სოციალიზმი თუ სოციალ-დემოკრატია?

ბევრი ფიქრობს, რომ სოციალ-დემოკრატია ყოველთვის რეფორმისტული იდეოლოგია იყო, რომელიც მიზნად კაპიტალიზმის ნელ-ნელა გარდაქმნას ისახავდა, რაც დიდი შეცდომაა. როდესაც სოციალ-დემოკრატიული იდეების შედეგად, ინტერნაციონალური რევოლუციური სოციალისტური პარტია გაჩნდა, მიზანი კაპიტალიზმის სრულიად განადგურება იყო, ყველა შესაძლო გზის გამოყენებით.

ანარქისტების მხრიდან არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, სოციალ-დემოკრატიული პარტიები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ არჩევნებში გამარჯვება იყო იდეალური საშუალება სოციალიზმის გასავრცელებლად და ხალხის კაპიტალიზმის წინააღმდეგ ასამხედრებლად. მათი სიჯიუტე კი მათივე იდეის დასასრულის დასაწყისად იქცა – დროთა განმავლობაში მათ იდეოლოგიას მოაკლდა რადიკალიზმი, დაიწყეს ლაპარაკი რეფორმიზმზე და უღალატეს თავდაპირველ პრინციპებს. ანარქისტები მართლები აღმოჩნდნენ – სოციალისტურმა რიტორიკამ იდეალურად შენიღბა პარტიების ნამდვილი მიზანი – ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

წინააღმდეგობა, რომელიც პარტიის სოციალისტურ რიტორიკასა და ამავე პარტიის ოპორტუნისტულ პრაგმატიზმს შორის ჩნდებოდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამან გამოიწვია ინტენსიური თეორეტიკული დებატები, რომლებიც ყველაზე მეტად 1898-1904 წლებში მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სოციალ-დემოკრატიამ ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატა და ნაცვლად ისეთ იდეოლოგიად ჩამოყალიბებისა, რომელიც არსებულ რეალობას შეცვლიდა, თვითონ მოერგო არსებულ რეალობას.

რეფორმიზმის მარცხი

კაპიტალისტურ გარემოში მუშაობა აუცილებლად ახდენს გავლენას მასზე, ვინც ამ გზას აირჩევს. იდეების დეგრადაცია რამდენიმე ღამეში არ ხდება – როგორც წესი, პარტიები დასაწყისში ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას რადიკალური ცვლილებების გასატარებლად იღებენ. თუმცა, მათ ავიწყდებათ, რომ შედეგები საშუალებებისგან დამოუკიდებელი არასდროს არაა. საუკეთესო შემთხვევაში, ის რადიკალები, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, მოხვდნენ ხელისუფლებაში, მალევე ხვდებიან, რომ უმცირესობაში არიან, რის გამოც, არ შეუძლიათ ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება. ამით გამოწვეული დემორალიზაცია კი ნელ-ნელა ვითარდება, იმდენად ნელა, რომ რადიკალ პოლიტიკოსებსაც უჭირთ მისი შემჩნევა. ისინი მალევე ხვდებიან, რომ არც მათ საუბარს და არც მათ ხმას არ შეუძლია პროცესებზე გავლენის მოხდენა, ერთადერთი გამოსავალი კი ამ დროს უფრო მეტი თანამოაზრის ყოლაა, რასაც ისევ არჩევნების გზით აღწევენ. ყოველი ახალარჩეული რადიკალი აპირებს, დაამტკიცოს, რომ მათი იდეები განხორციელებადია, ხოლო შედეგად ვიღებთ იმას, რომ ისინი იწყებენ არსებული სისტემის რეფორმას, რაც, პირიქით, უფრო ხვეწს იმას, რასაც ისინი თავიდან ებრძოდნენ.

