კონსენსუსი

კონსენსუსი არის ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების გზა, რომლის საბოლოო მიზანიც არის ჯგუფის ყველა წევრის ნებართვა (და არა აუცილებლად თანხმობა), შესრულდეს რაღაც მოქმედება.

კონსენსუსი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „თავის ერთად გრძნობას“ (feel together). ეს ტერმინი გამოიყენება როგორც გადაწყვეტილების, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღსანიშნავად. კონსენსუსი არ უნდა ავურიოთ ერთსულოვნებასა და სოლიდარობაში.

კონსენსუსს ახასიათებს რამდენიმე ძირითადი თვისება:

შეთანხმებისკენ სწრაფვა – კონსენსუსის წესით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილი დარჩეს.
კოლაბორაცია – ჯგუფის თითოეული წევრი ცდილობს იპოვოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ჯგუფის ყველა წევრისთვის იქნება კარგი და არა – მხოლოდ თავისთვის.
თანასწორობა – ჯგუფის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ჩართულობა – გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სასურველია, ჩართული იყოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფის წევრი.
თანამონაწილეობა – კონსენსუსის პროცესმა რაც შეიძლება კარგად უნდა შეაჯეროს ყველა მონაწილის აზრი.
კონსენსუსი, როგორც გავრცელებული მეთოდების ალტერნატივა

კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ „ზემოდან ქვემოთ“ გადაწყევტილების მიღების ალტერნატივად (ეს უკანასკნელი იერარქიულ სისტემებში გვხვდება). „ზემოდან ქვემოთ“ გადაწყვეტილებების მიღება გულისხმობს იმას, რომ პროცესში მონაწილეობენ მხოლოდ ჯგუფის ლიდერები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯგუფის წევრების აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილება არ მიიღება თანამშრომლობის შედეგად და შესაბამისად, შესაძლოა, მას არ იზიარებდნენ ჯგუფის წევრები, საბოლოოდ იწვევს მათ უკმაყოფილებას და ხდება დაპირისპირების მიზეზი.

კონსენსუსის უპირატესობა ზემოთხსენებულ და სხვა მეთოდებთან შედარებით არის შემდეგი:

უკეთესი გადაწყვეტილებები – რამდენადაც პროცესში მონაწილეობს ყველა, დიდია ალბათობა, საბოლოო გადაწყვეტილება იყოს ცალკეული პირების მიერ მიღებულზე უკეთესი.
უკეთესი შესრულება – იქიდან გამომდინარე, რომ კონსენსუსის მიზანია რაც შეიძლება მეტი წევრის შეხედულება იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილებაში, შესრულების დროს ყველას აქვს უფრო მეტი მოტივაცია და იზრდება კოოპერაციის დონეც.
უკეთესი ურთიერთდამოკიდებულება ჯგუფში – კოლაბორაცია და კოოპერაცია ქმნის უკეთეს სამუშაო ატმოსფეროს და მნიშვნელოვნად ამცირებს განხეთქილების ალბათობას.
გადაწყვეტილების მიღების წესი

იმისთვის, რომ ჯგუფმა მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროა შეთანხმების რაღაც დონე. კონსენსუსის დროს ეს შეთანხმების დონეები შეიძლება იყოს შემდეგი (დალაგებულია პრიორიტეტულობის მიხედვით!) :

ერთსულოვანი გადაწყვეტილება
ერთსულოვანი გადაწყვეტილება – 1 ხმა
ერთსულოვანი გადაწყვეტილება – 2 ხმა
დიდი უმრავლესობა (90%, 80%, 2/3.. )
აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება
იმაზე, თუ რომელი დონე ჩაითვალოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად, უნდა შეთანხმდნენ ჯგუფის წევრები. შესაძლოა, ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტონ, რომ მხოლოდ ერთსულოვნების მიღწევის შემდეგ მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება, შესაძლოა, არსებობდეს ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, რომ კონსენსუსის პროცესი გამოიყენონ ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც რაც შეიძლება მეტი დაეთანხმება – ამ შემთხვევაში ერთსულოვნების მიღწევა საჭირო არაა.

