„მე მიყვარს ყველა ადამიანი, როგორც კაცობრიობა იმისათვის თუ რანი უნდა იყვნენ და მძულს ისინი იმისთვის თუ რანი არიან“
ემილი ჰენრი
შესავალი
წარმოუდგენელია XXI საუკუნე სმარტფონების და ინტერნეტის გარეშე, თუმცა ასევე წარმოუდგენელია თანამედროვე სამყარო საერთაშორისო ტერორიზმის გარეშე. არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც ტერორიზმის საფრთხე არ აწუხებს. 1980-იანი წლებიდან მსოფლიოში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ამ სტატისტიკას ორგანიზაცია “მსოფლიო ტერორიზმის მონაცემთა ბაზა” 1970 წლიდან აწარმოებს. მონაცემები შემაძრწუნებელია, ამას ემატება ახლი ტექნოლოგიების და ინფორმაციის გავრცელების სიჩქარის განვითარება, რაც საზოგადოებაში გლობალური მაშტაბით პანიკას იწვევს. დასავლური სახელმწიფოები იძულებულნი არიან მიიღონ, როგორც კონტრ-ტერორისტული ზომები, ასევე გასწიონ ექსტრემიზმის მასაზრდოებელი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების აღმომფხვრელი სამუშაოები. ექსპერტების აზრით, „გლობალიზაცია ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს სახელმწიფოებს იმისათვის, რომ იმოქმედონ კოლექტიურად ტერორისტული და ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ, თუმცა ძალიან რთული გახდა ამ ჯგუფების სიმძიმის ცენტრის აღმოჩენა“. ტერორისტული აქტები ხშირ შემთხვევაში ხორციელდება ინდივიდების მიერ, რომლებიც უთანაგრძნობენ და/ან თავს მიაკუთვნებენ ამა თუ იმ ტერორისტულ ან ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. თანამედროვე მსოფლიოში „საერთაშორისო ტერორიზმის“ ყველაზე გავრცელებული ფორმა რადიკალური ისლამისტური ტერორიზმია. რიგითი მოქალაქისთვის საერთაშორისო ტერორიზმი 2001 წლის 11 სექტემბერს იწყება, მაგრამ როგორც მარკ ტვენმა თქვა „ისტორია არ მეორდება, მაგრამ ხშირად ირითმება“
მოცემული ნაშრომის ერთ-ერთი მიზანი სწორედ თანამედროვე „საერთაშორისო ტერორიზმსა“ და ანარქისტულ ტერორისტულ ტალღას შორის მსგავსებების და განსხვავებების დადგენაა. ყველაფერი XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო და უკვე XX საუკუნის პირველ ათწლეულში ანარქიზმი და ტერორიზმი სინონიმებად იქცა.
ანარქიზმის ისევე როგორც ისლამის ძალადობასთან გაიგივება, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ანარქიზმში ისევე, როგორც ისლამში მრავალი მიმდინარეობაა. ანარქისტების აზრით სწორედ სახელმწიფო და მისი ყველა გამოვლინებაა ძალადობა („ანარქია“ – სიტყვასიტყვით – „მმართველობის არარსებობას“ ნიშნავს). სახელმწიფო მჩაგვრელია ისევე, როგორც კერძო საკუთრება და აუცილებელია მათი განადგურება… ანარქისტებს სურდათ შეექმნათ საზოგადოება, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კოოპერაციაზე. ანარქისტულ სამყაროში ყველა იმუშავებდა, რამდენსაც შეძლებდა და მიიღებდა იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა. ანარქისტები ეწინააღმდეგებოდნენ ყოველგვარ მთავრობას, იერარქიას და დომინაციას. ანარქიზმის მთავარი სამიზნე იყო ის, რასაც მექსიკელი ანარქისტი, ფლორეს მაგონი „ბნელ სამებას“ უწოდებდა – „სახელმწიფოს, კაპიტალიზმს და ეკლესიას“. შესაბამისად, ანარქისტები უპირისპირდებოდნენ, როგორც კაპიტალიზმს და სახელმწიფოს, ასევე ყველა სტრუქტურულად ორგანიზებულ ავტორიტარულ რელიგიას. ანარქისტების მიზანი იყო სხვადასხვა გზების გამოყენებით შეექმნათ ანარქია – დეცენტრალიზებული საზოგადოება მმართველი აპარატის გარეშე, რომელიც მყარად იდგებოდა ფედერატიულ პრინციპებზე. იერარქიასთან დაპირისპირება არ შემოიფარგლებოდა სახელმწიფოთი და მისი გამოვლინებებით. არამედ მოიცავს ყველა დომინანტურ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი კაპიტალიზმსა და დაქირავებულ შრომას. ანარქიზმი, როგორც იდეოლოგია აბსოლუტურ თავისუფლებას ქადაგებს და მასში ძალადობა გამორიცხულია. თუმცა გამოჩნდნენ ისეთი თეორიტიკოსები, რომლებმაც ზემოთ ჩამოთვლილ იდეების განხორციელების ეფექტურ გზად ტერორი მიიჩნიეს. ამას დაემატა 1867 წელს ა. ნობელის მიერ დინამიტის გამოგონება, რამაც ექსტრემისტი ანარქისტები სახელმწიფოებრიობის ყველა დროის ყველაზე საშიშ ძალად აქცია. დაიწყო ბურჟუაზიის, სახელმწიფო მოხელეების, მეფეების, პრეზიდენტების, პრემიერ მინისტრების, მოსამართლეების, ვაჭრების, ბიზნესმენების და ხშირად მდიდრულად ჩაცმული ადამიანების ხოცვა (ბურჟუაზია – კაპიტალისტურ საზოგადოებაში – გაბატონებული კლასი, რომლის ხელშიც არის სამუშაო იარაღი და საწარმოო საშუალებანი და რომელიც ეწევა დაქირავებული შრომის ექსპლუატაციას). ვერც ერთი თანამედროვე ტერორისტული ორგანიზაცია ახლოსაც ვერ მივა ანარქისტებთან ლიკვიდირებული მაღალი თანამდებობის პირების რაოდენობით. ანარქისტულ ტერორთან ბრძოლას ართულებდა ის გარემოებაც, რომ უმეტეს შემთხვევაში მოქმედება არ იყო ვერტიკალურად მართული. ანარქისტი თეორიტიკოსების დიდი ნაწილი საერთოდ წინააღმდეგნი იყვნენ ძალადობის. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მუშათა კლასის დიდმა ნაწილმა საერთოდ არ იცოდა კითხვა. სწორედ ამიტომ „საქმით პროპაგანდა“ ანუ ტერორი 1881 წელს ლონდონის კონგრესსზე ანარქისტული ორგანიზაციის ოფიციალურ სტრატეგიად იქნა მიღებული. რიგითი ანარქისტები თავად წყვეტდნენ ვინ სად და როგორ მოეკლათ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ იყვნენ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები, როგორიცაა ჯარი, პოლიცია, სასამართლო. მაგალითისთვის რუსეთში პოლიციის რიგებში იმდენად დიდი იყო პანიკა, რომ მათ პოსტებს ჯარი იცავდა. ანარქისტები ბომბებს აგდებდნენ სასამართლოებში, პარლამენტში, პოლიციის შენობებში, ყაზარმებში, მაღაზიებში, რესტორნებში და ერთი სიტყვით ყველგან სადაც უბრალო მშრომელი ვერ მოხვდებოდა.
