რეცენზია მიხაელ ჰანეკეს ფილმზე
მოდი პირდაპირ ვთქვათ – გავაკეთოთ ერთმნიშვნელოვანი და გაშიშვლებული განაცხადი მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე (ანუ სტრატეგიულად ბრძნულად აგებულ) „შოკისმომგვრელ“ ფილმზე. ფილმი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, „შოკურად“ მხოლოდ გამოუცდელი მაყურებლისთვის აღიქმება, რომელიც ფსიქოლოგიურ ხრიკებზე აწყობილი ფილმის გავლენის ქვეშ ექცევა, სინამდვილეში კი ფილმი მიუტევებლად კორექტულია – მასში არც ძალადობის სცენებია წინ წამოწეული, არც სექსი, და არც შიშველი სხეულები. იგი სინამდვილეში არც თრილერის კატეგორიას მიეკუთვნება და არც საშინელებათა ფილმებისა – ეს მკაცრად იდეოლოგიური ფილმია.
ფილმი იწყება იმით, რომ ჩვენს სამყაროს მოევლინება თეთრებში გამოწყობილი ორი ანგელოზი, დიდი, წყლიანი თვალებით და არაამქვეყნიური გამომეტყველებით. ფილმში მათ ანგელოზობას, ანუ ბედის მარეგულირებელ ფუნქციას, ამტკიცებს ის, რომ მათ შესწევთ ძალა იბატონონ დროზე— აბრუნებენ მას უკან, სრულიად აუჩქარებლად მოქმედებენ — რადგან მსხვერპლი მათ ვერსად გაექცევა და ვერსად ემალება. ისინი დამსჯელი ანგელოზები არიან ღმერთის ელიტარული SS-ის ბრიგადიდან. კლასიკური ანგელოზებისგან ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ კლასიკური დამსჯელი ცეცხლოვანი მახვილის ნაცვლად ცნობილი ფირმის დახვეწილი დიზაინის გოლფის ჯოხებით არიან შეიარაღებული.
და აი, ასეთი მრისხანე ზეციური სტუმრები ეწვევიან აგარაკზე ახალგაზრდა სიმპათიურ ოჯახს — იდეალურს თავისი წესიერებით, გარეგნობით, განათლებით, კულტურით და სიკეთით – უაღრესად გამორჩეულს მეგობრობით და ერთგულებით ერთმანეთისა და, საერთოდ, საზოგადოების მიმართ. მაგრამ, მიუხედავად ასეთი პოზიტიურობისა, ფილმის ავტორი არ ცდილობს, ისე დაგვაახლოვოს ამ გმირებთან, რომ შეგვაყვაროს ისინი. ეს მხოლოდ ახალგაზრდა, შეძლებული ოჯახის კრებითი სახეა, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული იდეოლოგიის იდეალური სეგმენტი. ამ ოჯახის სახით ჩვენ გვაცნობენ და გვიხასიათებენ გარკვეული სოციალური კლასის ფუნდამენტურ და საყოველთაო ოცნებას – იმ სოციალური კლასისა, რომელიც დასავლეთის ცივილიზაციის იდეალებისა და ფასეულობების მთავარი გამტარია. ასეთი საყოველთაო ოცნების სახელია „პრივატული ბედნიერება“.
„პრივატული ბედნიერების” (რომელსაც შესწევს უნარი, დაიმორჩილოს და თავის სამსახურში ჩააყენოს უდიდესი „კომუნალური“ პროექტებიც კი) ცნება „განმანათლებლობის“ წიაღში გაფორმდა იმდროინდელი გაგებით.
„განმანათლებლობის“ გამოყენებითმა “პროგრესულმა” იდეებმა ბუნების ძალებზე სრული კონტროლის პერსპექტივით (ანუ გამოსადეგი სტრუქტურების დაცვისა და შენარჩუნების შესაძლებლობის რწმენით) და, ასევე, ადამიანის ინსტინქტების მოშინაურება-მოთოკვის უტოპიური იმედით ადამიანის ცნობიერებაში გააჩინა დაცული სუვერენულობის არსებობის ილუზია. და აი, ასეთი უშფოთველი და სტაბილური სამოთხის მიღწევის ოცნება იქცა ყოვლისმომცველ და ერთადერთ სასურველ პერსპექტივად ტიპური „კულტურული“ დასავლელისათვის (მათ შორის ფილმში წარმოდგენილი ოჯახისთვისაც).
