მეთვრამეტე საუკუნის განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და თვითგამორკვევის იდეებმა პროგრესულ მოაზროვნეთა შრომებში თითქმის საყოველთაო კონსენსუსის სახე მიიღო. 1900-იანი წლების პირველ ნახევარში კი განათლების სისტემის სივრცე მოიცვა. 

ამ თვითგამორკვევის ზოგადი პრინციპი გამოიხატებოდა ავტორიტარული ძალაუფლების, “უფროსობის” უარყოფით, რომ ბავშვმა ცოდნა უნდა მიიღოს ძალდატანების გარეშე,მისი ცნობისმოყვარეობისა და სპონტანური საჭიროებების კარნახით.ეს შეხედულება საყოველთაო გახდა პროგრესული განათლების (progressive education) მომხრეთა შორის და რასაკვირველია, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაც შეიძინა.

მაგრამ ამ მეთოდის შედეგები ხშირად იმედგაცრუებას იწვევდა რამაც, გასულ წლებში მზარდი უკურეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. დღეს უკვე მიიჩნევენ,რომ ეს თეორია ძირშივე მცდარია და საგანმანათლებლო პრაქტიკიდან მისი სრული მარგინალიზაცია უნდა მოხდეს. სკოლებში გახშირდა დისციპლინის გამკაცრების, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.

ასეთი უკურეაქციის მნიშვნელოვანწილად განმაპირობებელი ფაქტორი საბჭოთა კავშირის განათლების სისტემის პრაქტიკაა, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. იქ ძველებური, ავტორიტარული მეთოდები მთელი სიმძაფრით მოქმედებს და შედეგად, როცა ცოდნა კონცენტრირებულია, ერთი შეხედვით ჩანს,რომ დისციპლინითა და სასჯელის შიშის დანერგვით მოსწავლეებში უნდა ჩავანაცვლოთ პროგრესული განათლების იდეები – დავივიწყოთ ბავშვის თავისუფალი ნების შესახებ.

არის კი სწავლება ძალდატანების გარეშე თეორიაშივე მცდარი მეთოდი? მაშინაც კი, თუკი სწორია,როგორ ავხსნით მის მეტნაკლებ ჩავარდნას პრაქტიკაში დანერგვისას?

მე მიმაჩნია, რომ თეზისი ბავშვის დამოუკუდებლობაზე სწორია, თუმცა თავისუფლების ცნება თითქმის ყველა მხრიდან შერყვნილია.საკითხის საფუძვლიანად განხილვისას პირველ რიგში უნდა გავიგოთ თავისუფლების ბუნება. ამისათვის უნდა განვასხვავოთ აშკარა და ანონიმური ძალაუფლების ცნებები (overt authority and anonymous authority – A more detailed analysis of the problem of authority can be found in E. Fromm, Escape from Freedom, Rinehart and Co. Inc., New York, 1941.) აშკარა ძალაუფლება ვლინდება პირდაპირ,ექსპლიციტურად.სუბიექტი გაცხადებულად მიმართავს მეორე სუბიექტს : “შენ ეს უნდა გააკეთო, თუ უარს იტყვი,შენს მიმართ ამა და ამ სანქციებს გამოვიყენებ”.

ანონიმური ძალაუფლებაში კი ავტორიტარიზმი იმპლიციტურადაა ნაგულისხმევი : გარეგნულად თავს არ ამჟღავნებს,თითქოს ყველაფერზე ინდივიდის თანხმობას საჭიროებდეს.ადრე მასწავლებელი მოსწავლეს ეუბნებოდა : “შენ ეს უნდა გააკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯები”,ახლა ამბობს “დარწმუნებული ვარ ამის გაკეთება შეგიძლია და გააკეთებ კიდეც ,ხომ ასეა?”
ამ შემთხვევაში დაუმორჩილებლობის საპასუხო სანქცია ფიზიკური დასჯა არ არის, სამაგიეროდ უფრო მკაცრ ფსიქიკურ ზეწოლას ახორციელებს ინდივიდზე – აიძულებს იყოს “რეგულირებული”, მოიქცეს ისე,როგორც უმრავლესობა მის ადგილას. ასე რომ, თუკი აშკარა ძალაუფლება ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას შეიცავდა, ანონიმური ძალაუფლება ფსიქიკურ მანიპულაციას მიმართავს.

