რა არის ანარქია?

საიდან მოდის წრეში ჩასმული A?
ეს არის სიმბოლო, რომელიც ალბათ შავ და წითელ-შავ დროშაზე მეტად ცნობილია. პიტერ მარშალის მიხედვით “წრეში ჩასმული A” გამოხატავს, რომ “ანარქიზმი არის წესრიგი”. ასევე ამატებს, რომ წრე არის “ერთიანობისა და გადაწყვეტილების სიმბოლო”, რომელიც “მხარს უჭერს ინტერნაციონალი ანარქისტების სოლიდარობას”.

თუმცა წრეში ჩასმული A-ს წარმოშობა, როგორც ანარქისტების სიმბოლოსი, არაა ნათელი. ბევრი ფიქრობს, რომ ის დაიწყო 1970-იან წლებში, პანკური მოძრაობიდან, მაგამ სინამდვილეში, ის ბევრად ადრე იღებს სათავეს. პიტერ მარშალის მიხედვით: “1964-ში ფრანგული ჯგუფი “jeunesse libertaire”-მ ახალი მნიშვნელობა მისცა ზემოთხსენებულ სლოგანს “ანარქია არის წესრიგი”, როდესაც შექმნა სიმბოლო, რომელიც მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 1956 წლის 25 ნოემბერს, ბრიუსელში “alliance ouvriere anarchiste”-მ საბოლოოდ შემოიღო ეს სიმბოლო. დიდი ხნის შემდეგ, BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936) შესახებ, გამოჩნდა ანარქისტული მოძრაობის წევრი სიმბოლური “A” ნიშნით. სიმბოლოს წარმოშობაზე სხვა არაფერია ცნობილი.
დღესდღეისობით, წრეში ჩასმული A არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმბოლო პოლიტიკური სიმბოლიკის მთელ დარგში. “საოცარმა უბრალოებამ და პირდაპირობამ გახადა სიმბოლო ასე მისაღები ანარქისტებისთვის და გაამაგრა მოძრაობა 1968 წელს, თავიდან აღდგომის შემდეგ.”
გაზეთებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში ანარქისტებს არცთუ იშვიათად აიგივებენ მოძალადეებთან და განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან, მაშინ როცა ანარქიის იდეებს და განმარტებას არცერთი მედია-საშუალება არ სთავაზობს საზოგადოებას. ამ სტატიის მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა ანარქიის შესახებ.

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა მუშათა კლასის რევოლუცია, რომელიც თავიდან მოიშორებს მმართველ კლასსა და სახელმწიფოს, და მთელი მატერიალური სიმდიდრე იმათ ხელში გადავა, ვინც მას რეალურად მოიპოვებს. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო შეიძლება შეცვალოს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, რომლებიც თავიანთ რესურსებს თვითონ განკარგავენ . ანარქისტებს სწამთ ყველას თანასწორობის და იმის, რომ საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლების გაერთიანებით შესაძლებელი იქნება მმართველი ელიტის დამარცხება.

როდესაც „ანარქისტებს“ ახსენებენ, მათ აღწერენ,როგორც შეშლილ ტერორისტებს. შეიქმნა მითი, რომ ჩვენ ძალადობის მომხრეები ვართ. არსებობს კიდევ ერთი მითი იმის შესახებ, რომ ანარქია – ქაოსია. ეს მითები პოლიტიკოსების, მმართველი ელიტის და მათი მთავარი იარაღის – მედიის შექმნილია, რათა ხალხს დააჯერონ, რომ თუ არ იარსებებს მთავრობა – ქვეყანა ქაოსში ჩაეფლობა. დაფიქრებულხართ ოდესმე, რომ დღესდღეობით ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ქაოსში?

