ლიბერტარული განათლება – ალტერნატივა

ჯოელ სპრინგის “Primer of libertarian Education”-ის მიხედვით

„ყოველი სწავლება დღეს დესპოტიზმია. შეუძლებელია ახალგაზრდისათვის გზის გაკვალვა ისე, რომ პირისპირ არ შეეჯახოს მორჩილების მოთხოვნაში დამალულ ტირანიას: „იქ წადი, ასე გააკეთე, წაიკითხე, დაწერე, ადექი, დაჯექი“ – შესაძლოა ეს ენა სამუდამოდ გამოყენებოდეს ახალგაზრდებთან კომუნიკაციისას“ (უილიამ გოდვინი)

თანამედროვე გამოწვევის საპასუხოდ, რომელიც „ნაციონალური განათლების“ საპირისპირო თეზისებსა და პრინციპებზე იქნება დაფუძნებული, ჯოელ სპრინგი ეყრდნობა ადრეულ ლიბერტარიანელ მოაზროვნეებს, რომ ჩამოაყალიბოს განათლების ხუთი ფუნდამენტური ასპექტი: საგანმანათლებლო დაწესებულებების როლი, მოსწავლეთა და სტუდენტთა ავტონომია, ინდივიდუალური ცნობიერების განვითარება, სექსუალური/გენდერული თავისუფლება და ბავშვის სტატუსი – აგრეთვე ამ ასპექტთა მნიშვნელობა ლიბერტარულ მოძრაობაში, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის ძირეულ გარდაქმნას მოითხოვს.

უფრო ადვილია დააფიქსირო ოპოზიციური აზრი საჯარო განათლების იმ ფორმაზე, რა ფორმითაც ეს სისტემა ჩამოყალიბდა და დღეს გვაქვს, ვიდრე მოახდინო პოზიტიური ალტერნატივის არტიკულაცია, განსხვავებული შეხედულებებით განათლებაზე, როგორც სამუშაო ძალის მოსამზადებელ,ან ინდივიდის მორჩილ მოქალაქედ ჩამომაყალიბებელ სისტემაზე. სპრინგი მიზნებზე, მეთოდებსა და განათლების შინაარსზე აქცენტირდება.მისი „ლიბერტარული განათლების სახელმძღვანელო“ (მონრეალი,1975) მნიშვნელობა არა მარტო თანამედროვე განათლების სისტემის ფუნდამენტურად კრიტიკული დისკურსის ჩამომაყალიბებელ, არამედ საგანმანათლებლო სივრცის ლიბერტარული კონცეფციის მაარტიკულირებელ როლშია.
სპრინგი იწყებს ლიბერტარული საგანმანათლებლო აზროვნების პირველი ნიმუშებით და ცდილობს მოაწესრიგოს ის არეულობა, რომლითაც მემარცხენე-ლიბერალი მოაზროვნეების ხედვა ხასიათდება. უილიამ გოდვინი, როგორც სპრინგი აღნიშნავს, იყო პირველი ლიბერტარიანელი კრიტიკოსი, რომელმაც სასკოლო სისტემის კრიტიკული ანალიზი შემოგვთავაზა. გოდვინი ნაციონალური განათლების წინააღმდეგ გამოდიოდა. მისი აზრით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ინდოქტრინაციულ ფორმას განზრახული ჰქონდა შეენარჩუნებინა ძალაუფლება და შეეჩერებინა, ან შეეფერხებინა რადიკალური იდეების გავრცელება, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციიდან მოდიოდა. თითქმის საუკუნოვანი ნაციონალური განათლების გამოცდილების გათვალისწინებით ფრანსისკო ფერერი აღნიშნავდა, რომ „მათ (სახელმწიფო აპარატმა და კაპიტალისტებმა) ყველაზე უკეთ იციან, რომ მათი ძალაუფლება თითქმის მთლიანად დამყარებულია სკოლაზე…“ იგი ადასტურებდა გოდვინის შეხედულებას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ განათლებაზე. დღეს უკვე საკმარისია ზერელედ გადაიკითხო თანამედროვე კონსერვატიული შეხედულებები განათლების რეფორმირებაზე, იმისთვის, რომ დაინახო სისტემის განვითარების დინამიკა, პრინციპი და მიზანი, რომლებიც ერთდროულად სტატიკური და მოძველებულია.
„ნაციონალური განათლების“ კონცეფციის, – მთელი თავისი აქცენტებითა და დანერგილი მორალური ფასეულობებით, რომელიც კანონმორჩილებაზე და „სამაგალითო მოქალაქის“ ხატზეა აგებული, – კონტრასტისათვის ადრელიბერტარიანული სკოლის ხედვა გამოდგება, რომლის აქცენტირებული ფასეულობები და მიზნები ძირითადად საკუთარი თავისადმი პატივისცემას, ავტონომიურობასა და პიროვნების თავისუფალ არჩევანს ემყარება.