აშკარა ძალაუფლების ანონიმურ ძალაუფლებად გარდაქმნის პროცესი მეოცე საუკუნეში ინსტიტუციურმა და ორგანიზაციულმა საჭიროებებმა განაპირობა, ხოლო ეს საჭიროებები თანამედროვე ინდუსტრიული საზოგადოების სოციო-ეკონომიკური ვექტორის მიერ იყო დეტერმინირებული. კაპიტალის მსხვილ საწარმოებში აკუმულირებამ კომპანიებს იერრარქიულად ორგანიზებული ბიუროკრატიის საჭიროება დაანახა. მსხვილი კონგლომერაციები, რომლებშიც მუშები და კლერკები ერთად შრომობდნენ და ყოველი ინდივიდი ფართო, ორგანიზებული საწარმოო მანქანის ნაწილებს წარმოადგენდა და იმისათვის,რომ ამ მანქანას გამართულად ემუშავა,აუცილებელი იყო უწყვეტი,შეუფერხებელი მექანიკური სამუშაო პროცესი.
ასეთ საწარმოო ორგანიზაციაში ინდივიდი მართული და მანიპულირებულია.

მოხმარების სფეროშიც (სადაც მომხმარებელი მოჩვენებითად ,თუმცა მაინც გამოხატავს თავისუფალ არჩევანს) ამგვარად ხდება: არ აქვს მნიშვნელობა რა პროდუქტის მოხმარებაზეა საუბარი, საჭმლის, ტანსაცმლის, სასმელის, სიგარეტის, კინოსა თუ სხვა – ღონიერი “მრჩეველი აპარატი” მუშაობს ორი მიზნით: პირველი, – გამუდმებით შეეცადოს,გაზარდოს ინდივიდის მიდრეკილება ახალი საქონელისაკენ და მეორე: – მიმართოს ეს მიდრეკილება ინდუსტრიის სარგებლიანობის გაზრდისაკენ. ადამიანი იქცევა მომხმარებლად, რომლის მიზანია შთანთქოს რაც შეიძლება მეტი და უკეთესი საქონელი.

ეკონომიკური სისტემა ინდივიდს აიძულებს მოერგოს საყოველთაო ტენდენციებსა და თამაშის წესებს.ქმნის ნახევრად მექანიკურ არსებას,რომელსაც უნდა მოიხმაროს მეტი და მეტი საქონელი. სისტემა ქმნის ინდივიდს,რომლის გემოვნება სტანდარტიზებულია, რომელზეც ფსიქიკური გავლენის მოხდენა ადვილად შეიძლება.

სისტემას სჭირდება მასა, რომელიც თავს დამოუკიდებლად და თავისუფლად გრძნობს,თუმცა მათი ოცნებები და მისწრაფებებიც კი წინასწარ განსაზღვრულ ჩარჩოებს არ სცილდება, მასა, რომელიც სოციალური მანქანის სახელით მოირგებს ინდივიდებს, როგორც ჭანჭიკებს, იმართება ძალდატანების გარეშე, რომელსაც ადვილად უხელმძღვანელებ ლიდერების გარეშეც ( დეტალური ანალიზი ინდუსტრიული სისტემისა და ინდივიდის მახასიათებელი შტრიხების ურთიერთობაზე იხილეთ: E. Fromm, The Sane Society, Rinehart and Co. Inc., New York, 1955.) ძალაუფლება არსად გამქრალა,არც გავლენა დაუკარგავს. ის უბრალოდ ტრანსფორმირდა აშკარა, ექსპლიციტური ფორმიდან ანონიმურ, იმპლიციტურ ფორმად, რომლის იარაღი დარწმუნება, ფსიქოლოგიური რეპრესია და რჩევა-დარიგებაა. სხვა სიტყვებით,იმისათვის რომ შეეგუოს არსებულ რეალობას, თანამედროვე ადამიანი იძულებულია იკვებოს ილუზიით, რომ ყველაფერი მისი თანხმობით კეთდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ამ თანხმობაში ამოიცნოს კიდეც უჩინარი მანიპულაცია. იგივე მექანიზმი მოქმედებს განათლების სისტემაშიც: ბავშვი იძულებულია,გადაყლაპოს ტაბლეტი, თუმცა ტაბლეტის გარსი შაქრიანია. მშობლები და მასწავლებელი ერთმანეთში ურევენ ნამდვილ არაავტორიტარულ განათლებასა და განათლებას, დარწმუნებით, დაზეპირებითა და ძალადობის დაფარული ფორმებით.
პროგრესული განათლებაც ამ გაუგებრობამ იმსხვერპლა,იგი ვერ განვითარდა იმ გზით, რა გზასაც პირვანდელი თეორია სთავაზობდა.