ანარქიზმთან დაკავშირებულმა პანიკამ მთელი მსოფლიო მოიცვა. გაიმართა რამდენიმე კონფერენცია ანარქიზმის პოლიტიკური დოქტრინის სტატუსის გასაუქმებლად. პრეზიდენტ მაკკინლის (william mckinley) მკვლელობის შემდეგ, პრეზიდენტმა რუზველტმა ანარქიზმს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი. აღსანიშნავია, რომ პირველი ანტისაემიგრაციო ტალღა ევროპასა და აშშ-ში ანარქისტ ტერორისტებს უკავშირდება. ევროპის და ამერიკის საკანონმდებლო ორგანოებმა ანარქისტული ტერორის ტალღას პოლიციის უფლებამოსილების გაფართოებით და ანარქისტების წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო აქტებით უპასუხეს. ანარქიზმი გახდა კარგი მიზეზი სახლმწიფოებისთვის მიემართათ ძალადობისთვის და შეეზღუდათ ადამიანის უფლებები.
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებზე დაყრდნობით აშკარა ხდება მსგავსება თანამედროვე ტერორიზმისგან და ექსტრემიზმისგან გამოწვეულ დასავლურ სახელმწიფოთა მოქმედებებსა და XX საუკუნის დასაწყისში არსებულ სიტუაციას შორის. როგორც ახლა ადამიანების დიდი ნაწილი მუსულმანურ სარწმუნოებას აიგივებს ტერორიზმთან, მაშინაც ანარქიზმი გაიგივებული იქნა ტერორიზმთან. როგორც ახლა ისე მაშინ პრესამ დიდი როლი შეასრულა ამ საქმეში. ჩემი მიზანი არ არის ანარქიზმის, როგორც პოლიტიკური მოძღვრების შეფასება, ნაშრომში ფოკუსირებას მოვახდენთ ტერორისტულ აქტებზე, რომელთა ჩამდენნიც ანარქისტებად პოზიციონირებდნენ, განვიხილავთ მათ ტაქტიკას, ძლიერ და სუსტ მხარეებს, ვეცდებით დავადგინოთ თუ რატომ გავრცელდა დროის მოკლე მონაკვეთში თითქმის მთელს მსოფლიოში და ბოლოს ვიმსჯელებთ „საქმით პროპაგანდის“ თანამედროვე „საერთაშორისო ტერორიზმთან“ მსგავსებასა და განსხვავებებზე.
პროპაგანდა საქმით
ანარქისტების აზრით სახელმწიფო და მისი ყველა გამოვლინება ძალადობაა. სახელმწიფო მჩაგვრელია ისევე როგორც კერძო საკუთრება და აუცილებელია მათი განადგურება… ანარქისტებს სურდათ შეექმნათ საზოგადოება, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ინდივიდუალურ თავისუფლებასა და კოოპერაციაზე. ანარქისტულ სამყაროში ყველა იმუშავებს რამდენსაც შეძლებს და მიიღებს იმდენს რამდენიც სჭირდება. თავიდან ანარქისტი ავტორები პუბლიკაციების დონეზე აჟღერებდნენ თავიანთ იდეალებს, თუმცა მალე ყველაფერი შეიცვალა.
იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბევერლი გეიჯი გვიამბობს, რომ 1870 წლებში ანარქიზმის იდეოლოგებში დომინირებდა იდეა, სადაც კაპიტალისტური საზოგადოება იყო მუდმივი ძალადობის ველი: „ყოველი კანონი, ყოველი ეკლესია, ყოველი საწარმო იყო დაფუძნებული ძალადობაზე. ასეთ სამყაროში, სადაც მუდამ ძალადობაა და ადამიანები იჩაგრებიან, შენ თვითონ უნდა გახდე მოძალადე. საკითხავი ის კი არაა რამდენად გამართლებადია ძალადობა, არამედ ის რამდენად ეფექტური იქნება ეს ძალადობა ეგრეთწოდებული „მხეცი საკუთრების“ დასამარცხებლად, რომელიც აქცევს ადამიანებს უბედურებად, მოძალადეებად და იმონებს მათ“.