მაგრამ რა არის ამ პრივატულობის ოცნებაში, ამ სიმყუდროვის სურვილში ასე ცოდვიანი, რომ ამ რაღაცას ანგელოზები ფილმში ასე ცინიკურად და ზიზღით უსწორდებიან?
ის, რაც ღვთიური სტუმრებისთვის ასეთი სიძულვილის ობიექტი გახდა ამ ოჯახთან ურთიერთობაში, შეიძლება დახასიათდეს ერთი სიტყვით — „ნელთბილი“. „ოჰ, რომ იყო შენ ცხელი ან ცივი, მაგრამ, საუბედუროდ, როგორი ნელთბილი ხარ“ — ამბობს იესო. „ყაჩაღს უფრო მეტი შანსი აქვს, მიაღწიოს გასხივოსნებას, ვიდრე თვინიერ მეოჯახეს“ — ამბობს ბუდა.
სიტყვა „ნელთბილისთვის“ და, საერთოდ, ყოველგვარი „კომფორტული სამოსისთვის“ ადამიანებს აქ, დედამიწაზე, დრო არა აქვთ. — ასეთია უზენაესი განაჩენი.
მოდი „ბლოუ აპი“ განვახორციელოთ და ფილმის ღრმა შინაარსობრივ შრეებს შევეხოთ. “წესიერი” ქცევის წესების გაპრიალებული, კულტურული ზედაპირის ქვეშ, ძნელია, კაცმა შეამჩნიოს ის ნერვული რეაქციები და ის წვრილმანი გაღიზიანებები, რომლებითაც ახალგაზრდა ოჯახის წევრებში მჟღავნდება მათში ღრმად დაფუძნებული შინაგანი მიუღებლობა ყველაფერ უჩვეულოს მიმართ. ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს უჩვეულო შეიძლება შემოიპაროს და შეეხოს მათ მშვიდობიან და უდრტვინველ ცხოვრებას. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ტკივილმა ან სიკვდილმა მოახერხოს და დაისადგუროს მათ რბილ და კომფორტულ საშინაო ფეხსაცმელებში, კრიალა მანქანაში, თეთრ იახტაში, პროდუქტებით გამოტენილ მაცივარში, ძაღლის მხიარულ ყეფაში, თავშესაქცევ თამაშებში, რაც ელეგანტური და ჰარმონიული კლასიკური მუსიკის პიესების სახელებისა და შემსრულებლების გამოცნობაში მდგომარეობს. ტკივილმა და სიკვდილმა არც აგარაკის წინ გადაშლილი პეიზაჟის სილამაზეში ან მეზობლებთან დილის საუზმეში უნდა იჩინოს თავი.
ასეთი „კულტურულ-კეთილშობილური“ თვისებების სიუხვის გამო ეს ახალგაზრდა ოჯახი იტანჯება ამ თვისებების თანმყოლი სენით — დასავლური ცივილიზაციის ტრადიციული და ქრონიკული ავადმყოფობით — „კულტურსკლეროზით“. ამ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხალხმა უკვე მოახერხეს ყოველივე ირგვლივ არსებულისგან — სილამაზისგან, ურთიერთობებისგან, მორალისგან, ბუნებისგან — დაცული და კომფორტული სავანის მოწყობა. ახლა მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ისაა, რომ მიწიერი ყოფის ყოველი წუთი საკუთარი პრივატული ტერიტორიის მყუდრო ნიშაში შემოზიდონ. აგარაკის ბაღის ჩარაზულ თეთრ ჭიშკარს და საკუთარი ვილის შავ დარაბებს ამოფარებულნი, ისინი თავიანთი მიწიერი ყოფის გეგმაზომიერად და უშფოთველად ჩამთავრებას აპირებენ, რაც სამოთხისეული სტაბილურობისა და უდრტვინველი კეთილგანწყობის იმიტაციას მოითხოვს (მისაბაძი მაგალითი მათ უკვე აქვთ: გვერდითა ვილაში მცხოვრები ასაკოვანი წესიერი მეზობლები ¬— ფილმის ბოლოს — ანგელოზების მომდევნო მსხვერპლნი). ასე რომ, მოალერსე მზის სხივებქვეშ თვალების საამურ ჭუტვაში ამ ახალგაზრდებს სულ გამოეპარათ მხედველობიდან, რომ მზე შემზარავი, გავარვარებული სფეროა, რომელიც მისი არსის შეცნობის სურვილით შეპყრობას მოითხოვს ჩვენგან, რაშიც ჩვენი საკუთარი არსის გააზრებაც იგულისხმება. მხოლოდ ამგვარ ძალისხმევებს შეუძლია აარიდოს კაცს ცისქვეშეთში არსებულთათვის ყველაზე საშინელი იარლიყი “უვარგისი ადამიანი”.