II

ა.ს. ნილის სისტემა ბავშვის განვითარების რადიკალური მიდგომაა.ჩემი აზრით მისი წიგნი უდიდესი მნიშვნელობისაა, რადგან იგი პირდაპირ წარმოაჩენს განათლების ჭეშმარიტ პრინციპებს. სამერჰილის სკოლა ამ სისტემის პრაქსისია,სადაც ავტორიტარულობა მანიპულირების ფორმებში არ იმალება.სამერჰილი არ გამოხატავს თეორიას, იგი ესადაგება ნამდვილ, 40 წლიან გამოცდილებას. ავტორის გენერალური იდეა ისაა, რომ “თავისუფლება მუშაობს”.პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ნილის სისტემას, მის წიგნში დაწვრილებითაა დამუშავებული, მარტივად და არაორაზროვნად.
მოკლედ შევაჯამოთ ისინი:

1. ნილი მხარს უჭერს შეხედულებას ბავშვის ნატურალური ცნობისმოყვარეობის შესახებ.ბავშვი არ იბადება მშიშარა, უსულო ავტომატად, იგი სავსეა ინტერესისა და სიყვარულის პოტენციალობებით.

2.განათლების მიზანი, ფაქტობრივად ცხოვრების მიზანი საყვარელი საქმის სიხარულით კეთება და ბედნიერების ძიებაა. ბედნიერება კი, ნილის თანახმად ნიშნავს უწყვეტ ინტერესს – იყო ცნობისმოყვარე ცხოვრების მიმართ, ანდაც, როგორც მე მესმის,უპასუხო,რეფლექსია მოახდინო ცხოვრებაზე არა მხოლოდ ტვინით, არამედ მთელი ინდივიდუალურობით, – ხასიათის თავისებურებებითა და ემოციურობით.

3.განათლებისათვის ინტელექტუალური განვითარება არ კმარა.იგი იმდენივე ყურადღებას უნდა უთმობდეს ემოციურ განვითარებას. თანემდროვე საზოგადოებაში ჩვენ ხშირად ვაწყდებით ინტელექტისა და გრძნობის კონცეპტებს შორის უთანხმოებას. დღეს ადამიანთა გამოცდილებები ძირითადად აზროვნების გამოცდილებებია, ვიდრე უშუალო ემოციური შეგრძნებები, ის რასაც ხედავს,ის რასაც ისმენს. ფაქტობრივად კონცეპტთა ასეთმა გათიშვამ თანამედროვე ინდივიდი თითქმის შიზოიდურ კონდიციამდე მიიყვანა.

4.განათლება უნდა გადაიცეს ბავშვის ფსიქიკური საჭიროებებისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ბავშვი ბუნებით არაა ალტრუისტი. მას არ უყვარს იმ გაგებით, რა გაგებითაც ზრდასრულ ადამიანს. ალტრუიზმი ადრეული ბავშვობის შემდგომ ვითარდება.

5.დისციპლინა, რომელსაც კატეგორიულად ითხოვენ, და სასჯელის არსებობა შიშს ბადებს.შიში კი თავის მხრივ – მტრობას. მტრობა შესაძლებელია სულაც არ იყოს ცნობიერი და აშკარა,მ აგრამ ავთენტურ შეგრძნებათა პარალიზებას იწვევს. ექსტენსიური დისციპლინა ბავშვს ვნებს და არღვევს ფსიქიკური განვითარების ტემპებს.

6.თავისუფლება არ არის ლიცენზია. უმნიშვნელოვანესი პრინციპი ,რომელსაც ნილი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს, არის ურთიერთპატივისცემა ინდივიდთა შორის. მასწავლებელი არ იყენებს სასჯელის ფორმებს ბავშვთან ურთიერთობსას,არც ბავშვს აქვს იმავე უფლებით სარგებლობის განცდა.

7.ამ პრინციპებთან ძლიერ კავშირშია გულწრფელობა მასწავლებლების მხრიდან.ავტორი ირწმუნება, რომ ორმოცი წლის მანძილზე, მუშაობისას არასდროს მოუტყუებია ბავშვი.ყველა,ვინც ამ წიგნს წაიკითხავს,დარწმუნდება,რომ ეს ნამდვილი სიმართლეა.