ზოგადად ძალადობის იდეამ ანარქისტულ პუბლიკაციებში პირველად იტალიელმა რევოლუციონერმა კარლო პისაკანმა გააჟღერა. იგი თავის „პოლიტიკური აღთქმაში“ (1857) წერდა „იდეები საქმეებიდან გამომდინარეობს და არა პირიქით”. პიკასანი ამბობდა, რომ „ანარქისტებმა უნდა გამოიყენონ ნებისმიერი შესაძლებლობა რათა ხელი შეუწყონ ჩაგრული მასების ძალადობრივ რევოლუციას; სიტყვით, წერილით, ხანჯლით, იარაღით, დინამიტით და ხანდახან ბიულეტინითაც“. რუსი რევოლუციონერი, ანარქიზმისა და “ნაროდნიკობის” ერთ-ერთი ფუძემდებელი მიხაილ ბაკუნინი წერდა; „ჩვენ უნდა გავავრცელოთ ჩვენი პრინციპები არა სიტყვებით არამედ საქმით, რადგან საქმე ყველაზე ძლიერი პროპაგანდაა“. რეალურად ანარქისტი იდეოლოგები მკვლელობების წინააღმდეგნი იყვნენ, იგივე ბაკუნინი წერდა პოლიტიკურ მკვლელობების შესახებ, რომ ეს მკვლელობები არასოდეს ანადგურებენ პარტიებს და პრივილეგირებულ კლასებს, საჭიროა განადგურდეს კერძო საკუთრება და თავად სახელმწიფო და აღარ იქნება საჭირო ადამიანების მკვლელობა, რომელიც კარაკოზოვის შესახებ, რომელმაც მეფის მკვლელობა სცადა 1866 წელს, ბაკუნინი წერდა, რომ “იგი ვერ ხედავდა ვერანაირ სარგებელს მეფის მკვლელობისგან და კარაკოზოვს ფილოსოფიურად ნაკლებად განვითარებულად მოიხსენიებს, თუმცა ის ასევე დასძენს წერილში, რომ „კარაკოზოვი ანარქისტებმა თავისიანად უნდა აღიარონ მეფის მოყვარულების წინაშე”. ზოგადად ანარქისტებმა ძალადობასაც ხალხის გამოსაფხიზლებლად მიმართეს და არა საზოგადოებაში შიშის დასანერგად. მათ სჯეროდათ, რომ მჩაგვრელების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა სახელმწიფო მანქანას აიძულებდა თავისი დაუნდობელი სახე ეჩვენებინა საზოგადოებისთვის და ამით ანარქისტული იდეა ისარგებლებდა, უფრო მარტივად გაიგებდა საზოგადოება თუ რატომ არის სახელმწიფო ბოროტება. ანარქიზმის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი პრუდონი, კარლ მარქსთან გაგზავნილ წერილში წერს, რომ მკვლელობა ყველაზე ცუდი მეთოდია და რომ იდეები იდეებმა უნდა დაამარცხონ.
ანარქისტ თეორიტიკოსებს შორის ცხარე დებატები მიმდინარეობდა ძალადობრივი მეთოდების შესახებ. იყვნენ ისეთები, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ და ისეთებიც რომლებსაც მხოლოდ ძალადობას მიიჩნევდენ ანარქიის მიღწევის ერთადერთ გზად. გერმანელი ფილოსოფოსი და ანარქისტ-ინდივიდუალისტი გუსტავ ლანდაუერისთვის „პროპაგანდა საქმით“ ნიშნავდა ლიბერტარიანული სოციალური ფორმირების და საზოგადოების შექმნას, რომელიც სტიმულს მიცემდა დანარჩენებს საზოგადოების ფორმის შეცვლისკენ. ის ამბობდა, რომ “’სახელმწიფო არ წარმოადგნს რაღაც ისეთს, რომლის დანგრევაც შესაძლებელია რევოლუციით. სახელმწიფო – მდგომარეობაა. ერთგვარი ურთიერთკავშირია ადამიანებს შორის, ადამიანური ქცევის მოდელია. მისი განადგურება შეგვიძლია მხოლოდ სხვა ურთიერთკავშირის შექმნით, სხვანაირი ქცევით”. ლანდაუერი საერთოდაც მიჯნავს ანარქიზმს და ტერორიზმს. 1901 წელს გამოქვეყნბულ სტატიაში „ანარქისტული აზრები ანარქიზმის შესახებ“ იგი პირაპირ დაუპირისპირდა ძალადობის მომხრე ანარქისტებს. ლანდაუერმა ძალადობის მომხრე ანარქისტები ანარქიზმის იდეალების ვერ დანახვაში დაადანაშაულა და დაგმო ანარქიის მიღწევის აბსოლუტურად ყველა ძალადობრივი მეთოდი. მან მოძალადე ანარქისტები დესპოტებს შეადარა და დასძინა, რომ უფრო მეტად ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობა აწუხებს ვიდრე იმ მუშის სიკვდილი, რომელიც სახურავიდან გადმოვარდა. რუსი ანარქისტი პეტრე კროპოტკინი კი „ლე რევოლტეში“ წერდა, რომ „საზოგადოებრივი სტრუქტურა, რომელიც მრავალი საუკუნეა ყალიბდება, რამდენიმე კილოგრამი დინამიტით ვერ დაინგრევა“.
იყვნენ ისეთი ანარქისტებიც, როგორიცაა იოჰან მოსტი, რომელიც პირდაპირ ემხრობოდა შურისძიების ძალადობრივ მეთოდებს. 1885 წელს მან გამოსცა „რევოლუციური ომის მეცნიერება“ ტექნიკური სახელმძღვანელო ასაფეთქებელი ნივთიერებების მოპოვება დამზადების შესახებ, რის შესახებ ცოდნაც მან ნიუ ჯერსიში ფეთქებადი ნივთიერებების საწარმოში მუშაობისას დააგროვა. სხვათა შორის ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით განახორციელეს ტერაქტები ემა გოლდმანმა და ალექსანდრე ბერკმანმა 1892 წელს. ასევე ლუიჯი გალანი „საქმით პროპაგანდის“ იდეის ალბათ ყველაზე დიდი პრაქტიკოსი გახლდათ. იგი გამუდმებით და ეფექტურად იყენებდა ტერორს და ნგრევას არამარტო სახელმწიფო სიმბოლიკის და კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ, როგორიცაა სასამართლო შენობების და ქარხნების აფეთქბა, არამედ „საზოგადოების მტრების“ პირდაპირი მკვლელობებითაც.
ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან დევნის, შევიწროების და დაკავებების შემდეგ, თვითგამოცხადებულმა ანარქისტულმა ჯგუფებმა თანდათან მოუხშირეს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას. 1870 წლებში, ანარქისტული ჯგუფები ჩაახშვეს ესპანეთში, იტალიაში და გერმანიაში. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც რევოლუციონერებმა წარუმატებლად სცადეს კაიზერის და მეფის მკვლელობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თავდასხმასთან და არც კონკრეტულად 1881 წელს რუსეთის მეფის ალექსანდრე II მკვლელობასთან, ანარქისტებს არაფერი ჰქონდათ საერთო, პრესამ ეს მოვლენები ანარქისტულ იდეოლოგიასთან დააკავშირა და ანარქისტული შეთქმულების ილუზია შექმნა. ამ ილუზიამ თავად ანარქისტებზეც იმოქმედა და მათი ნაწილი გადაიხარა იმ აზრისკენ, რომ ძალადობით პოლიტიკური მკვლელობებით შესაძლებელი იყო რევოლუციის მიღწევა. საბოლოოდ „პროპაგანდა საქმით“ 1881 წელს ლონდონის კონგრესსზე ანარქისტული ორგანიზაციის ოფიციალურ სტრატეგიად იქნა მიღებული. დელეგატებმა განაცხადეს, რომ აღიარებენ კანონგარეშე მოქმედებას ერთადერთ რევოლუციისკენ მიმავალ გზას. როგორც კარლო კაფიერო იტყოდა; „ჩვენთვის ყველაფერი სწორია რაც კანონიერი არ არის“. როგორც სოციოლოგი მაქს ვებერის მოსაზრებით „სახელმწიფო ფლობს მონოპოლიას ძალის სამართლებრივ გამოყენებაზე“, ან მარქსის სიტყვებით „სახელმწიფო ბურჯუაზიის რეპრესიული იარაღია“ სწორედ ამის საპირწონე იყო ანარქისტული „საქმით პროპაგანდა“ ანუ ტერორი. ასე დაიწყო „მარტოხელა მგლების“ ერა, რომელსაც იგივე ლანდაუერის აზრით არაფერი ჰქონდა საერთო ანარქისტულ იდეასთან.
მარტოხელა მგლები ანუ ინდივიდუალური ტერორი
ზოგადად რაიმე საკითხის განხილვისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ეპოქა და სოციალური ფონი, რომელშიც ეს საკითხი წარმოიშვა. მითუმეტეს, რომ ანარქიზმი სწორედ ეპოქამ და სოციალურმა ფონმა წარმოშვა. XIX საუკუნე, როგორც ინდუსტრიალიზაციის ერა, ხასიათდებოდა ქალაქების გადატვირთვით. ქარხნების რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ჰაერის დაბინძურება. ქალაქებში მძვინვარებდა ქოლერა და ტუბერკულიოზი. მშრომელები საშინელ პირობებში მუშაობდნენ. 20 საათიანი სამუშაო გრაფიკი ჩვეულებრივი მოვლენა იყო 50-იან წლებში. მასობრივმა პროტესტებმა სამუშაო გრაფიკი 15 საათამდე შეამცირა, თუმცა არაფერი შეცვლილა სამუშაო პირობებთან მიმართებაში. ადამიანები იწამლებოდნენ ქიმიური ნივთიერებებით. დამქირავებლები ხარჯების შემცირების მიზნით ქირაობდნენ ბავშვებს. მაგალითისთვის ლონდონის ქარხნებში დასაქმებულთა ნახევარი 18 წლამდე ასაკის იყო. ასევე მასიური დაბინძურების და შრომის პირობების საშინელი მდგომარეობის გამო სიცოცხლის ხანგრძლივობა ინგლისში 37 წლამდე დაეცა [იხ. წყარო]. მსგავსი გაუსაძლისი პირობების წინააღმდეგ სხვადასხავა ქვეყანაში განსხვავებული იყო პროტესტის ფორმაც. ზოგადად ანარქისტების მიერ „საქმით პროპაგანდის“ ოფიციალურ სტრატეგიად გამოცხადებამდე, ისედაც ხშირი იყო პროტესტის აგრესიული ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში. იტალიელები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ამ მეთოდებით. ამიტომ „პროპაგანდა საქმით“ ყველა ქვეყანამ საკუთარ ტრადიციებთან შესაბამისად აითვისა და ანარქისტული იდეა კარგი თავშესაფარი გახდა რიგი ინდივიდებისათვის. სწორედ იმიტომ, რომ ტერორისტული აქტები არ იგეგმებოდა ვერტიკალურად და კონკრეტულ აქტებს გეგმავდნენ ინდივიდები ხშირი იყო წარუმატებლობა. მაგალითად აუგუსტ რეინდორფის წარუმატებელი აქტი, როდესაც 1883 წელს მას შეეძლო აეფეთქებინა არა მხოლოდ გერმანიის კაიზერი არამედ პრინცი და რამდენიმე გენერალი ერთად. კაიზერი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ბომბის დაყენების დროს დეტონატორი დასველდა. ასეთი წარუმატებელი მცდელობები იმაზე მეტი იყო ვიდრე წარმატებული და ჩვენც ისეთ ფაქტებს განვიხილავთ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ასევე ტერორისტული აქტები თუ თავდასხმები ხშირად დაუდასტურებლად მიეწერებოდა ანარქისტებს. მსგავს შემთხვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩიკაგოში (Haymarket Riot) 1886 წელს გამართულ აქციაზე პოლიციის მიმართულებით დინამიტის სროლა, რასაც რამდენიმე პოლიციელი ემსხვერპლა. შედეგად პოლიციამ ცეცხლი გახსნა აქტივისტების მიმართულებით რის შედეგადაც, ორივე მხარეს დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვმა 100 გადააჭარბა.