და აი, ნება, რომელსაც „აბსოლუტურ სხვას“ უწოდებენ, ცდილობს, ჩვენი ფილმის სივრცეში ანგელოზთა დახმარებით რეაბილიტაცია გაუწიოს „საშინელს“, როგორც სიკეთის მატარებელს, მეხსიერებაში ტკივილისა და სიკვდილის თერაპიული ეფექტის აღმდგენელს; ანუ კვლავ ნათელყოს მათი გამომაფხიზლებელი ფუნქცია, როგორც რეალობის ქმედითი ჭვრეტის წინაპირობა – დაგვარწმუნოს სასოწარკვეთის სარგებლობაში (სასოწარკვეთილი მდუმარების ხანგრძლივი მიზანსცენა ფილმში), რაზეც ქრისტეც მიგვანიშნებს და რაც ჩვენ ძალიან გვაშინებს. როგორც პასკალი ამბობდა, კაცობრიობა გაუთავებლად იგონებს გასართობებს ერთადერთი მიზნით – თვალი დახუჭოს და დაივიწყოს თავისი ბუნების წარმავალობის ხასიათი, ანუ დაიმალოს საკუთარ ხელოვნურ პრივატულ სამოთხეში (აქ დედამიწაზე), რომელიც არა მხოლოდ არ შეესატყვისება ადამიანურ ბუნებას, არამედ საერთოდაც სიბეცე და ილუზიაა, რადგან ამ სამოთხის ყოველი ხის ყოველ ფოთოლზე ჩვენი სავალალო ადამიანური სტატუსი და, საერთოდ, სამყაროს საქმეთა შემზარავი ვითარების ანაბეჭდებია გამოსახული.
ასე რომ, ჩვენი ფილმის ანგელოზები უკიდურესად ცინიკურები, სარკასტულები და ბრუტალურები არიან, როცა საქმე ადამიანის სიბრმავეს ეხება მის ადამიანურ ძირეული მისიასთან მიმართებაში. ეს მისია გარემოს და ადამიანის გამაერთიანებელი გადახსნილი უბსკრულია, ანუ ონტოლოგიურ ჭეშმარიტებასთან ზიარების შანსი.
უშფოთველობასა და ნეტარებაში, რომელშიც ეს ახალგაზრდა ოჯახი იმყოფება, შეუძლებელია აღმოაჩინო შიშის გრძნობა: ანგელოზთა მოსვლით ეს ოჯახი იტანჯება, მაგრამ შიში არ იჩენს მათში თავს. შიში ხომ ის პირველია, რითაც იწყება ყოფიერების გაცნობიერება. ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში სახელმწიფო — პოლიცია, მართლმსაჯულება — ისეთი მონდომებით იცავს პრივატულობას და ისე ზრუნავს ადამიანის დამკვიდრებისთვის თავის თბილ სუვერენულ ყოფაში (აქ ხელის შეშლის უნარი შესწევთ მხოლოდ ანგელოზებს — ფილმში ნახსენები ჯანკებიც ამ კატეგორიის არსებებს განეკუთვნებიან), რომ შიში მას სრულიად ატროფირებული აქვს. კომფორტულ დაცულობაში შიში დავიწყებულია, მოხსნილია თამაშიდან. ამ დროს ადამიანს არ ახსოვს, რომ ოდესღაც სწორედ შიში იყო მისი ბრძენი დამრიგებელი, რომ შიშმა და ძრწოლამ გააფორმა ის, როგორც მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური ფენომენი და რომ შიში არა მხოლოდ მონას არ ბადებს, არამედ მას შესწევს ასევე უნარი, გიბიძგოს თავისუფლებისკენ — თავისუფლებისკენ საკუთარი თავისაგან, იმ შეზღუდულობისაგან, რასაც ჰქვია კაცის ბედი და ადამიანის სახელი.