ლიბერტარიანელები მიიჩნევდნენ, რომ ეს მორალური ფასეულობები უმთავრესია არა მხოლოდ იმ ბრძოლისათვის, რომლის საბოლოო მიზანი თავისუფალი საზოგადოების შექმნაა, არამედ ფასულია უშუალოდ ინდივიდისთვისაც. ამგვარად ასეთი ხედვა თავიდან იცილებს იმ ბერკეტებისაგან ზეწოლას, რომელთაც სახელმწიფო ინსტიტუტები თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების – „კარგი რევოლუციონერების“ რიცხვობრივი ზრდის ტენდენციის შესაჩერებლად იყენებს.

ნაციონალური განათლების უარყოფით გოდვინი გვთავაზობდა ალტერატიულ ხედვას : განათლება უნდა დახმარებოდა ინდივიდს ჭეშმარიტების, სამართიანობისა და მიზეზ-შედეგობრიობის პრინციპების აღმოჩენის გზაზე. ნახევარი საუკუნის შემდგომ მაქს შტირნერი გამოდიოდა უფრო გაბედული მტკიცებით, მოითხოვდა რა საჯარო სკოლების სრულ გაუქმებას. შტირნერი, სპრინგის სიტყვებით, ებრძოდა „დასწავლილ მოქალაქეობას“. მას სურდა ადამიანებს მოეთხოვათ „უფლება საკუთარი თავზე“, რომელიც, სპრინგის განმარტებით, შეგვიძლია დავინახოთ, როგორც წინამორბედი თვითრეალიზაციის თანამედროვე იდეისა.

ისტორიული განვითარებით ლიბერტარულმა მოძრაობებმა ძალა და გამოცდილება შეიძინეს. თავისუფალი ნების გაფართოებული კონცეფცია კი დღეს უკვე მოიცავს ქცევებს, ისევე როგორც სამართალს. ეს თეორიული ევოლუცია საუკეთესოდაა რეპრეზენტირებული პაულო ფრეირის ნაშრომში. ფრეირის “განათლებული ცნობიერების” ფილოსოფიაში ნება და ქმედება ერთმანეთთან დინამიკურ ურთიერთქმედებაშია. ფრეირი ამტკიცებდა, რომ შეგნება, კრიტიკული ცნობიერება მიიღწევა მხოლოდ გამოცდილებათა და რეალობათა ანალიზის, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილი ჩაგვრისა და გათავისუფლებისაკენ მუდმივი სწრაფვის იდეის გაცნობიერებით. ერთი ადამიანის ცნობიერების არსებობა მეორეს მასში ინტერვენციის უფლებას აძლევს, რომ ორივემ გამოამჟღავნონ საკუთარი ნება აქტიური ცდით და შეცვალონ სიტუაცია უკეთესისაკენ.

ავტონომიურობის იდეის კიდევ ორი, განსხვავებული, მაგრამ ფრეირის მოსაზრებებთან მჭიდროდ დაკავშირებული კონცეფცია უილიამ რიხსა და ალექსანდრ საზერლენდ ნილს ეკუთვნით. რადგან რიხის თვალთახედვას ამ საკითხზე დეტალურად ვერ მოგაწვდით, შეგვიძლია დავიწყოთ სწავლისა და სწავლების მისეული თვალსაზრისის იმპლიკაციებით, თუკი ზოგადად განვიხილავთ მის შრომებს სოციალურ ფსიქოლოგიასა და – საიდანაც ის მეთოდოლოგია, რომელზეც ვსაუბრობთ, იღებს სათავეს. ამ მეთოდოლოგიის ამოსავალი წერტილი „ინდივიდის ინდივიდად ფორმირებაა“. რიხი ამტკიცებს, რომ ბავშვის ფსიქოლოგიურ კონტურებს იმდენივე და შესაძლოა უფრო მეტი გავლენა აქვთ მის ქცევებსა და ნების რაციონალურ გამომჟღავნებაზე, რამდენიც სოციალიზაციის ინსტიტუციურ ფორმებს. ეს ფსიქოლოგიური კონტურები, როგორც რიხი ამტკიცებს, ფორმირდება ადრეული ბავშვობის სტადიაზე. ტრადიციულ ოჯახში ბავშვის აღზრდა შედეგად მისი ბუნების ავტორიტარულობა მოჰყვება. რიხი ძლიერ კავშირს პოულობს ტრადიციოლი ოჯახსა და ნაციონალური სახელმწიფოს შორის, ხოლო პირველი ესმის, როგორც მეორის საჭიროებათა დამაკმაყოფილებელი რესურსი. სოციალური ცვლილებების ლიბერტარული ხედვისა და ამ ხედვით დასახულ გზაზე უმნიშვნელოვანეს ცვლილებად მიიჩნევს ოჯახის ინსტიტუტის განადგურებას, რათა ბავშვებს სრული თავისუფლება მიეცეთ, განვითარდნენ ძალდატანებისა და ექსტერნალური ავტორიტარიზმისაგან თავისუფლად, რომელთა რეპრეზენტატორების როლს მამები ასრულებენ.