1880 იან წლებში მარტოხელა მგლების „საქმით პროპაგანდა“ ჩვეულებრივი კრიმინალი იყო და არა ტერორიზმი. 1882-1884 წლებში ავსტიელმა ანარქისტებმა გაძარცვეს და მოკლეს ფეხსაცმლის მწარმოებელი, პოლიციის ოფიცერი და რაც ყველაზე შოკის მომგვრელია ვალუტის გადამცვლელი და მისი 9 და 11 წლის შვილები.1986 წელს ფრანგმა ანარქისტმა კლემენ დიუვალმა ცნობილი ოჯახის სახლი გადაწვა და 15000 ფრანკი მოიპარა, ჟურნალ „რე ვოლტესთან“ ინტერვიუში განაცხადა, “ქურდობა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ექსპლუატაციის გამო არსებობს, როცა საზოგადოება არსებობის უფლებას გართმევთ, თქვენ ეს უფლება ძალით უნდა აიღოთ თქვენით. პოლიციელმა მე დამაკავა კანონის სახელით, მე მას დავარტყი თავისუფლების სახელით“.
ანარქისტი მარტოხელა მგლების „საქმით პროპაგანდის“ ყველაზე სისხლიანი პერიოდი 1890 იანი წლები იყო. 1892 წლიდან 1901 წლამდე იმაზე მეტი მონარქი, პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი და მაღალი თანამდებობის პირი მოკლეს ვიდრე როდესმე ისტორიის მანძილზე. ანარქისტების მოკლულად ითვლებიან; საფრანგეთის პრეზიდენტი სადი კარნო 1894 წელს, ესპანეთის პრემიერ მინისტრი ანტონიო კანოვასი 1897 წელს, ავსტიის იმპერატრიცა ელიზავეტა 1898 წელს, იტალიის მეფე უმბერტო 1900 წელს და აშშ-ს პრეზიდენტი უილიამ მაკინლი 1901 წელს. ეს პერიოდი განსაკუთრებით სისხლიანი იყო, რადგან ანარქისტები არ შემოიფარგლნენ მხოლოდ ქვეყნის პირველი პირების მკვლელობით. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ანარქიზმისთვის მხოლოდ სახელმწიფო არ იყო პრობლემა არამედ ბურჟუაზია, ეკლესია და ზოგადად კერძო საკუთრება. ანარქისტები ბომბებს აგდებდნენ ხალხით გადაჭედილ კაფეებში, ეკლესიებში და ოპერებში. 1893 წელს ბარსელონაში ანარქისტებმა ააფეთქეს ოპერის თეატრი, რასაც 30 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. ამ პერიოდში „საქმით პროპაგანდის“ გეოგრაფია გაიზარდა და გახდა რეალურად საერთაშორისო. რამდენიმე აფეთქება მოხდა გრინვიჩში, კონსტანტინოპოლში და ციურიხში, ასევე საფრანგეთში, ესპანეთში და იტალიაში. ამ ქვეყნებში რეალურმა ან სავარაუდო ანარქისტებმა მოკლეს სამოცზე მეტი და ფიზიკური დაზიანება მიაყენეს 200-ზე მეტ ადამიანს, ბომბების, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით. მთელი კონტინენტი პანიკამ მოიცვა, ამას ხელს უწყობდა ის გარემოებაც, რომ აფეთქებები სხვადასხვა ქვეყნებში თითქმის ერთ დროს ხდებოდა რაც ქმნიდა ანარქისტული შეთქმულების შეგრძნებას. საფრანგეთში პანიკა მაშინ დაიწყო როცა 1892 წელს ყველაზე ცნობილი ანარქისტი ტერორისტი რავაშოლის დაკავებამ ვერ შეაჩერა აფეთქებები პარიზში. რავაშოლმა ორი აფეთქება მოახდინა მოსამართლეების სახლებში ერთი ბომბი კი სამხედრო ყაზარმაში შეაგდო. გამომდინარე იქედან, რომ რავაშოლი ნაძარცვ ფულს დაკავებული ანარქისტების ოჯახებს ურიგებდა, გულანთებულად ლაპარაკობდა სასამართლო პროცესზე და ვაჟკაცურად შეხვდა სიკვდილის დასჯას, იგი ბევრი ადამიანისთვის მაგალითად და წამებულად იქცა. მის საპატივცემულოდ სიმღერაც კი არსებობს. მან სასამართლოზე შურისძიებისკენ მოუწოდა თანამებრძოლებს და მის საქმეს ანარქისტებმა პატივი მიაგეს. გილიოტინაზე რავაშოლის სიკვდილით დასჯას 9 აფეთქება მოყვა.
რამდენიმე თვეში ამერიკაში ემიგრირებულმა რუსმა ანარქისტმა ალექსანდრე ბერკმანმა პისტოლეტით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა კარნეგი სტილის მენეჯერს ჰენრი კლეი ფრიკს.