ამ ატმოსფეროში რამდენიმე წლის გატარების შემდეგ კი, როდესაც ოდესღაც რადიკალებს კარგი ანაზღაურება და სამსახური აქვთ, ისინი იმ სისტემის ნაწილებად იქცევიან, რომლებსაც ერთ დროს ებრძოდნენ. ძალაუფლების განმტკიცების პროცესში ეს ძალები ხდებიან უფრო და უფრო კონსერვატიულები და ერგებიან არსებულ პირობებს. ბურჟუაზიულ გარემოში ისინი „პრაქტიკულები“ ხდებიან, რის შედეგადაც მათ დინების საწინააღმდეგოდ გაცურვის აღარც საკმარისი ძალა აქვთ, აღარც – პატიოსნება. როგორც თავად გერმანული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვილჰელმ ლიბკნეხტმა თქვა: „თავდაპირველად, როდესაც ცოტანი ვიყავით, რაიხსტაგში ჩვენი იდეების პროპაგანდისთვის მივდიოდით, ხოლო გაძლიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულ საკითხებში მოგვიწია ჩართვა“.

მიუხედავად არაერთი გაკვეთილისა, ბევრი რადიკალი უარს ამბობს წარსულის გამოცდილების გააზრებაზე და ქმნიან ახალ პარტიებს, რომლებიც , მათი აზრით, არ გაიმეორებს წინამორბედების შეცდომებს და არ გადაუხვევს გზიდან, თუმცა, რამდენიმე წელიწადში ისინიც იდეური წინაპრების გზაზე დგანან.

პრობლემის ფესვები

პოლიტიკური ქმედებების მხარდამჭერები ეყრდნობიან მხოლოდ ერთ იმედს – მათი კანდიდატის კეთილსინდისიერებას და პრინციპულობას. ანარქისტები, მათგან განსხვავებით, აანალიზებენ სისტემის სტრუქტურას და მის გავლენას იმ ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც იერარქიული კიბის ზედა საფეხურებზე ექცევიან, რის შემდეგაც მარტივია იმის დასკვნა, თუ როგორ მოიქცევა კონკრეტული იდეოლოგიის მქონე ადამიანი ან პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

სახელმწიფო არაა ნეიტრალური ორგანიზმი, რომლის გამოყენებაც საზოგადოების ყოველ კლასს შეუძლია. სახელმწიფო არის კლასობრივი ჩაგვრის ინსტრუმენტი, რომლის მიზანიც არსებული ეკონომიკური უთანასწორობის შენარჩუნება, კაპიტალისტთა კლასის სიმდიდრის დაცვა და ადამიანთა მცირე რაოდენობის ძალაუფლების განმტკიცებაა. გარდა იმისა, რომ კაპიტალისტებს შეუძლიათ დიდი წნეხის ქვეშ მოაქციონ სახელმწიფო (ინვესტიციებზე და მხარდაჭერაზე უარის თქმა), სახელმწიფოს წარმომადგენლები ხვდებიან მეორე დიდ წინაღობასაც, სახელმწიფო ბიუროკრატიის სახით. სახელმწიფოსა და მთავრობას შორის დიდი განსხვავებაა – სახელმწიფო არის იმ ინსტიტუტების ერთობლიობა, რომლებსაც გადანაწილებული აქვთ სხვადასხვა სფეროები და ინტერესები, მაშინ როდესაც მთავრობა არის რამდენიმე პოლიტიკოსის ჯგუფი. არსებული სისტემის პირობებში, სწორედ ეს ინსტიტუტები ინარჩუნებენ ძალაუფლებას და არა – მთავრობის წევრები, რომლებიც მიდიან და მოდიან. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ სხვადასხვა პოლიტიკოსები ერთი და იმავე წნეხის ქვეშ სხვადასხვანაირად მოიქცევიან. მთავრობაში მოსულმა რადიკალურმა პარტიამ რომც არ დაკარგოს თავისი რადიკალიზმი, ის მაინც ვერაფერს შეცვლის. მათ წინ აღუდგებათ სახელმწიფოს ბიუროკრატია, შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მთავრობის წევრების საერთოდ გაქრობა, ბიზნესი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს მთავრობის ნებისმიერ რადიკალურ რეფორმას. ვერცერთი კანონი ვერ შეცვლის კაპიტალიზმის ექსპლუატატორულ ბუნებას; ვერცერთი კანონი ვერ აიძულებს კაპიტალისტს, გააღოს თავისი ქარხნის კარი და ღირსეული პირობები შეუქმნას დასაქმებულებს. მასობრივი მოძრაობის გარეშე ყოველი ცვლილება უაზრობა იქნება, ხოლო არჩევნები და სისტემის მიერ შემოთავაზებული სხვა საშუალებები ასუსტებს მოძრაობებს, რადგან კლასობრივი ბრძოლის ამ რეალურ იარაღს აცლის ძალას და რესურსებს.