საგანმანათლებლო მეთოდოლოგიის ცვლილებისკენ მოწოდებული ყველა გააზრებული გეგმა პედაგოგიკის მთელ სპექტრზე უნდა ფოკუსირდეს (უილიამ რიხი)

ნილმა, რომელზეც რიხის მოსაზრებებმა იქონია გავლენა, განავითარა „სოციალიზირებული აღზრდის“ იდეა პრაქტიკაში. მისი სკოლებში ბავშვებმა ავტორიტეტებისა და უფროსების გარეშე უნდა ისწავლონ თავიანთი ქცევების რეგულირება. ამ მეთოდოლოგიის შინაარსი ხაზს უსვამდა ოჯახისა და სოციალური ინსტიტუციების, მათი ექსტერნალურ-ავტორიტარული ბუნების ინტერნალიზაციის რეპრესიულობას.

რადგან ლიბერტარული პედაგოგოკის შეხედულებები უამრავ ასპექტს მოიცავს, სასარგებლო და ამავე დროს აუცილებელი იქნება, ერთმანეთისაგან განვასხვავოთ „განათლება“ და „სწავლება“. სპრინგი შენიშნავს, რომ ზოგიერთი 19-ე საუკუნის მოაზროვნე, მაგალითად შტირნერი და ტოლსტოი, აკრიტიკებდა სწავლების პრინციპზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო სისტემას. ისინი ხედავდნენ პედაგოგიკისა მეთოდებისა და მისი აქტუალური შინაარისის ურთიერთშეუსაბამობას სკოლებში.
შტირნერი აკრიტიკებდა „სწავლებას“, თუმცა ალტერნატივის შეთავაზების გარეშე. შესაძლოა გოდვინის თეორიაშიც ვეძებოთ განათლების non-school-based ალტერნატივა, თუმცა ტოლსტოი პირველი იყო, ვინც „სწავლებისა“ და „განათლების“ განსხვევების არტიკულირება სცადა. დებატის ვექტორი მან ამ ორი კონცეფციის უშუალო ანტონიმურობიდან განათლებისა და კულტურის ურთიერთობის ანალიზისაკენ მიმართა. ტოლსტოისათვის განათლება „არის ტენდენცია, როდესაც ინდივიდი ცდილობს სხვა ინდივიდიც მისნაირი გახადოს“, მაშინ, როცა კულტურა იმ გავლენათა ერთობაა, რომლებიც ინდივიდის ფორმირებაზე ახდენს გავლენას და ის არეალია, სადაც პიროვნება თვითონ აყალიბებს საკუთარ თავს. განათლების დამავალდებელი, ამ კუთხით კი ერთგვარად ძალადობრივი ბუნება გამოყოფს მას კულტურის მთლიანი ორგანიზმისაგან. ძალადობრივი ბუნება კი ვლინდება მაშინ, როცა „სწავლების მეთოდოლოგია მოსწავლეს მხოლოდ ინსტრუქციებს აძლევს და იმ საგნებს ასწავლის, რომელსაც პედაგოგი/აღმზრდელი თვლის აუცილებლად.“თანამედროვე იდეები სწავლების „კულტურაზე დაფუძნებულ“ ფორმაზე ივან ილიჩს ეკუთვნის, რომელიც იცავს იმ აზრს, რომ სკოლები უნდა ჩანაცვლდნენ „ცოდნის გაზიარების“ სისტემით, სადაც ადამიანები ნებაყოფლობით გამოიმუშავებენ უნარებს და შეიძენენ კონკრეტულ ცოდნას ამა თუ იმ საგნის შესახებ.