ავგუსტ ვაიანმა ბომბი შეაგდო საფრანგეთის პარლამენტში 1893 წელს, ბომბი პატარა იყო და დიდი აფეთქება არ გამოუწვევია. ვაიანი სიკვდილით დასაჯეს 1896 წელს, ერთ კვირაში 21 წლის ანარქისტმა ემილი ანრიმ ბომბი შეაგდო კაფე „ტერმინუსში“ რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოცი დაშავდა. ანრიც, რავაშოლივით სიტყვით გამოვიდა სასამართლოზე და მისი სიტყვა მალევე გადაითარგმნა რამდენიმე ენაზე და „საქმით პროპაგანდის“ ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
ესპანეთში ანარქისტმა პაულინიო პალმა ბომბი ესროლა გენერალ მარტინეს კამპოსს, რომელიც მსუბუქად დაიჭრა მაგრამ აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა. პალის ტერაქტი იყო შურისძიება სამხედრო ტრიბუნალის განაჩენზე, რომელიც რამდენიმე ანარქისტის წამებით დახრჩობას გულისხმობდა. როგორც რავაშოლის სასამართლოზე წარმოთქმული მოწოდება აღასრულეს ანარქისტემბა ასევე პალის წარმოთქმული სიტყვა ასრულდა. აფეთქებები და მკვლელობები ესპანეთში შემდეგი 4 წელი გაგრძელდა.
იტალიაში სახელმწიფოს მხრიდან მემარცხენე იდეოლოგიის და კერძოდ ანარქიზმის დევნას ანარქისტების მხრიდან აფეთქებები მოჰყვა. 1894 წლის მარტში ბომბი აფეთქდა იტალიის პარლამენტთან, რომელმაც დააზიანა შენობა და მოკლა ორი ადამიანი. ივნისში ანარქისტმა ესროლა და დაჭრა პრემიერ მინისტრი. ასევე ბომბები აფეთქდა იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროებთან. ასევე ივლისში ანარქისტმა დაჭრა ჟურნალისტი, რომელიც აკრიტიკებდა ანარქისტებს.
1896 წელს პორტუგალიაში ანარქისტებმა ააფეთქეს ექიმის სახლი, რომელმაც ერთ-ერთი ანარქისტს შეურაცხადის დიაგნოზი დაუსვა და ამის შედეგად ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტა. ასევე პოლიციამ დააკავა ანარქისტი, რომელმაც პორტუგალიის მეფეს ქვა ესროლა, რის შემდეგაც პორტუგალიაში მიღებულ იქნა ყველაზე ყველაზე მკაცრი ანტი ანარქისტული კანონი როგორიც ოდესმე დაწერილა.
1902 წლიდან 1920 წლამდე
XX საუკუნის პირველი ოცწლეული ასევე სისხლიანი იყო. მარტოხელა ანარქისტები კიდევ უფრო შორს იყვნენ ანარქისტული იდეალებისგან, მათ ზეპირად იცოდნენ ემილი ჰენრის და რავაშოლის სიტყვები და არა ანარქისტული დოქტრინა. საქმისთვის შეწირულების გამო შურისძიება მათ მეტ გამბედაობას აძლევდა. გაგრძელდა ქვეყნის პიველ პირებსა და მაღალ თანამდებობის პირებზე თავდასხმები. 1902 წელს წარუმატებელი თავდასხმა მოხდა ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ზე. 1906 წლის წარუმატებელი თავდასხვა ესპანეთის მეფე ალფონსო XIII-სა და დედოფალ ვიქტორიაზე ქორწილის შემდეგ. 1908 წელს ანარქისტი სელიგ კოენი ბომბს ისვრის ნიუ იორკში, ბომბი ადრე აფეთქდა და შეიწირა თავად კოენი და ერთი ადამიანი. 1909 წელს არგენტინაში სიმონ რადავეცკიმ ააფეთქა ბუენოსაირესის პოლიციის უფროსი რამონ ფალკონი, რასაც მოჰყვა ანარქისტი აგიტატორების დეპორტაცია არგენტინიდან. 1911 წელს დიმიტრი ბაგროვმა მოკლა რუსეთის პრემიერ მინისტრი მეფე ალექსანდრე II-ის და მისი ოჯახის თვალწინ. 1912 წელს ანარქისტმა მანუელ პარდინიასმა მოკლა ესპანეთის პრემიერ მინისტრი ხოსე კანალეხასი და თავი მოიკლა. 1913 წელს მოკლეს მოკლეს საბერძნეთის მეფე გეორგ I. 1914 წელს ცნობილი ბიზნესმენის ჯონ როკფელერისთვის გამზადებული ბომბი უფეთქდება 3 ანარქისტს და იღუპება ერთი უდანაშაულო ქალი. 1914 წელსვე ლუიჯი გალიანის მომხრები აფეთქებენ ორ ბომბს. 1916 წლს სან-ფრანცისკოში 10 ადამიანი ემსხვერპლა და 40 დაიჭრა ანარქისტული ტერაქტის შედეგად. 1919 წელს, გალეანისტების მიერ მოწყობილი საფოსტო ბომბები, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირებს გაეგზავნათ უმეტესობა პოლიციამ ამოიღო, თუმცა მსხვერპლი მაინც მოჰყვა. მიუხედავად ამისა ეს საკმარისი იყო დაწყებულიყო პირველი ანტისაემიგრაციო ტალღა, რომელიც პალმერის რეიდების სახელითაა ცნობილი. მოძრაობას სათავეში ედგარ ჰუვერი ჩაუდგა. ეს მოძრაობა ხასიათდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით და უდანაშაულო ადამიანების დაკავებით. ამაზე პასუხად, 1920 წლის აფეთქებას უოლ სტრიტზე ემსხვერპლა 30 ადამიანი და 300 ადამიანი დაშავდა. ეს თავდასხმა მიეწერება გალიანისტებს თუმცა დანაშაული ოფიციალურად გახსნილი არ არის.
საბოლოოდ ანარქისტი ტერორისტების თავდასხმები ნელ ნელა შემცირად 20 იანი წლების შემდეგ ხოლო 30 წლებიდან თითქმის შეწყდა.
ზოგადად ანარქისტული ტერორისტული აქტები XX საუკუნის პირველ ნახევრის ბოლომდე ხდებოდა გარკვეული ინტენსივობით, თუმცა უკვე ლოკალურად და სახელმწიფო საზღვრებში, როგორც ტალღა ის 20 იან წლებში დასრულდა.
