ემა გოლდმანი – დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია

როდესაც არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტები არაადეკვატურია საზოგადოების მოთხოვნებისა, როდესაც ისინი ემსახურებიან კაცობრიობის ჩაგვრას, დამონებას და ძარცვას, ხალხს აქვს უფლება, აჯანყდეს და თავიდან მოიშოროს მტერი.

სამწუხაროა, რომ ეს მტრები, რომლებიც ებრძვიან სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნიერებას – ლეგალიზებულია, კანონიერად მიიჩნევა და ზურგგამაგრებულია პოლიტიკური ძალაუფლებით. თუმცა, ეს მაინც არაა მათი არსებობის გამამართლებელი საბუთი.

ჩვენთვის ერთი რამაა ცხადი: ყოველი ადამიანი – კანის ფერის, სქესის და ეროვნების მიუხედავად – თანასწორი უნდა იყოს და ერთად უნდა ისარგებლონ დედამიწის სიკეთეებით. იმისთვის, რომ აღნიშნული პრინციპი მოქმედებდეს, საჭიროა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თავისუფლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს არსებობის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა მდიდრებისთვის პრივილეგიების შენარჩუნების ინსტრუმენტი. ის ებრძვის ადამიანებს და ართმევს მათ როგორც ქონებას, ასევე თავისუფლებასა და ღირსებას.

ამერიკელი კაპიტალისტების ისტორია არის დანაშაულის, უსამართლობის, ჩაგვრის, ძალადობის ისტორია. კაპიტალის მეფეები ინდივიდუალური თავისუფლების ხელყოფის და ხალხის ექსპლუატაციის გარდა არაფერს აკეთებდნენ.

უზარმაზარი ტერიტორია, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მთელი მოსახლეობის კეთილდღეობა, ჩავარდნილია რამდენიმე ადამიანის ხელში, რომელთა შორისაც შეხვდებით დაუნდობელ ექსპლუატატორებს, უმოწყალო კანონთა შემდგენლებს და კორუმპირებულ პოლიტიკოსებს. ამერიკის საბრალო შვილები იძულებულნი არიან ქუჩა-ქუჩა იხეტიალონ პურის მოსაპოვებლად, ქალიშვილები ქუჩაში გაუშვან, ათასობით ბავშვი კი ყოველდღიურად ეწირება მამონს მსხვერპლად. მმართველების ხელში კაცობრიობას მონობის,სიღარიბის და უბედურების მეტი არაფერი უნახავს, თუ არ ჩავთვლით კრიმინალს და კორუფციას. ისინი ბორკილებს ადებენ თავისუფლებას, აჩუმებენ სიმართლეს, ჩაგრავენ და ამცირებენ ადამიანს. ისინი დაკავებულნი არიან ომებით და ხოცვა-ჟლეტით, ქვეყნის ნგრევით და ადამიანთა ღირსების განადგურებით. ისინი თესავენ ცრურწმენებს, უვიცობას, შუღლს და ადამიანთა საძმოს ისმაილიტელთა ბანაკად აქცევენ.

ჩვენ, თავისუფლების მოყვარულნი, ვაცნობიერებთ, რამხელა უსამართლობას იწვევს სახელმწიფოს არსებობა, და ვაცხადებთ, რომ ყოველი ინდივიდი უფლებამოსილია, ჰქონდეს ინდივიდუალური თავისუფლება და ასევე, სრულად მიიღოს თავისი შრომის პროდუქტი.

ადამიანი არაა ვალდებული, გამოიჩინოს შემწყნარებლობა ავტორიტარებისა და კაპიტალისტების მიმართ. მას აქვს უფლება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მიიღოს მიწა და საწარმოო საშუალებები, ასევე, იყოს თავისუფალი ვიღაცების ბორკილებისგან. ყოველ ადამიანს აქვს კითხვის ნიშნის ქვეშ დაუყენებელი უფლება, თავისუფლად დაამყაროს ურთიერთობა ნებისმიერ სხვა ადამიანთან, თანასწორობის პრინციპის დაურღვევლად. ამის მისაღწევად ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ კერძო საკუთრებისგან, ვიღაცების მიერ შექმნილი კანონებისგან, ეკლესიისა და საზოგადოებრივი აზრის შიშისგან, სულელური ნაციონალისტური, რასობრივი, სექსუალური ცრურწმენებისგან და ცხოვრების ვიწრო, პურიტანული კონცეფციის გავლენისგან. ამ დეკლარაციის გარშემო ვერთიანდებით თავისუფლებაზე შეყვარებულნი -ჩვენ მტკიცედ გვწამს ადამიანთა სოციალური და ინდივიდუალური ტენდენციების და ჩვენი მიზნისთვის ბრძოლაში დაუნანებლად ვდებთ ჩვენ მთელ შემართებას, ენერგიას, ცოდნას და სიცოცხლეს.