სპრინგის ზოგიერთი იდეა ლიბერტარულ პედაგოგიკაზე სწორედ იმ თეორიებისგანაა ნასესხები, რომელსაც იგი მიმოიხილავს. ჯერ კიდევ არასისტემატიზირებული ხედვების 1970-იანების რეალობასთან მორგებას სპრინგი შესაშური კრეატიულობით ახერხებს და პიროვნული თავისუფელებისა და სრული თვითრეალიზაციის გენერალურ იდეებს თანამედროვე სოციალურ კონტექსტს მოხერხებულად უსადაგებს.“ამ იდეების მნიშვნელობისა და საჭიროების ნებისმიერად განხილვისას მხედველობაში უნდა მივიღოთ უშუალო წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი თანამედროვე ორგანიზაციებისა და განათლების სისტემის აქცენტირებული მიზნების, სოციალური ცვლილებების თანამედროვე შესაძლებლობებისა და მათი მიღწევისათვის განკუთვნილი პედაგოგიკური მიდგომების ანალიზისას აწყდებიან“. სპრინგი სამართლიანად ამტკიცებს, რომ საგანმანათლებლო ფილოსოფია სკოლებსაც მოიაზრებს, თუმცა უშუალოდ, პირდაპირ მიემართება სოციუმის ბუნებასა და სოციალურ ცვლილებებს. ამ მტკიცების ჭეშმარიტებაში ძნელია ეჭვი შევიტანოთ, თუკი გავითვალისწინებთ პედაგოგიკის ისტორიას, მეთოდებისა და მიზნების ცვლილებათა დინამიკასა და იმ სივრცეებს, სადაც განათლება სახელმწიფოს, კაპიტალისა და დომინანტური მორალის მსახური იყო. ამ აზრით მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა, როგორი ფასეულობების სისტემასა და პედაგოგიკურ მეთოდოლოგიასა და მიზნებს გვთავაზობს ლიბერტარული პედაგოგიკა.

პასუხის გასაცემად სპრინგი ორ გარემოებას ითვალისწინებს, რომელთა მნიშვნელობა ფუნდამენტურია პედაგოგიკის ლიბერტარული მეთოდოლოგიისთვის. პირველი – რადიკალური საგანმანათლებლო მოძრაობები ფართო სოციალური კონტექსტის ორგანულ ნაწილად უნდა იქცნენ, და მეორე – „ნებისმიერი გააზრებული გეგმა სისტემის ცვლილებისთვის უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო სივრცის მთლიან სპექტრს“.

თუკი რადიკალური საგანმანათლებლო მოძრაობა ფართო სოციალური მოძრაობებისგან იზოლირებულად იმოქმედებს და ცალკე განაცხადებს პრეტენზიას თავისუფალ საზოგადოებაზე, არსებობს საფრთხე, რომ ლიბერტარელი მოაზროვნეების იდეებს „სწრაფადვე ჩაყლაპავს არსებული სისტემა : დაინერგება ახალი მეთოდები კონტროლისა და დისციპლინისაკენ ძველი მისწრაფების გასამყარებლად“

სპრინგის არგუმენტი რადიკალური პედაგოგიკისა და „ლიბერტარული პერსპექტივის“ გაერთანებაზე გამოკვეთს ტოლსტოის მიერ დანახულ განსხვავებებს განათლებასა და კულტურას შორის. ტოლსტოის მოსაზრებათა ბირთვი განათლებაზე კულტურის გავლენის შესახებ ცხოვრების უამრავი ასპექტის განფენილობაზე ამ გავლენის გამოვლენას ემყარება. განათლების მსგავსი სახე პოლ გუდმანის “Growing up absurd”-ში იკვეთება, სადაც გუდმანი ხაზს უსვამს განათლების ყოველდღიურ ცხოვრებაში, პრაქტიკაში ინტეგრაციის მნიშვნელობას, სადაც ცოდნა ვლინდება იმ ხალხთან ურთიერთობაში, რომელთაც კონკრეტული უნარები და სპეციფიკური განათლება უკვე მიღებული აქვთ. ორივე, ტოლსტოიცა და გუდმანიც განათლების იდეას აფართოებს, უბრუნდება რა ჰელენიკურ წარმოდგენას ცოდნაზე – „paideia“-ს. განათლების საკითხი დანახულია არა ყოველდღიური პრაქტიკისაგან გამოყოფილად, არამედ მასთან მჭიდრო კავშირში, პასუხისმგებლობისა და თავისუფლების გამოვლინებაში.

ამ კუთხით დანახული კულტურა მჭიდრო კავშირშია რადიკალურ პედაგოგიკასა და ლიბერტარულ პოლიტიკასთან. უფრო მეტიც, ის ადგენს კონცეპტუალურ,აბსტრაქტულ შესაძლებლობებს უშუალო ქცევების ვარიაციებს, რომლებიც მიმართულია სოციუმის ფუნდამენტური ცვლილებისაკენ და მოწოდებულია იმისთვის, რომ შექმნას თავისუფალი საზოგადოება. ამგვარად, პოლიტიკა ურთიერთოპოზიციონერული, რეაქციული და სტატიკური პროცესისაგან თავისუფლდება და რეკონსტრუქციული ხდება.

