სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება

სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლება არის მეთოდი, რომელიც აქცენტს აკეთებს სტუდენტების მოთხოვნილებებზე და სასწავლო პროცესის წარმმართველად არ მიიჩნევს ლექტორების და ადმინისტრაციის სურვილებს. ეს მეთოდი სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, კურსების შინაარსსა და ინტერაქტიულობაზე ახალ ხედვას გვთავაზობს.

ტრადიციული სწავლების მეთოდისგან განსხვავებით, რომელშიც პროცესის წამყვანი ლექტორია, ეს მოდელი ფოკუსირებულია სტუდენტების მოთხოვნილებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, სწავლების პროცესში კი ლექტორის ერთადერთი ფუნქცია – სტუდენტების დახმარება და პროცესის მიმდინარეობისთვის თვალყურის დევნებაა. ლექტორებზე ორიენტირებული მოდელში სტუდენტები პასიურ როლს ასრულებენ და მხოლოდ ინფორმაციის მიმღებები არიან. სტუდენტებზე ფოკუსირებული სისტემა კი გვთავაზობს ტრადიციული როლების გაცვლას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

ტრადიციულიად, სასწავლო პროცესს წარმართავდნენ მასწავლებლები და სტუდენტებს უწევდათ მხოლოდ მიწოდებული ინფორმაციის დამახსოვრება და გააზრება. მე19 საუკუნეში, პროგრესული განათლების განვითარებასთან ერთად, ფსიქოლოგების დახმარებით რამდენიმე განმანათლებელმა დაიწყო ალტერნატიული მოდელის პრაქტიკაში დანერგვა. ახალი სისტემა გულისხმობდა სტუდენტების სრულ ჩართულობას სასწავლო პროცესში – თითოეული მათგანი თვითნ განსაზღვრავდა, რისი კეთება უნდოდა აუდიტორიაში. ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, პროგრესული პედაგოგიკა საშუალებას აძლევს თითოეულ სტუდენტს, თავად განსაზღვროს, რისი სწავლა უნდა. სასწავლო პროცესზე ახალი ხედვის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს ისეთმა თეორეტიკოსებმა, როგორებიც იყვნენ ჯონ დიუი და ლევ ვიგოტსკი. მათმა კვლევებმა განათლების ხარისხის და სწავლების მეთოდის კავშირის შესახებ დაადასტურეს, რომ სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლების მოდელი გაცილებით ეფექტურია. კარლ როჯერსის იდეები ინდივიდის აღზრდის და ჩამოყალიბების შესახებ კიდევ ერთი არგუმენტია ამ მოდელის სასარგებლოდ. ზოგადად, სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლება ნიშნავს ტრადიციულ, ლექტორებზე დამყარებული მოდელის უარყოფას და სასწავლო პროცესის ცენტრში სტუდენტების დაყენებას.

სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლება სტუდენტებს ავტონომიას და პროცესში სრული ჩართულობის საშუალებას აძლევს. ეს მოდელი გულისხმობს სასწავლო პროცესის შეცვლას ისე, რომ ახალი მასალის ათვისებაში სტუდენტებს აქვთ არა პასიური, არამედ აქტიური როლი. ხშირი პრაქტიკული სამუშაოები უზრუნველყოფს ათვისებული მასალის გამოყენების უნარის განვითარებას. ეს სტუდენტს აძლევს საშუალებას მიიღოს ცოდნა და ჰქონდეს მისი გამოყენების საშუალება, დღევანდელ სისტემაში კი სტუდენტებს ძირითადად მხოლოდ ინფორმაციის მიღება უწევთ. ეს მეთოდი ხელს უწყობს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის განვითარებას. რამდენადაც განათლების მიღება პირველ რიგში ინდივიდუალურ განვითარებას გულისხმობს, ასეთი სწავლების პროცესი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ისწავლონ არა მარტო რაღაც საკითხი, არამედ მიეჩვიონ თვითორგანიზებას და საკუთარი საქმიანობის კონტროლს. დღევანდელ სისტემაში სტუდენტებს არ აქვთ ამის საშუალება, რადგან ლექტორების მითითებების შესრულება უწევთ.