დაბლოკვა და შეთავაზების უარყოფის სხვა ფორმები

მოდელი, რომელშიც მიღებულია გადაწყვეტილებების ერთსულოვნად მიღება, ჯგუფის თითოეულ წევრს აძლევს შემოთავაზების დაბლოკვის შესაძლებლობას. ასეთი მოდელი იძლევა იმის გარანტიას, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არავინ შეეწინააღმდეგება და მისი აღსრულებისას არავინ დარჩება უკმაყოფილო. თუმცა, დაბლოკვის მექანიზმის გამოყენებას აქვს თავისი წესები, მაგალითად, კონსენსუსის ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ჯგუფის თითოეულმა წევრმა თავის პირადი ინტერესები მთლიანი ჯგუფის ინტერესებზე მაღლა არ უნდა დააყენოს. როდესაც არსებობს საშიშროება, რომ ვიღაც დაბლოკავს გადაწყვეტილებას, ჯგუფიც და პოტენციური დამბლოკავიც მოტივირებულნი არიან, ერთად იპოვონ გამოსავალი, რომელსაც ორივე მხარე დაეთანხმება. გარდა ამისა, დაბლოკვა არ ნიშნავს უბრალოდ ვეტოს დადებას – საჭიროა არგუმენტებიც და სასურველია, დამბლოკავ მხარეს ჰქონდეს ალტერნატიული გადაწყვეტილების მოდელი.

თუ ჯგუფის წევრს აქვს დაბლოკვის უფლება, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად შეიძლება არსებობდეს შემდეგი მექანიზმები:

ყოველი წევრისთვის დაბლოკვის უფლების მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჯგუფის ფუნდამენტურ იდეებს, ანდაც, დამღუპველი იქნება საქმისთვის.
„გვერდზე გადგომის“ საშუალება დაბლოკვის ნაცვლად.
დაბლოკვის უფლების მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამბლოკავ მხარეს აქვს ალტერნატიული შემოთავაზება, ან მისი მოდელი მაინც.
ჯგუფის წევრისთვის იმის აკრძალვა, რომ დაბლოკოს დიდი რაოდენობით შემოთავაზებები.
უარყოფის საშუალებები

როდესაც ჯგუფის წევრი არ ეთანხმება შემოთავაზებას, არაა აუცილებელი, მან ის დაბლოკოს. მას აქვს სამი არჩევანი:

მოითხოვოს ცვლილებების შეტანა შემოთავაზებაში
გვერდით გადგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯგუფის წევრს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა, ჯგუფს რთავს მისი შესრულების ნებას.
დაბლოკვა- უარყოფის უკიდურესი ფორმაა. მოდელების უმრავლესობაში ერთი დაბლოკვაც საკმარისია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება დაიბლოკოს. მისი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ წევრი თვლის, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პრინციპებს, მიზანს, ან რაღაც საფრთხის წინ აყენებს ჯგუფს. როგორც წესი, დაბლოკვას თან უნდა სდევდეს არგუმენტები და ალტერნატიული შეთავაზება.
ერთსულოვნება და ნებართვა

ერთსულოვნება მიიღწევა მაშინ, როცა ყველა წევრი ეთანხმება შემოთავაზებას. რაც შეეხება ნებართვას, მისი მიცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წევრი ეთანხმება გადაწყვეტილებას – ნებართვის მიცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული გზის დამუშავების ნაცვლად წევრს ურჩევნია, დანარჩენების მიერ არჩეულ გზას მიჰყვეს და მათთან ითანამშრომლოს. თუ შეთანხმების დროს ისმება კითხვა, „ეთანხმები თუ არა?“ , ნებართვის მიცემისას ისმება კითხვა „ეწინააღმდეგები თუ არა?“. წევრების დადებითი პასუხები ამ შემთხვევაში უფრო მალე მიიყვანს ჯგუფს კონსენსუსამდე.