წინააღმდეგობის მოძრაობები რუსეთში, დასავლეთ ევროპაში და ამერიკაში, რომლებიც განათლების ცენტრალიზაციას ებრძვიან, წარმოადგენენ ძლიერი წინააღმდეგობის მაგალითებს. მუშათა და ანარქისტული მოძრაობები აგრარულ-კომუნალური სივრციდან ფართო არეალში გადმოდის. მათი მამოძრავებელი მიზანი კი თავისუფალი საზოგადოებაა.

ეს მოძრაობები გამოჩნდნენ, როცა აგრარულ-კომუნალური ცხოვრების სტილს ინდუსტრიულ-ცენტრალიზებული სისტემა დაუპირისპირდა, როცა ქცევები და აზროვნების ფორმები ამ კულტურიდან სახელმწიფო აპარატებსა და ბაზარზე მორგებული გახდა.

მეორე საკითხი, რაზეც სპრინგი ყურადღებას ამახვილებს, ეხება ლიბერტარული პედაგოგიკის სისტემას. ასეთი სისტემის შესაქმნელად მეინსტრიმული პეგოგიკურ-მეთოდოლოგიური აზროვნება უნდა ჩანაცვლდეს. ლიბერტარული იდეები განათლების ფუნდამენტურ რეფორმირებაზე უნდა გავრცელდეს საგანმანათლებლო რეალობის ფართო სპექტრში, ხოლო მეთოდოლოგიურ ისტებლიშმენტსა და მთლიანად თანამედროვე საზოგადოებაში. სპრინისთვის ეს მოკრძალებული მნიშვნელობის არაა, პირიქით, გავრცელებაში იგი ხედავს აქტიური ბრძოლის კონტურებს, რომელთაც ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი უნდა შეცვალონ. ის იწყებს საგანმანათლებლო კანონების გაუქმების მოთხოვნით და აგრძელებს ბავშვებისათვის საზოგადოებაში ღირსეულის სტატუსის საჭიროებით, მოითხოვს რა, საგანმანათლებლო სისტემამ მოზარდს მისცეს დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისედაც უსარგებლო ზრდასრული ავტორიტეტებისგან. ამის მისაღწევად სპრინგი გვთავაზობს „საგანმანათლებლო ვაუჩერს“, იმისთვის, რომ ბავშვებმა აინაზღაურონ ის დრო, რასაც საჯარო სკოლებში ხარჯავენ და ჰქონდეთ გარანტირებული შემოსავალი, მატერიალური დამოუკიდებლობა. ასე რომ, თუკი შევაჯამებთ, სპრინგი საგანამანათლებლო რეფორმას უკავშირებს ბავშვების სტატუსის ფორმირებას.

სპრინგის სპეციფიკური მეთოდი, ჩანს, რომ ოდნავ მოძველებულია, (მან Primer-ი 1970-იანების დასაწყისში დაწერა) თუმცა მაინც აქტუალური. ეს მეთოდები გვიქმნის წარმოდგენას იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც საგანმანათლებლო რეფორმირებისათვის გვაქვს.ზოგიერთი მისი მსჯელობა, განსაკუთრებით მონოპოლიური საჯარო სკოლების მავნებლობაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ კუთხით, რომ იგი ეჭვქვეშ აყენებს თანამედროვე პედაგოგიკური მეთოდების სისწორეს. რადგან სოციალისტი ლიბერტარიანელები ფოკუსირდებიან თავისუფალი საზოგადოების იდეაზე, სპრინგის ვარაუდები აზროვნების იმ მოდელს შეესაბამება, რომელიც საგანმანათლებლო რეალობის შესაცვლელად ფართო სოციალური მოძრაობების ფორმირების საჭიროებას იზიარებს.

განათლება მხოლოდ სკოლიდან, პროფესიული ინსტიტუტებიდან არ მიიღება. საზოგადოების სრულფასოვანი წევრობა კი ნიშნავს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე გადასახადის გადახდას, ხმის მიცემასა და რიტუალისტურ კანონმორჩილებას. ლიბერტარული მოძრაობების მიზანი სოციალური აქტივიზმის გზით პედაგოგიკის თავისუფალი მეთოდებისა და განათლების შინაარსისთვის აუთენტური მნიშვნელობის მინიჭებაა.