ამას „საარჩევნო ყუთის“ სოციალისტები არ ითვალისწინებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ პარტიას შეუძლია დომინანტი კლასის მოთხოვნების უარყოფა იმ დროს, როდესაც იქნებიან მათი ინტერესების დამცველები, სახელმწიფოს სახით!

მმართველები და მართულები

არჩევნებზე ორიენტირება იწვევს იმ ჯგუფების ცენტრალიზაციას, რომლებიც ამ გზას ირჩევენ. სახელმწიფო შექმნილია იმისთვის, რომ გააძლიეროს უმცირესობის მმართველობა – ის იერარქიული დესპოტიზმის გამოვლინებაა. სახელმწიფოს ეფუძნება პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება უნდა აღმოჩნდეს უმცირესობის ხელში, დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ უმცირესობას არჩეული წარმომადგენლები შეადგენენ. შესაბამისად, ბრძოლაში არჩევნების გამოყენება ნიშნავს იმისთვის ბრძოლას, რომ ძალაუფლება ისევ უმცირესობის ხელში აღმოჩნდეს. ნაცვლად იმისა, რომ მთელმა ჯგუფმა იბრძოლოს, მიიღოს გადაწყვეტილებები და ა.შ. მთელი ეს ფუნქციები და ძალაუფლებაც გადადის წარმომადგენლის ხელში. ლიდერების როლი გამოკვეთილია, ისევე, როგორც ყველა ცენტრალიზებულ სისტემაში.

პარტიების მოქმედებას კარგად ეტყობა ზემოთაღნიშნული ფაქტი. პოლიტიკურ მოქმედებად ყველა პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს იმას, რომ რამდენიმე ადამიანი მოხვდეს პარლამენტში და მთავრობაში და ხელში ეჭიროს ამომრჩევლების ნდობის მანდატი, იქიდან კი თავის ამომრჩევლებისთვის „სასარგებლო“ საქმე აკეთოს. შესაბამისად, მთელი პარტიის მუშაობაში მხოლოდ ლიდერები არიან გამოკვეთილნი და ყველაფერს ისინი წყვეტენ. და ბოლოს, იმისთვის რომ უკეთ დავინახოთ მსგავსება ნებისმიერ პარტიასა და ცენტრალიზებულ სისტემებს შორის, საკმარისია შევხედოთ პარტიულ ყრილობებს, სადაც პარტიის წევრები ჩვეულებრივი არჩევნების გზით ირჩევენ ლიდერებს. ასე რომ , იმაზე საუბარი, რომ რომელიღაც პარტიას განსხვავებული შიდა სისტემა აქვს, უბრალო დემაგოგიაა.

სოციალიზმი ქვემოდან

არჩევნების გზით ბრძოლას შედეგად მოაქვს ის, რომ ლიდერები არიან წამყვანი ძალები და ხალხს რჩება პასიური როლი. როგორც კი რადიკალი ლიდერები წარმომადგენლებად აირჩევიან, ბრძოლის მთელი მიმართულება წამიერად იცვლება. ნაცვლად იმისა, რომ ხალხმა უშუალოდ იბრძოლოს სახელმწიფოს და მმართველების წინააღმდეგ, ისინი თვლიან, რომ მათ გასაკეთებელს არჩეული ლიდერი გააკეთებს და შესაბამისად, აღარ აქტიურობენ. ასე რომ, როგორც კი თუნდაც რადიკალთა ჯგუფი არჩევნებში მონაწილეობის გზას დაადგება, ისინი პასიურ ხმის მიმცემებად იქცევიან და არა -აქტიურ მებრძოლებად.