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – რა მოტივი ამოძრავებთ ზემოთხსენებულ მატყუარებს? პასუხი მარტივია – მოგება! დღეს საზოგადოება დაყოფილია ორ ფენად – მმართველ ელიტად და მუშათა კლასად. ელიტის წარმომადგენლები ფლობენ საწარმოებს, ბანკებს, მაღაზიებს და ა.შ. მუშები კი – არა. ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩენია – მუშაობაა, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი ფულის გამომუშავების საშუალებას გვაძლევს. ამ შრომას ჩვენ მმართველ ელიტაზე ვყიდით, ხოლო ისინი კი დაინტერესებულნი არიან, რაც შეიძლება მეტი გვამუშავონ, რაც შეიძლება ნაკლები ანაზღაურების ფასად, რათა უფრო მეტი მოგება დარჩეთ – ცხადია, რაც მეტს გადაუხდიან დაქირავებულს, მით უფრო ნაკლები ფული დარჩებათ თავიანთთვის. ასე რომ, ამ ორი კლასის ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

წარმოება – რიგით ადამიანებზე არაა გათვლილი. წარმოების მთავარი მიზანი -ელიტისთვის მოგების მოტანაა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყველასთვის საკმარისი საკვებია, უამრავი ადამიანი შიმშილობს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ზოგიერთები მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ. აი ესაა კაპიტალიზმი.

რა არის სახელმწიფო?

იმისთვის, რომ მუშათა კლასის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოხერხდეს, თავიდან უნდა მოვიცილოთ მმართველი კლასი, მაგრამ ეს სულაც არაა მარტივი – მმართველი ელიტა ორგანიზებულია – მათ განკარგულებაშია მედია, მათ მხარესაა სახელმწიფო , თავისი არმიითა და პოლიციით. სახელმწიფოს არსებობა არის იმის დასტური, რომ ჩვენ იერარქიებად დაყოფილ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ჩვენ არსებობისთვის ბრძოლა გვიწევს იმ მსოფლიოში , სადაც 225 ყველაზე შეძლებული ადამიანის სიმდიდრე 2.5 მილიარდი ყველაზე ღარიბი ადამიანის წლიურ შემოსავალს უტოლდება. სახელმწიფო კი სწორედ ამ უმცირესობის ინტერესებს იცავს – თუ არ დავემორჩილებით, ძალის გამოყენებითაც კი. სახელმწიფო ქმნის კანონებს არა ჩვენს დასაცავად, არამედ მათ სასარგებლოდ, ვინც ქონებას ფლობს.

არჩევნები

მმართველ ელიტას სურს დაგვარწმუნოს, რომ სახელმწიფო ჩვენი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. „ხომ გვაქვს არჩევნები, რათა უღირსი მთავრობა ჩამოვაცილოთ სახელმწიფოს სადავეებს?“ – აი ესაა მათი ერთ-ერთი მთავარი „არგუმენტი“. ეს მათი ე.წ. „დემოკრატია“ ბავშვის სატყუარას გავს – კი, არჩევნის გაკეთების საშუალებას გვაძლევენ, მაგრამ ეს არჩევანი შეგვიძლია გავაკეთოთ იმ პარტიებს შორის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მმართველი ელიტის მიერ ქვეყნის მართვას ემხრობა.

არჩევნები რევოლუციონერებს ხელს აღებინებს თავიანთ რევოლუციურ პრინციპებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხალხის მხარდაჭერა დაიმსახურონ და ქვეყნის სათავეში მოვიდნენ – ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე თავიანთი სოციალისტური იდეები, რაც იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ხალხს ისინი მხოლოდ ამომრჩეველთა მასად, მაყურებლებად აღიქვამენ, და არა იმ ადამიანებად, რომლებზეც მათ უნდა იზრუნონ.

სოციალიზმზე გადასვლა პარლამენტის და სხვა ტიპის მთავრობების საშუალებით შეუძლებელია. ეს ნათლად გამოჩნდა ჩილეს მაგალითზე – 1973 წელს ხალხმა აირჩია სოციალისტური მთავრობა ალიენდეს მეთაურობით. ეს ხელისუფლება ცსს-ს მხარდაჭერით დაამხეს, რასაც მოჰყვა რეპრესიები, მუშათა მოძრაობის დაშლა და ათასობით ადამიანის დაღუპვა.

ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ რევოლუცია ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა მოაწყოს. მუშათა კლასის ყოველი წევრი – დასაქმებული თუ დაუსაქმებელი – ჩართული უნდა იყოს საერთო მოძრაობაში, რაც იმის წინაპირობა იქნება, რომ ანარქია რეალური გახდება. ჩვენ გვჯერა ისეთი რევოლუციის, რომელიც დაბლიდან მაღლა მიდის და ემყარება ადგილობრივ საბჭოებს. თავისუფლებას ვერავინ ვერავის მისცემს – ის ყველამ უნდა მოიპოვოს!

ეს სწორედ ის საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც არ ვეთანხმებით ე.წ. „რევოლუციონერ მემარცხენეებს“. ისინი მიიჩნევენ, რომ სახალხო რევოლუციის მოსაწყობად საჭიროა რევოლუციონერების პარტია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ხალხს. ეს იდეა ლენინისგან მოდის, რომელმაც სწორედ რევოლუციონერებით დაკომპლექტებული პარტია მოიყვანა რუსეთის სათავეში. მათ მიერ შექმნილ საბჭოთა კავშირს საერთო არაფერი ჰქონდა სოციალიზმთან – მთელი ძალაუფლება იყო პარტიის მმართველი ელიტის ხელში, სახელმწიფო ისევ მბრძანებლის როლს ასრულებდა, ხალხი კი იძულებული იყო ეკეთებინა ის, რასაც უბრძანებდნენ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ რევოლუცია თვითონ ხალხმა უნდა მოაწყოს. ბევრს უჩნდება ეჭვი, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ ისინი ცდებიან. კაპიტალიზმი მუშათა კლასის გარეშე უბრალოდ დაინგრევა. ჩვენ ვაწარმოებთ ყველაფერს, რაზეც ის დგას. ჩვენ შეგვიძლია, თავად მოვახერხოთ ამ წარმოების ორგანიზება ისე, რომ ყველას ჰქონდეს მის მართვაში მონაწილეობის საშუალება. უნდა შეიქმნას ადგილობრივი თვითმმართველობები, საბჭოები, რომლებიც ითანამშრომლებენ ერთმანეთთან დელეგატების საშუალებით, რაც იმის გარანტიას მოგვცემს, რომ ყველას ინტერესები გათვალისწინებული იქნება. ასეთ საზოგადოებაში ყველას ექნება ნამდვილი ინდივიდუალური თავისუფლება. ყველას ექნება იმდენი უფლება, რამდენიც სხვის თავისუფლებას არ შეუქმნის საფრთხეს.

ანარქია რეალობაში

ბევრი ამბობს, რომ „ანარქიზმი ძალიან კარგი იდეების ნაკრებია, მაგრამ სამწუხაროდ ვერასოდეს გაამართლებს, რადგან ადამიანები ხარბები და შურიანები არიან და თუ სახელმწიფო არ ჩაერევა მათ ცხოვრებაში, მათი მოქმედება ქაოსს შექმნის“.

ასეთი შეკითხვების დამსმელებმა არ იციან, რომ არსებობს ანარქიის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებული მაგალითები. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ,1936 წელს, როდესაც ფაშისტებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს. საპასუხოდ, შეიქმნა სახალხო გაერთიანებები, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს საწარმოების მართვა, გლეხებმა თავიანთ საკუთრებად აქციეს მიწა.. ეს იყო ანარქისტული რევოლუციის დასაწყისი. სამოქალაქო ომი იყო არა მხოლოდ ფაშისტების, არამედ მთლიანი კაპიტალისტური სისტემის წინააღმდეგ. ანარქისტების მიერ კონტროლირებად ზონებში თვითორგანიზება რეალობად იქცა. მაგალითად, კატალონიაში შეიქმნა 2000ზე მეტი ინდუსტრიული კოლექტივი. ესპანეთის მიწების თითქმის 60% კოლექტივიზირებული იყო. სამუშაო ადგილებზე შეიქმნა თვითმმართველობები, რომლებიც განკარგავდნენ თავიანთ ხელში არსებულ რესურსებს. ერთსა და იმავე სექტორში არსებულმა საწარმოებმა შექმნეს ფედერაციები.