რა მოხდა, თუ დავუშვებთ, რომ ფილმში სულაც მუსლიმი ტერორისტები არიან ნაჩვენები და საერთოდაც ეს ისლამისტური იდეოლოგიის ფილმია? თუ ეს ანგელოზები ისლამური წარმოშობისანი არიან და დასავლეთს ისლამური თვალთახედვით უყურებენ, ანუ როგორც სამყაროს, რომელმაც საკუთარი ღმერთი (და სხვისიც) დაივიწყა და, უფრო მეტიც, კომფორტული ბალიშებით და ბოდი-ტრენაჟორებით მიახრჩო (ხომ აღნიშნავენ ანგელოზები ფილმში, რომ ქალის მთავარ გმირს ცხიმის ნასახიც არა აქვს ნავარჯიშებ სხეულზე; ხომ უყენებს ანგელოზი ოჯახს პირობად, რომ, თუ რომელიმე მათგანი ერთ ლოცვას მაინც გაიხსენებს, ანგელოზები სცენარს შეცვლიან). რასაკვირველია ეს მუსლიმური რაკურსიც შესაძლებელია, მაგრამ მოდი ნუ “შევტენით” მოლაყბე იდეოლოგებს და შეპყრობილ რელიგიურ პოლიტიკოსებს საღეჭ რეზინს და განვაცხადოთ _ ყველა რჯულის ანგელოზი მხოლოდ იმას მოითხოვს, რასაც ყოველთვის და ყველგან ანგელოზი ითხოვს — ჩვენი პრივატული სამყაროს სრულ გაწირვას.
კინოდან ცნობილია მრავალი „თვითმარქვია“ დამსჯელი ანგელოზის სახე, რომლებიც გარემოსგან თვითგანწირვას და სულის შემართებას ითხოვენ; რომელთაც სძულთ ყოველდღიურობა და მისი გამტარნი (მიამიტი და უცოდველი წყვილები ან უკვე გაწაფული და გამოცდილი მომხმარებლები) და, საერთოდ, რუტინის კანონით გაწყობილი ცხოვრება.
ყველაზე მეტად მომხიბვლელი და არტისტული ამ შეურიგებელ მებრძოლ ანგელოზთა ეკრანულ სახეთაგან იყო ბოროტი ცეტი, შავი ცილინდრით და მარჯვენა თვალზე დადებული მძიმე „მეიკ აფ“-ით — როგორც ანგელოზებს შეეფერებათ, თეთრებში ჩაცმული და დიდი ცისფერი თვალებით, ყოველთვის ეშმაკურ-სარკასტული კითხვითი გამომეტყველებით რომ გვიმზერდნენ ეკრანიდან. ეს ახალგაზრდა მხოლოდ რძეს სვამდა რძის ბარში, მოცარტის ნაცვლად ბეთჰოვენი უყვარდა, ვერ იტანდა კომფორტში და სიმყუდროვეში მოკალათებულ ინტელექტუალებს (მათ ძალადობით აფხიზლებდა), მაგრამ ასევე ზიზღით უყურებდა უძლურებს და უგნურებსაც, რომლებიც ცემით სიკვდილამდე მიჰყავდა. ეს პატარა ანგელოზი „ბატონმა საზოგადოებამ“ მოათვინიერა და ბოლოს მასხარადაც აიგდო („მექანიკური ფორთოხალი“).
იყო კიდევ სხვა — ახლად მოვლენილი ღმერთი (პოლკოვნიკის წოდებით), რომელიც ჯუნგლებში დასახლდა, მბრძანებლობდა აბორიგენებს და ყველგან სიკვდილს თესავდა — სიკვდილში ჭეშმარიტ დამრიგებელს ცნობდა და სამყაროს სწორედ ამ მასწავლებელს სთავაზობდა პირდაპირი გაგებით. მაგრამ იგი ასეთი მძიმე ტვირთისგან დაიღალა და თვითონ მოითხოვა გადადგომა… მისი თხოვნა გაიგონეს და ლიკვიდაცია გაუკეთეს („ახალი აპოკალიფსი“).