დასკვნა
რეფერატში მოყვანილი ფაქტებზე დაყრდნობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქისტული ტერორისტული ტალღა იყო პირველი საერთაშორისო მაშტაბის ტერორისტული ტალღა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ანარქისტულ ტერორიზმში ჩვენ ვგულისხმობთ იმ „მარტოხელა მგლების“ ქმედებებს, რომლებმაც „საქმით პროპაგანდას“ მკვლელობების და აფეთქებების სახე მისცეს.
რატომ მოიცვა მაშინდელი მსოფლიო პანიკამ?
პირველი იმიტომ, რომ ანარქისტებმა მართლაც ჩაიდინეს დიდი მაშტაბებით პოლიტიკური მკვლელობები. მეორე ფაქტორი ის იყო, რომ „საქმით პროპაგანდის“ პერიოდი დაემთხვა მასიური ჟურნალისტიკის ეპოქას. იმ პერიოდში ისეთი რედაქტორებიც კი, როგორიცაა ჯოზეფ პულიცერი გაზეთების ტირაჟის მატებისთვის მსხვილშრიფტიან სენსაციურ სათაურებს ბეჭდავდნენ და „საქმით პროპაგანდა“ ბუნებრივია მათი საყვარელი თემა იყო. ლონდონის, პარიზის და ნიუ იორკის გაზეთების ტირაჟები გაორმაგდა და 1900 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. ადგილობრივი გაზეთები ერთმანეთთან კონკურენციის გამო ფასებს ამცირებდნენ და ერთმანეთს სენსაციური სათაურებით ეპაექრებოდნენ. 1893 წელს ოპერის თეატრში აფეთქების დაბეჭვდის შედეგად მოიხსნა ტირაჟის ყველა დროის რეკორდი ამერიკაში. მესამე მიზეზი ჩემი აზრით თავად ანარქისტული იდეის შიში იყო, რაც სახელმწიფოს გაქრობაში მდგომარეობდა. ანარქისტების ხედვა სახელმწიფოს გაუქმების შესახებ იმდენად წარმოუდგენელი იყო მოსახლეობისა და მთავრობებისთვის რომ ანარქიის დადგომაზე ფიქრიც საკმარისი იყო პანიკისათვის. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ანარქისტები არ შედიოდნენ არანაირ მოლაპარაკებაში არც მთავრობებთან და არც სხვა ძალებთან. ბუნებრივია პანიკას იწვევდა ისეთი ხალხის გამარჯვების წარმოდგენა, რომლებიც არ აღიარებენ არაფერს, რაც იქამდე ბუნებრივად ითვლებოდა.
რატომ იყო განსაკუთრებით საშიში და მოუხელთებელი ანარქისტული ტერორიზმი?
ანარქიზმი, როგორც მოძღვრება თავისუფლების შესახებ გამორიცხავდა ყოველგვარ იერარქიას, ამიტომაც ვერტიკალური მმართველობა გამორიცხული იყო. კონკრეტული „საქმით პროპაგანდისტები“ თავად ირჩევდნენ მსხვერპლს და ადგილს. „საქმით პროპაგანდის“ აგრესიული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ანარქისტი ტერორისტის მსხვერპლი შეიძლებოდა გამხდარიყო სახელმწიფოს ნებისმიერი გამოხატულება და მისი ნებისმიერი მოხელე (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო), ნებისმიერი კერძო საკუთრება და კერძო მესაკუთრე, რელიგია და ნებისმიერი ეკლესიის მსახური და ზოგადად ნებისმიერი ვინც გარეგნულად ჰგავდა ბურჟუას. ასევე ანარქისტები თითქმის არასოდეს ტოვებდნენ უპასუხოდ რომელიმე ანარქისტი ტერორისტის დასჯას. გაუმართლებდა იმ ქალაქს სადაც ანარქისტი ტერორისტი ტერორისტულ აქტს შეეწირებოდა. ასევე ანარქისტულ იდეას არ ქონდა საზღვრები, არც გეოგრაფიული, არც ეთნიკური და არც რასობრივი, იგი უნივერსალური იყო.
რატომ გახდა „საქმით პროპაგანდა“ პოპულარული იდეა?
ტერორიზმი ზოგადად უკანასკნელი ვარიანტია ხოლმე. მანამდე ჯგუფი ყველა გზას მიმართავს და მხოლოდ ყველა რაუნდში დამარცხების შემდგ გადადის წინააღმდეგობის უკიდურეს ფორმაზე. ანარქისტულ იდეოლოგიას და ზოგადად თავისუფლების გაგებას განათლება სჭირდებოდა. XIX საუკუნის ბოლოს კი პროლეტარიატმა, ვისზეც იდგა ანარქიზმი, წერა-კითხვა თითქმის არ იცოდა. პუბლიკაციებით საქმე წინ ვერ მიდიოდა. ამას ემატებოდა სახელმწიფოსგან რეპრესიები და ხშირ შემთხვევაში ანარქისტების უსამართლო დევნა. ქმედება კი აუცილებლად წარმოქმნის უკუქმედებას.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტერორისტთა უმეტესობა არ იყო თეორეტიკოსი და ისინი თვითგამოცხადებული ანარქისტები იყვნენ. მათი უმრავლესობა სოციალურ ფონზე და უთანასწორობაზე გაბრაზებული იღებდა ხელში დინამიტს და ასეთი ქმედების ოფიციალურად გამმართლებელი „საქმით პროპაგანდა“ გახლდათ.
არსებობს კავშირი ანარქიზმსა და ისლამიზმს შორის?
