მიხეილ ბაკუნინი – ძალაუფლება რყვნის

სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა სისტემა, რომელიც მართავს და ბოროტად იყენებს თავის რესურსებს. ჩვენი მიზანია იმ შედეგების ჩვენება, რომელიც პოლიტიკური მთავრობის არსებობას მოჰყვება, თუნდაც ეს იყოს იდეალური სახელმწიფო, რომელიც თავისუფალ კონტრაქტზეა დაფუძნებული.

დავუშვათ, რომ მთავრობა დაკომპლექტებულია საუკეთესო მოქალაქეებით. თავდაპირველად ამ მოქალაქეებს ზურგს უმაგრებს არა კანონი, არამედ დანარჩენი მოქალაქეების ნდობა, რადგან ისინი აირჩიეს იმიტომ, რომ იყვნენ ყველაზე ჭკვიანები, გამოცდილები, მამაცები, პატიოსნები და ა.შ. ისინი გამოეყოფიან მოქალაქეთა მასას სწორედ ამ ნიშნების მიხედვით, თუმცა ჯერჯერობით არ ქმნიან ცალკე კლასს. მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა, რადგან როგორც ისტორია გვიჩვენებს, ისეთ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თავიანთი პიროვნული ღირსებების გამო ხალხის დიდი მასის სიმპათიას იმსახურებენ, საკმაოდ მცირეა, და ხალხიც, რომელსაც არჩევანის გაკეთება უწევს, სწორედ მათ ირჩევს ლიდერებად.

ასე და ამგვარად, საზოგადოება იყოფა ორ კატეგორიად: პირველი – უმრავლესობა, უბრალო მოქალაქეები,რომლებიც ენდობიან ლიდერებს და მეორე – უმცირესობა, რომლის წევრებსაც გარკვეული თვისებების გამო ხალხის მართვა თვით ამ ხალხმა დააკისრა. თავდაპირველად, ისინი უბრალო ხალხისგან მხოლოდ იმ თვისებებით გამოირჩევიან, რის გამოც მმართველებად აირჩიეს და ერთგულად ემსახურებიან თავის ხალხს, თავს კი პრივილეგირებულებად და გამორჩეულებად შესაძლოა არც კი მიიჩნევდნენ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ განსაკუთრებული მისია აკისრიათ – ხალხის მართვა. ისინი არ გამოირჩევიან არც ცხოვრების სტილით, არც სხვა ნიშნით, ასე რომ ამ ორ კატეგორიას შორის ერთგვარი თანასწორობაც კი არის. ისმის შეკითხვა: შესაძლოა თუ არა ამ თანასწორობის დიდხანს შენარჩუნება? ჩვენ ვამტკიცებთ რომ არა, და არაფერია ამაზე მარტივი დასამტკიცებელი.

არაფერია ისეთი დამღუპველი ადამიანისთვის, როგორც ძალაუფლება, მბრძანებლობა. საუკეთესო ადამიანიც კი – ყველაზე ჭკვიანი, მიუკერძოებელი და პატიოსანი – ვერ დაძლევს ძალაუფლების გამრყვნელ ძალას. ძალაუფლებისთვის დამახასიათებელი ორი მთავარი თვისება ყოველთვის იწვევს ადამიანის დემორალიზაციას. ეს თვისებებია მასის აბუჩად აგდება და გადაჭარბება საკუთარი დამსახურებების შეფასებისას.

“მასა” – ფიქრობს მმართველი – “აცნობიერებს, რომ არ აქვს უნარი მართოს საკუთარი თავი, და სწორედ ამიტომ ამირჩია მე. ცხადია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან არასრულფასოვანნი, ხოლო მე კი მათზე უკეთესი ვარ. ამხელა მასაში ცოტა თუ მოიძებნება ჩემნაირი. მე მაქვს უნარი სწორად წარვმართო საზოგადოების ცხოვრება. მე ხალხს ვჭირდები! მათ არ შეუძლიათ რაიმე გააკეთონ ჩემ გარეშე, ჩემი სამუშაოს სანაცვლოდ კი შემიძლია მივიღო განუსაზღვრელი უფლებები. მათთვის უკეთესი იქნება, დამემორჩილონ.”

არსებობს ისეთი რამ, რაც ადამიანს თავს აკარგვინებს და განუზომელი სიამაყით აგიჟებს? არსებობს და ესაა სწორედ ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია ღირსეული ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს.

მიხეილ ბაკუნინი 1867