მეტიც, სოციალისტები, რომლებიც არჩევნების გზას ირჩევენ, გარკვეულწილად უპირისპირდებიან თავიანთ ხედვას კოლექტივის, ხალხის ქმედებებზე. არაფერია იმაზე იზოლირებული და ატომიზირებული, ვიდრე არჩევნები. ეს პროცესი რადიკალურად განსხვავდება კოლექტიური ბრძოლისგან, რადგან არჩევნების დროს ადამიანი მარტო იღებს გადაწყვეტილებას. პირდაპირი მოქმედებისგან განსხვავებით, როდესაც მოქმედება დამყარებულია ორგანიზების არაიერარქიულ ფორმაზე, რომელიც ბრძოლაში კოორდინირების საშუალებას აძლევს ხალხს, არჩევნები თვითორგანიზების საშუალებას არ აძლევს ადამიანებს, და ვერც მისცემს, რადგან არჩევნების გზა არ ემყარება კოლექტიურ მოქმედებას და ორგანიზებას.

ახალი სამყარო

ანარქისტებს მიაჩნიათ, რომ პროცესებში სრული მონაწილეობის და სოციალური პრინციპების ეროზია გარდაუვალია ისეთ ორგანიზაციაში, რომლის სტრუქტურაც, სახელმწიფოს მსგავსად, იერარქიულია, რადგან დროთა განმავლობაში ასეთი ორგანიზაცია ნელ-ნელა ემგვანება იმას, რასაც თავიდან ებრძოდა – თუნდაც კაპიტალიზმს.

შესაბამისად, ანარქისტები თვლიან, რომ თუ გვინდა სოციალიზმი, მაშინ იგი პირველ რიგში უნდა დავნერგოთ იმ ორგანიზაციაში, რომლითაც კაპიტალიზმს ვუპირისპირდებით. ეს ნიშნავს, რომ ჯგუფი უნდა იყოს თვითორგანიზებული და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა. გადაწყვეტილებები უნდა იყოს კოორდინირებული , რისთვისსაც საჭიროა დელეგირების სისტემის მოწყობა. ასეთ სისტემაში ძალაუფლება იქნება ყველა წევრის და არა – ლიდერების ხელში.

ასეთი ორგანიზაცია საშუალებას მოგვცემს, იგივე პრინციპები დავნერგოთ სოციალურ ბრძოლაშიც. ფედერაციის შექმნა, რომელშიც გაერთიანდებიან პირდაპირი მოქმედების პრინციპებზე მდგარი ჯგუფები შეძლებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს კაპიტალიზმს და ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროს თავიდან. რაც შეეხება იმ იდეას, რომ სოციალისტების ხელისუფლებაში მოსვლა ხალხს რევოლუციისთვის შეამზადებს, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. არჩევნების გზა ხალხს მხოლოდ იმისთვის ამზადებს, რომ ლიდერებს გაყვნენ და არა – შეძლონ თვითორგანიზება და პასუხისმგებლობის აღება, პირდაპირი მოქმედების განხორციელება და რადიკალური ცვლილებების მიღწევა, რომ აღარაფერი ვთქვათ სოციალურ რევოლუციაზე. არჩევნები ქმნის რეფორმზიმს და არა – სოციალიზმს. ხოლო თუ სოციალიზმის შექმნა გვინდა, უნდა დავივიწყოთ არჩევნები და შევქმნათ ის ჩვენი და არა – ვიღაც ლიდერების ხელით – სწორედ ამას ამბობს ანარქიზმის თეორია. სოციალიზმს არჩევნების გზით ვერ შევქმნით, რადგან არცერთი მთავრობა არ მოსპობს იმ პრივილეგიებს, რომლებიც მათ გააჩნიათ.

სოციალიზმი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ ქვემოდან, პირდაპირი მოქმედების საშუალებით, მასობრივი მონაწილეობით და თვითორგანიზებით. არჩევნები არის პოლიტიკური ქმედება, რომელიც საქმის კეთებას ლიდერებს ანდობს, ხოლო პირდაპირი მოქმედება – არის ქმედების ისეთი ფორმა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, თვითონ მიაღწიონ იმას, რაც უნდათ.

წყარო: http://struggle.ws/anarchism/writers/anarcho/vote/vote2.html