კიდევ ერთი (მაგრამ უკვე არა ფილმიდან, არამედ სინამდვილიდან — ცნობილი არა მხოლოდ თავისი უგრძესი ულვაშით), ყველაზე მედგარი მებრძოლი ყველა სახის კონფორმიზმსა და კომფორტთან. ის, დიდი ხნის, ინტენსიური და დაუცხრომელი, ამ მთავარ ბოროტებასთან ბრძოლისაგან ჭკუიდან შეიშალა და მრავალი წლის მანძილზე სამყაროს მეფედ წარმოედგინა თავი, სანამ გონებამ საბოლოოდ არ დატოვა.
და აი კიდევ ერთი, ისევ ფილმიდან, რომელმაც პირდაპირ ჯვრიდან მოახერხა გაპარვა – დაბრუნდა უკან ამ „წყეულ ადამიანურ კეთილდღეობაში“. მრავალი წლის შემდეგ, როცა მას მიაგნეს და შეცდომაზე მიუთითეს, ის დარცხვენილი ჯვარზე დაბრუნდა, გაიხსენა თავისი მისია, და აღასრულა ის, რაც ბოლომდე ევალებოდა — გაიწირა ღვთისათვის („ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება“).
ასე რომ, რაც არ უნდა თქვა, ანგელოზად ყოფნაც არ უნდა იყოს იოლი — ადამიანის ცნობიერებისთვის გაუგებარი დამსჯელი აქციების გატარების სუპერმისია, ეტყობა, მძიმე ტვირთია — დღეს ხომ სასტიკი სასჯელის შემდეგ ადამიანები არასოდეს იღიმებიან _ განსხვავებით კაფკას „გამოსასწორებელი კოლონიის“ გმირისგან, რომელსაც წამების შემდეგ სახეზე ღვთიური ღიმილი გადაეკრა.
მაგრამ აქ, ჩვენს ფილმში, ნამდვილად გაგვიმართლა. მასში მოქმედი ანგელოზები შეუდრეკელნი არიან, ყოვლად ძლიერნი _ იახტის ბორტიდან ბოლო „უვარგისი ადამიანის“ სრული გულგრილობით წყალში გადაგდების შემდეგ მარადიული ცის ფონზე ისინი წყნარად აგრძელებენ საუბარს კოსმოსსა და მეტაფიზიკაზე. ამ ოჯახში ანგელოზებმა თავიანთი მისია სრულყოფილად შეასრულეს, ფილმის დასაწყისშივე გამოსტყუეს ოჯახს ყველა კვერცხი და ტერმინირება ჩაუტარეს — რითაც ამ მოდგმის აღორძინების და გაგრძელების ყველა შანსი მოსპეს. და აი, ფილმის ბოლო კადრში ეს ციური სტუმრები, კვლავ ჩოგბურთის მიმზიდველ თეთრ სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილნი, „უვარგისების“ ახალ ოჯახს ეწვევიან. ეს „ახალნი“ უკვე ასაკოვანნი არიან — ამიტომაც დონდლო მარიონეტების როლი კიდევ უფრო სრულყოფილად აქვთ შესისხლხორცებული; ისინი თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ ბედისწერა გააცურეს, გადაატარეს, მოახერხეს გაძრომა _ რბილ, მოალერსე მზის სხივებში ამქვეყნად „პატარა ცხოვრება“ გაახერხეს და იცხოვრეს.
დასავლეთი თავისი ისტორიული მისიით, გახსნილი ჭრილობის ადგილია (ტოპოსია) — ჭრილობა დასავლეთის მისიის წინაპირობაა და ჩვენც ყველანი ამ ჭრილობის შვილები ვართ. ვისაც არ სურს და არ ძალუძს ხვედრის ტარება და გასრულება და მხოლოდ ჭრილობის დაამებასა და შეხორცებაზე ზრუნავს, ის წინააღმდეგია იმ გზების, რომელთაც ღმერთი აგებს. ჩვენი ფილმის მრისხანე ანგელოზები ცდილობენ, ამ გზებს სავალობა შეუნარჩუნონ. იქნებ მართალი იყო მაო, როცა ამბობდა „რაც უარესი, მით უკეთესი“ და მხოლოდ ამ გზით და ასე შეიძლება „დიზაინის საზოგადოება“ გარდაიქმნას ცოცხალ კომუნალურობად.