.

“ურთიერთდახმარება – სამართლიანობა – მორალი – ასეთია თანმიმდევრობა ნაბიჯებისა აღმასვლისკენ, გამოვლენილი ცხოველთა სამყაროსა და კაცობრიობის ისტორიის შესწავლით. ეს წარმოადგენს ორგანულ აუცილებლობას, რომელიც თავისთავად ახორციელებს თავის დასაბუთებას, რაც დადასტურებადია ცხოველთა ევოლუციით, დაწყებული მისი ადრეული ეტაპებით (მარტივი ორგანიზმების მიერ კოლონიების წარმოქმნით) და ადამიანთა ცივილიზაციით დამთავრებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ბიოლოგიური ევოლუციის უნივერსალური კანონი და სწორედ ამიტომ, ურთიერთდახმარების, სამართლიანობისა და მორალის გრძნობა ღრმადაა ჩანერგილი ადამიანში, თავისი თანშობილი ინსტინქტების სახით. საკვების, თავშესაფრისა და ძილის მოთხოვნილების მსგავსად, ეს სამი ინსტინქტი წარმოადგენს თვითშენარჩუნების ინსტინქტებს. რათქმაუნდა, ისინი ზოგჯერ შეიძლება გარკვეულ გარემოებათა გამო შესუსტდეს, და ჩვენ ვიცით ბევრი შემთხვევა, როცა ამ ინსტინქტების დაკნინება, ამა თუ იმ ცხოველთა ჯგუფის ან ადამიანის საზოგადოებაში, იწვევს მათ გადაგვარებას გადარჩენისათვის ბრძოლაში. და თუ ეს ჯგუფი არ დაუბრუნდება გადარჩენისთვის საჭირო უნარებს, ე.ი. ურთიერთდახმარებას, სამართლიანობასა და მორალს – მაშინ ჯგუფი, ან სახეობა გადაშენდება. ვინაიდან არ იქნა შესრულებული ევოლუციის აუცილებელი პირობა პროგრესული განვითარებისაკენ – ის განწირულია დაცემისა და გაქრობისათვის.” – პეტრე კროპოტკინი.