კოლექტივიზაცია დაიწყო სოფლებშიც – არაგონიდან ხანძარივით გავრცელებული კოლექტივიზაციის შედეგად, 1937 წლის თებერვლისთვის უკვე არსებობდა 275მდე კოლექტივი, რომლებიც 80 000მდე წევრს აერთიანებდა. კიდევ სამი თვის შემდეგ კოლექტივების რაოდენობა 450მდე გაიზარდა, წევრების კი -180 000მდე. ხშირად ამ კოლექტივების წარმომადგენლები უფრო კარგად ახერხებდნენ ორგანიზებას, ვიდრე ქალაქში მცხოვრები მუშები. ზოგიერთ ზონაში ხმარებიდან საერთოდ ამოიღეს ფული.

კოლექტივი გადაწყვეტილებას იღებდა საბჭოზე, რომელსაც ყველა წევრი ესწრებოდა. ამ კრებებზე წყვეტდნენ მათ ხელთ არსებული რესურსების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მიწა დაყოფილი იყო სექტორებად, რომელზეც მუშაობდა გლეხების ჯგუფი. შრომა თანაბრად იყო განაწილებული იყო – ყველა აკეთებდა იმას, რისი გაკეთებაც შეეძლო.

კოლექტივიზაცია შეეხო არა მხოლოდ მიწას, არამედ ყველა ტიპის წარმოებას – საკვები პროდუქტების, ტანსაცმლის, ავეჯის.. საცხობები, საყასბოები – ყველაფერი კოლექტივიზაციას დაექვემდებარა. გაუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები, განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა.

რევოლუციაში ქალებმაც შეიტანეს წვლილი. ისინი მონაწილეობდნენ კომიტეტების, საბჭოების მუშაობაში. ბრძოლის ადრეულ ეტაპზე იდგნენ მამაკაცების გვერდით. ისინი იბრძოდნენ სექსიზმის წინააღმდეგ. ომის პერიოდში აბორტი ლეგალური გახდა, გაიხსნა სხვადასხვა სახის ცენტრები ქალებისთვის. მდედრობითი სქესის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. როგორც ერთი რევოლუციონერი ქალი ამბობდა: „ჩვენ ახლა და-ძმებივით ვართ. ადრე კაცები ქალების უფლებებს არაფრად აგდებდნენ,რაც, საბედნიეროდ, შეიცვალა, რაც უდავოდ რევოლუციური მოძრაობის დამსახურებაა“

გაკვეთილები

ისტორია არასოდესაა ნეიტრალური. სკოლაში გვასწავლიან იმას, რაც მმართველ ელიტას უნდა რომ ვიცოდეთ. ჩვენ არ გვასწავლიან იმას, რომ მთავრობა საერთოდ არაა საჭირო საზოგადოების არსებობისთვის, რაც წარსულის მაგალითებმაც დაადასტურეს. თუ ადამიანებს შევუქმნით შესაბამის პირობებს, ანარქიის მიღწევა სულაც აღარ იქნება შეუძლებელი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ანარქისტული იდეები შეიძლება განხორციელდეს. ახალი საზოგადოების აშენება, რომელშიც ხალხი გააკონტროლებს საკუთარ რესურსებს და წესრიგს – აი ესაა ანარქისტების მიზანი. ამ მიზნის მიღწევა წამიერად შეუძლებელია – ამისთვის ორგანიზებაა საჭირო. სწორედ ამისთვის გვჭირდება რევოლუციური ორგანიზაციები. ორგანიზაცია, რომელიც ერთად შეკრებს მუშათა კლასის წარმომადგენლებს და ერთი მიმართულებით წარმართავს მათ პროტესტს. ეს ორგანიზაცია საშუალებას მოგვცემს, გავცვალოთ იდეები, გამოცდილება, და გაკვეთილი ვისწავლოთ წარსულიდან.

ჩვენ არ გვჭირდება ლიდერების ჯგუფი პასიური ხალხის სათავეში. ჩვენ გვჭირდება ორგანიზებული თანამშრომლობა, რომლის დროსაც ყოველი ადამიანი თანაბრად მიიღებს მონაწილეობას რევოლუციაში. ჩვენ გვჯერა, რომ რიგით ადამიანებს შეუძლიათ გადატრიალების მოწყობა.