სასწავლო პროცესის პრინციპების შეცვლა სტუდენტებს აძლევს, თვითონ მიიღონ ცოდნა. ტრადიციული განათლების მოდელი კი ცოდნის მთავარ წყაროდ ლექტორს მიიჩნევს. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ლექტორის მიერ ინფორმაციის გადმოცემა და სტუდენტის მიერ ამ ინფორმაციის დამახსოვრება გაცილებით ნაკლებეფექტურია, ვიდრე მისი ალტერნატივა – სტუდენტების აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესის წარმართვაში. შეგვიძლია გამოვყოთ ალტერნატიული მოდელის რამდენიმე ძირითადი უპირატესობა:

აძლიერებს სტუდენტების მოტივაციას
განავითარებს კომუნიკაციის უნარს
ამცირებს ხელისშემშლელი ფაქტორების რიცხვს
ხელს უწყობს თვითგანვითარების უნარის ჩამოყალიბებას
დადებითად აისახება პასუხისმგებლობის გრძნობაზე
კარგი იქნება იმ რამდენიმე მახასიათებლის გამოკვეთაც, რომლებიც გვხვდება სწავლების დამკვიდრებულ , ტრადიციულ მოდელში:

სტუდენტებს უწევთ შეასრულონ ლექტორის მიერ განსაზღვრული სამუშაო
სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოტივატორებად გამოიყენება სასჯელი და ჯილდო (შეფასების სისტემა), რაც, პრაქტიკულად, ცოდნის მიღების სურვილს ანაცვლებს ქულის მიღების სურვილით.
სტუდენტების შრომას თავისი შეხედულებისამებრ აფასებს ლექტორი
სტუდენტების დიდი ნაწილი კრიტიკული ანალიზის გარეშე იღებს ავტორიტეტის – ლექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას
სტუდენტებს არ აქვთ საშუალება, გაიაზრონ, რისი ცოდნა სჭირდებათ, რადგან სასწავლო პროგრამა მკაცრად და თანმიმდევრულადაა გაწერილი ლექტორების მიერ. მაგალითად, თუ პროგრამაში წერია, რომ გამრავლების ოპერაციამდე სტუდენტმა უნდა იცოდეს მიმატება, მაშინ სტუდენტს უპირობოდ მოეთხოვება ჯერ მიმატების, შემდეგ კი გამრავლების სწავლა. სტუდენტს არ ეძლევა შანსი, თვითონ გაიაზროს,რისი ცოდნა სჭირდება უფრო მეტის მისაღწევად.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ტრადიციულ და სტუდენტებზე ფოკუსირებულ მოდელებს შორის არის შეფასების სისტემაც. ტრადიციული მეთოდი შეფასების მონოპოლიას აძლევს ლექტორს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს როგორ შეასრულა ამა თუ იმ სტუდენტმა სამუშაო. ალტერნატიული მოდელი შეფასებას ანდობს მთელ ჯგუფს – ანუ, თითოეულ სტუდენტს ეძლევა შანსი, გამოხატოს აზრი თანაკურსელის ნაშრომის შესახებ. ეს კიდევ უფრო მეტად განავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარს, ამავდროულად, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, შეაჯერონ საკუთარი პოზიციები ლექტორის ავტორიტეტული აზრის ჩარევის გარეშე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც არაერთი ლექტორი ეწინააღმდეგება სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლების მოდელს, შეფასების სისტემაა. შეფასების ტრადიციული სისტემა იმდენადაა ფესვგადგმული, რომ სტუდენტების მიერ ერთმანეთის შეფასებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივია, იმიტომ რომ მთელი განათლების სისტემა – საბავშვო ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი – ავტორიტარულ მიდგომებს იყენებს და ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია განვითარებული კრიტიკული აზროვნების მქონე სტუდენტები, მაგრამ ალტერნატიული მოდელი სწორედ ავტორიტარული მიდგომების თავიდან მოცილებას გვთავაზობს. შესაბამისად, ჯგუფის მიერ ინდივიდის შეფასება არ იქნება პრობლემა, რამდენადაც ჯგუფის წევრებს განვითარებული ექნებათ ანალიზის და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარი.