8.ჯანმრთელი განვითარება ბავშვისგან მოითხოვს თანდათანობით დამოუკიდებლობის შეძენას მშობლებისაგან.მან უნდა ისწავლოს როგორ გაუსწოროს თვალი ნამდვილ პრობლემებს, რეალობას, უნდა შეძლოს,იპოვოს თავდაჯერებულობა არა რაიმე სიმბიოტური მიმაგრებით,არამედ შესაძლებლობით, ჩაეჭიდოს რეალობას ინტელექტუალურად, ემოციურად,არტისტულად, რაც მთავარია იპოვოს უსაფრთხოება დომინაციისა და მორჩილების მიღმა.

9.თავის დამნაშავედ გრძნობას პირველადი ეფექტი ისა აქვს, რომ იგი აკავშირებს ბავშვს ძალაუფლებასთან, უფროსებთან, ავტორიტეტებთან. ციკლი, რომელიც მოძრაობს აჯანყების, სინანულის, მორჩილებისა და ახალი აჯანყების წრეში. დამნაშავეობა, როგორც დღეს ეს ცნება გაგებულია, სულაც არ არის შინაგანი რეაქცია სინდისის ხმაზე. პირიქით, არსებითად ავთენტური ნდომაა დაუმორჩილებლობისა და შიში – რეპრესიისა.

10.სამერჰილის სკოლა არ გვთავაზობს რელიგიურ განათლებას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას,რომ იგი კონცენტრირებული არაა ჰუმანისტურ ღირებულებებზე.ნილი ლაკონურად აღნიშნავს: “საქმე არ არის თეოლოგებსა და ათეისტებს შორის უთანხმოებაში, პრობლემა იქნებოდა უთანხმოება თავისუფლებისა და რეპრესიის მომხრეებს შორის” ავტორი განაგრძობს: “მომავალში ახალი თაობები აღარ დაეთანხმებიან დრომოჭმული ეკლესიის მითებს. თავად რელიგიებიც უარყოფენ იდეას, თანდაყოლილი ცოდვის შესახებ.და ინდივიდის ახალი ურთიერთობა რელიგიასთან მისსავე ბედნიერებაზე იქნება მორგებული.”ჩვენ ავადმყოფურ საზოგადოებაში გვიწევს არსებობა,ჩვენი სპირიტუალური გამოცდილებები, ჩვენი რელიგიური ინსტრუქციები ყალბი და თვალთმაქცურია”.

ნილი არ ცდილობს ჩამოაყალიბოს განათლების ისეთი სისტემა, რომელიც ბავშვებს აღზრდის არსებული წესრიგის მიერ ნაკარნახევი წესებით. იგი რეალისტია, იცის, რომ ბავშვები, რომელიც სამერჰილში განათლებას იღებენ, აუცილებლად მსოფლიო მასშტაბით წარმატებული პროფესიონალები არ გახდებიან, თუმცა შეიძენენ ნამდვილობის ისეთ განცდას ,რომელიც ეფექტურად ააცილებთ თავიდან მათხოვრობას.

III

მისი წიგნის წაკითხვისთანავე სტიმული და სიმამაცე მომემატა. ვიმედოვნებ, ასევე დაემართა უამრავ სხვა მკითხველს.ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვეთანხმები ყველა მტკიცებას, რომელსაც ავტორი მიმართავს. უდავოა, რომ მკითხველი ამ წიგნს არ გაეცნობა ისე,როგორც ბიბლიას, და დარწმუნებული ვარ, რომ ავტორს ყველაზე ნაკლებ სურს მისი ნაშრომის საკრალიზაცია.

შევეცდები გამოვყო ჩემი დაკვირვების ორი მიმართულება: ვგრძნობ, რომ ნილი როგორღაც ვერ აფასებს ინტელექტუალს,მის მნიშვნელობასა და აუთენტურობას, იგი უფრო არტისტულ, ემოციურ კრეატიულობაზე კონცენტრირდება. გარდა ამისა ავტორი ფროიდის ვარაუდებს ყოველგვარი კრიტიკის გარეშე იღებს, და როგორც ვხედავ,ამეტებს სექსუალობის მნიშვნელობას, ისევე როგორც ფროიდიანელები.ამის მიუხედავად მე მაინც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მისი გულწრფელი რეალიზმით,იმ მეთოდებით ,რასაც იგი ბავშვთან ურთიერთობის პროცესში იყენებს, ეს კრიტიკა მეტწილად მის ფორმულაციებს უფრო მიემართება, ვიდრე მის აქტუალურ გადატანას აღზრდისა და განათლების სფეროში.