პროცესი

არსებობს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების პროცესის რამდენიმე მოდელი, თუმცა, მათ შორის ძირითადი შედგება 3 ნაწილისგან:

ერთმანეთთან თანამშრომლობით შეთავაზების ჩამოყალიბება
შეთავაზებაში არასასურველი პუნქტების განხილვა და შემდეგ
შეთავაზებაში ცვლილებების შეტანა, რათა მას დაეთანხმოს რაც შეიძლება მეტი.
დამაკმაყოფილებელი შეთანხმების დონის მიღწევის შემდეგ ჯგუფს შეუძლია მიღებულად ჩათვალოს გადაწყვეტილება და მის შესრულებაზე იფიქროს.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს პროცესის მიმდინარეობა, დავაკონკრეტოთ მისი შემადგენელი თითოეული ეტაპი. მას შემდეგ, რაც დაისმება საკითხი:

პირველ რიგში, ჯგუფი განიხილავს დასმულ ამოცანას. ამ განხილვის დროს ყალიბდება ზოგადი მიდგომები და სავარაუდო გადაწყვეტილებების მოდელები.
იმ შეთავაზების ფორმირება, რომელიც ჯგუფს უნდა წარედგინოს.
კონსენსუსის მიღწევადობის შემოწმება, რაც გულისხმობს იმ მომენტში შეთავაზებაზე ჯგუფის წევრთა პოზიციის გაგებას (ეთანხმებიან თუ არა)
იმ პრობლემური საკითხების განხილვა,რომელიც გამოაშკარავდა წინა ეტაპზე.
შეთავაზების მოდიფიკაცია. ამ ეტაპის შემდეგ ვუბრუდნებით მესამე პუნტქს.
ამ პროცესის კიდევ უფრო კარგად გააზრებაში დაგვეხმარება შემდეგი სქემა:

როლები

კონსენსუსის დროს გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება არსებობდნენ ჯგუფის წევრები, რომლებსაც დაკისრებული აქვთ რაღაც მოვალეობები – მაგალითად მოდერატორი, რომელსაც ევალება ჯგუფის მუშაობის წარმართვა დღის წესრიგის მიხედვით, დროის მაკონტროლებელი (timekeeper),რომლის ფუნქციაც დროის რეგლამენტის დაცვაა, ჩანაწერების გამკეთებელი, რომელიც ჩაიწერს ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, რომლებსაც შემდეგ მთელი ჯგუფი განიხილავს. არაა აუცილებელი, ეს როლები ყოველ განხილვაზე ერთსა და იმავე ადამიანებს ჰქონდეთ, პირიქით, სასურველია როტაცია, რაც განაპირობებს ჯგუფის წევრთა უნარების განვითარებას.

თითქმის ერთსულოვანი კონსენსუსი

ჯანსაღ გარემოში ჯგუფის წევრები ცდილობენ თავიდან აიცილონ უარყოფა და შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელიც უმცირესობასაც კი დააკმაყოფილებს. რაც შეეხება არაჯანსაღ გარემოს, ან ძალიან დიდ და ფედერატიული მოწყობის პრინციპების არმცოდნე ჯგუფებს, რომლებშიც ჭირს კონსენსუსით გადაწყვეტილებების მიღება, მასში შეიძლება მოქმედებდეს „თითქმის ერთსულოვანი კონსენსუსის“ წესი, რაც გულისხმობს დაახლოებით ასეთ მოდელებს :

ერთსულოვან გადაწყვეტილებას მინუს ერთი ხმა – საკმარისია ერთის გარდა ყველა დელეგატის თანხმობა. დარჩენილ ერთ წევრს არ შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება, თუმცა, შეუძლია განაგრძოს დისკუსია და ეცადოს გადაარწმუნოს დანარჩენები.

ერთსულოვან გადაწყვეტილებას მინუს ორი ხმა – საშუალებას არ აძლევს 2 დელეგატს ,დაბლოკოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ორივემ ერთად უნდა დაარწმუნოს დანარჩენები მიმდინარე შეთავაზების ნაკლოვანებაში. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, უმრავლესობას დაასკვნის, რომ მათ არამყარი არგუმენტები ჰქონდათ და მიიღებენ გადაწყვეტილებას

ერთსულოვან გადაწყეტილებას მინუს x ან მეტი ხმა – ასეთ სისტემებს მივყავართ დიდი უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებამდე (80%, 70% და ა.შ.), რაც უკვე ეწინააღმდეგება კონსენსუსის პრინციპს და რასაც დემოკრატია ჰქვია.