თუ განვიხილავთ „საქმით პროპაგანდის“ ჭრილში მსგავსება რა თქმა უნდა არის. მარკ ტვენმა თქვა „ისტორია არ მეორდება, მაგრამ ერითმება“. ისლამისტური ტერორისტული ტალღა ნამდვილად ერითმება ანარქისტულ ტერორისტულ ტალღას. თუმცა არის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სხვაობაც. ანარქისტებს სძულდათ რელიგია და მასში ტირანიას ხედავდნენ – ისლამისტებს სურთ ყველამ დაიცვას ისლამის მათივე მკაცრი ინტერპრეტაცია. ანარქისტები იყვნენ პირველები ვინც იბრძოდა ფემინიზმისთვის და სექსუალური თავისუფლებისთვის – ისლამისტებისთვის ქალი კაცის ჩრდილია და ჰომოსექსუალების დახოცვა სურთ. ანარქისტები ითხოვდნენ სიტყვის აბსოლუტურ თავისუფლებას – ისლამისტები სკანდირებენ „სიკვდილი სიტყვის თავისუფლებას“. ანარქისტებს სურდათ სრული საზოგადოებრივი თავისუფლება – ისლამისტებს სურთ სრული საზოგადოებრივი მორჩილება. ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, რადგან ანარქიზმი ლიბერალური ღირებულებების იდეოლოგიაა და თანამედროვე სამყარომ ანარქიზმის ფუნდამენტური ღირებულებები აითვისა და ნაკლებად რადიკალური ფორმებით დაამკვიდრა. ისლამიზმი კი სწორედ ამ იდეებს უპირისპირდება. ტერორი ყოველთვის ტერორია, იქნება ეს ანარქისტული, ბუდისტური თუ ისლამისტური. მკვლელობას არასოდეს არაფერი ამართლებს. ამიტომ ამ ორი ტალღის შედარება მხოლოდ იმ კუთხით შეიძლება, რომ ორივე ტალღა უდიდეს ადამიანურ მსხვერპლთან ასოცირდება.
რატომ შეწყდა ანარქისტული ტერორიზმი?
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა როგორც ანარქისტული ტერორიზმის წარმოშობა განაპირობა სოციალურმა ფონმა და ეპოქამ ასევე მისი დასასრულიც იგივე მიზეზს უკავშირდება. ანარქისტი რავაშოლი სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვაში ამბობს, რომ „კანონები არასოდეს ებრძვიან მიზეზებს ისინი ებრძვიან შედეგს“. ის გულისხმობდა, რომ დანაშაულის მაპროვოცირებელი სოციალური ფონია და კანონი ანუ სახელმწიფო დანაშაულის მიზეზის გამოსწორებას არ ცდილობს. როგორც ჩანს რავაშოლის ფილოსოფია ქვეყნებმა ანარქისტულ ტერორიზმს დაუპირისპირა და წინააღმდეგობის მიზეზების მოგვარება დაიწყო. პირველ რიგში სახელმწიფოებმა შეამცირეს რეპრესიები და ზოგადად მასობრივი აქციების შედეგად ადამიანის უფლებების მიმართულებით ბევრი რამ შედარებით გამოსწორდა, ასევე მშრომელთა უფლებები შედარებით გაუმჯობესდა, სამუშაო საათები შემცირდა, უსაფრთხოების ნორმები გაუმჯობესდა, კომპენსაცია დადგინდა სამუშაოს დროს დაზიანებისთვის. ცვლილებები არ იყო ისეთი მაშტაბური, როგორიც ანარქისტებს სურდათ, მაგრამ მუშათა კლასში მათ დასაყრდენი გამოეცალათ. მეორე და ალბათ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი თვითონ „საქმით პროპაგანდის“ დაუნდობელი და უკონტროლო ხასიათი გახდა. ანარქისტულმა ტერორმა ბევრი ადამინი შეიწირა, მათ შორის დიდი აჟიოტაჟი მოყვა 1920 წელს გაზეთების დამტარებელი ბიჭის სიკვდილს ვოლ სტრიტის ტერაქტის დროს. 1892 წელს ახალგაზრდა თვითმკვლელი ანარქისტის კუბოს ქვები დაუშინეს მშრომელებმა ისტ-ენდიდან. „საქმით პროპაგანდისტებს“ საკუთარი სისასტიკე წინ დახვდათ.
შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ანაქიზმის ლიბერტარიანული ხედვებისა და მიზნებისა, მიუხედავად იმისა, რომ „საქმით პროპაგანდა“ საზოგადოების მთავრობების და მჩაგვრელი უმცირესობის ტერორიზირებისთვის დაიწყო და არა საზოგადოების მთლიანი ნაწილისა, მიუხედავად იმისა, რომ ანარქიზმის თეორეტიკოსების უდიდესი ნაწილი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ ტერორისტულ აქტებს, იმის მიუხედავადაც, რომ ანარქისტულმა ტალღამ თანამედროვე სამყაროს თავისუფალ საზოგადოებად გარდაქმნაში თავისი წვლილი შეიტანა, ანარქისტული მოძღვრებისთვის „საქმით პროპაგანდა“ მეხსიერებაში დარჩა, როგორც სფეროს ფორმის ბომბებით შეიარაღებული წვერიანი ანარქისტის კარიკატურა. ეს კიდევ ერთ დაბრკოლებად იქცა, ანარქისტულ მიდგომებზე სერიოზული დისკუსიისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
Clément Duval. (2012). Outrage: An Anarchist Memoir of the Penal Colony. PM Press.
Drahomanova, M. (1906). Letters of M.A. Bakunin to A.I. Herzen and N.P. Ogarev. V. Vrublevsky.
Gage, B. (2009). The Day Wall Street Exploded: A Story of America in Its First Age of Terror. Oxford University Press.
Jensen, R. (2004). Terrorism and Political Violance. Taylor & Francis, 153.
Jensen, R. B. (2014). The Battle against Anarchist Terrorism: An International History, 1878–1934. New York: Cambridge University Press.
Law, R. D. (2015). The Routledge History of Terrorism. New York: Routledge.
Tarrow, S. (2011). Revolutions in Words. https://politicalscience.ceu.edu/.
Thomas Austenfeld, Dimiter Daphinoff, Jens Herlth. (2012). Terrorism and Narrative Practice. Hamburg: Lit Verlag.