მე ხაზს ვუსვამ სიტყვა “რეალიზმს”, იმიტომ რომ ყველაზე მეტად მანცვიფრებს ავტორის უნარი,დაინახოს,განასხვავოს ფაქტი ფიქციისაგან, არ აყვეს რაციონალიზაციებსა და ილუზიებს, რომლებშიც ხალხი ცხოვრობს და რომლებიც ბლოკავენ აუთენტურ შეგრძნებებსა და გამოცდილებებს.
ნილი უდავოდ მამაცი კაცია,და მისივე სიმამაცის რწმენა განაპირობებს ხედვას, რომლითაც იგი რეალიზმს და სიყვარულისა და საღი აზრის, გონიერების კონცეფციებთან აკავშირებს. მხარს უჭერს რა ცხოვრებისადმი უკომპრომისო პატივისცემას და პატივისცემას ინდივიდის მიმართ,იგი ექსპერიმენტატორად და დამკვირვებლად იქცევა, არა დოგმატიკოსად, რომელსაც ეგოისტური იმპერატივები შთააგონებენ ქცევისა და ფიქრის ფორმებს. ნილთან განათლება თერაპიასთანაა შერწყმული,მაგრამ მისთვის თერაპია არ არის განცალკევებული მატერია, რომელიც რაღაც სპეციალურ პრობლემებს წყვეტს,იგი უბრალოდ პროცესია,რომელიც ბავშვს შთააგონებს, რომ სიცოცხლეს მაგრად უნდა ჩასჭიდოს ხელი – იმის მაგივრად რომ გაიქცეს მისგან.

მკითხველისთვის ნათელი გახდება, რომ ექსპერიმენტი, რომელზეც ეს წიგნი გვიამბობს, უეჭველია, თანამეროვე საზოგადოებაში ფართოდ აღიარებულ პრაქტიკად ვერ იქცევა. არამხოლოდ იმიტომ, რომ იგი ისეთი ექსტრაორდინალური ადამიანის მიერაა ჩატარებული, როგორიც მისტერ ნილია, არამედ იმიტომაც, რომ ცოტაოდენ მშობლებს თუ შესწევთ გამბედაობა და დამოუკიდებლობა იმისათვის, რომ იზრუნონ ბავშვის ბედნიერებაზე და არა “წარმატებაზე”. თუმცა ეს ფაქტი ნაშრომის მნიშვნელობას ვერაფრით აკნინებს.

მიუხედავად იმისა, რომ სამერჰილის მსგავსი პროექტი ჯერ ამერიკულ საგანმანათლებლო პრაქტიკაში არ დანერგილა, მკითხველი უთუოდ ისარგებლებს ნილის წიგნით. ნაშრომი დაეხმარება გადახედოს ურთიერთობებს ბავშვთან. იგი აღმოაჩენს, რომ ნილის მეთოდი განსხვავებულია იმისგან,რასაც უმრავლესობა “ნებადართულს” უწოდებს. ავტორის დაჟინებული იდეას ბავშვთან ურთიერთობისას – “თავისუფლება ლიცენზიის გარეშე” – ნამდვილად შეუძლია შეცვალოს დოგმატური განწყობები და შეხედულებები.

გონიერი მშობელი შოკირებული დარჩება, როცა გააცნობიერებს რეპრესიისა და ანონიმური ძალაუფლების ხარისხს, რომელთაც ბავშვის წინააღმდეგ მიმართავს. წიგნი დანერგავს ახალ მნიშვნელობებს ისეთი ცნებებისათვის, როგორიცაა სიყვარული, მტკიცება, თავისუფლება.

თუკი ეს სამერჰილში განხორციელდა, ე.ი სავსებით შესაძლებელია სხვაგანაც დაინერგოს – მაშინ, როცა ხალხი მზად იქნება ამისთვის. არ არსებობობს პრობლემატური ბავშვი,როგორც ნილი ამტკიცებს, არსებობენ პრობლემატური მშობლები. მჯერა, რომ მისი იდეები საზოგადოდ აღიარებული იქნება ახალი ფორმაციის საზოგადოებაში,სადაც პიროვნება თვითონ, ძალდაუტანებლად ხსნის ცოდნის ახალ ჰორიზონტებს, ხოლო პროცესი შეუქცევადია და საინტერესო.