არაერთი კვლევის შედეგად დადასტურებული უპირატესობები საშუალებას გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ სტუდენტების აქტიური მონაწილეობა სასწავლო პროცესში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება განათლების სფეროში. აუცილებელია იმის გააზრება,რომ ტექნიკური თუ მენტალური პროგრესის პარალელურად საჭიროა განათლების სფეროში არსებული ტრადიციული მიდგომების შეცვლაც. სტუდენტს შეუძლია თვითონ მოძებნოს თავისთვის საჭირო ინფორმაცია, შესაბამისად, აღარაა საჭირო „ყოვლისმცოდნე“ ლექტორი, რომელიც დამუშავებულ მასალას მიაწვდის აუდიტორიას. კვლევები ადასტურებს, რომ თუკი ლექტორი დამხმარის როლს შეასრულებს, ინფორმაციის მოპოვება და ინტერპრეტაცია კი სტუდენტის „მოვალეობა“ იქნება, სასწავლო პროცესი უფრო პროდუქტიული გახდება.

სასწავლო პროცესის რადიკალური ცვლილება სტუდენტს ანიჭებს თავისუფლებას, ისწავლოს და პრაქტიკული გამოყენება მოუძებნოს შეძენილ ცოდნას. ერნი შტრინგერის თქმით, „სასწავლო პროცესი გაცილებით ნაყოფიერი ხდება, როდესაც სტუდენტს აქვს საშუალება, თვითონ მოძებნოს ცოდნის გამოყენების გზები“. თავისუფალი პრაქტიკული სამუშაოების შესრულება სტუდენტს აძლევს საშუალებას, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია თავისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ლექტორის ერთადერთი მოვალეობა კი ხდება სტუდენტის დახმარება ცოდნის გაღრმავებაში და არა – უშუალო ჩარევა პროცესის მიმართულების განსაზღვრაში. შეგვიძლია გამოვყოთ სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლების სამი ძირითადი პრინციპი:

სტუდენტს უნდა ჰქონდეს ის ლიტერატურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც საშუალებას მისცემს თავისთვის საინტერესო საკითხი შეისწავლოს და გამოიყენოს პრაქტიკაში
თვითგანათლება – ინფორმაციის დიდი ნაწილი სტუდენტმა უნდა მიიღოს დამოუკიდებლად
სოციალიზაცია ცოდნის მიღებასთან ერთად- ცოდნის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროა დისკუსიები, აზრის გაცვლა-გამოცვლა, კოლაბორაცია.
კვლევებმა დაადასტურა, რომ სტუდენტები ინფორმაციის დიდ ნაწილს იღებენ ერთმანეთისგან. როდესაც ვსაუბრობთ განათლების სოციო-კულტურულ პერსპექტივაზე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ერთობლივი მუშაობა აუცილებელია დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის. დღევანდელი განათლების მოდელი არ ითვალისწინებს განათლების სოციალურ ასპექტს – მასში იშვიათად გვხვდება ჯგუფური პრაქტიკული სამუშაოები, რაც აფერხებს კოლაბორაციის უნარის განვითარებას.

სწავლების ტრადიციული მოდელისგან განსხვავებით, სტუდენტებზე ფოკუსირებული მეთოდი სასწავლო პროცესს ხდის უფრო დინამიურს, ღიას, საშუალებას აძლევს სტუდენტებს კრიტიკულად შეხედონ ამა თუ იმ საკითხს და ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ტრადიციული კურსის გავლის შემდეგ ადამიანმა იცის ის, რაც ლექტორმა ასწავლა, ალტერნატიული მოდელი კი აყალიბებს კრიტიკულად მოაზროვნე ინდივიდს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მუშაობა და განვითარება.