ვინ არიან მართლები – იდეალისტები თუ მატერიალისტები? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ბევრი ფიქრი არ სჭირდება. ეჭვგარეშეა, რომ იდეალისტები ცდებიან. დიახ, ფაქტები იდეაზე წინ დგანან. იდეალი, როგორც პრუდონმა თქვა, არის მხოლოდ ყვავილი, რომელიც მატერიალურ პირობებშია ფესვგადგმული. დიახ, კაცობრიობის მთელი ისტორია – ინტელექტუალური და მორალური, პოლიტიკური და სოციალური, არაფერია, თუ არა ეკონომიკური ისტორიის ანარეკლი.
თანამედროვე მიუკერძოებელი და ნამდვილი მეცნიერების ყველა მიმართულება თანხმდება ერთ ფუნდამენტურ საკითხზე : სოციალური სამყარო, უფრო ზუსტად, კაცობრიობა, არის ცხოველთა ჯერჯერობით ყველაზე განვითარებული ცხოველთა სახეობა. თუმცა, ეს განვითარება გულისხმობს უარყოფასაც – ადამიანები უარყოფენ მათში ცხოველური საწყისის არსებობას. სწორედ ეს უარყოფა, რომელიც გარდაუვალი იქნებოდა, წარმოშობს გარკვეულ იდეალებს, ინტელექტუალური და მორალური სამყაროს რწმენებს და იდეებს .
დიახ, ჩვენი უძველესი წინაპრები, ადამები და ევები, თუ გორილები არა, გორილების ახლო ნათესავები მაინც იყვნენ, წარმოადგენდნენ ყველაზე ძლიერ, ჭკვიან მხეცებს, რომლებიც სხვა ცხოველებზე მაღლა იდგნენ და გამოირჩეოდნენ ორი მთავარ თვისებით – აზროვნების უნარით და აჯანყების მოთხოვნილებით.
ეს ორი უნარი, რომელთა გამოვლინებაც ისტორიის მანძილზე არაერთხელ მოხდა, არის მთავარი ფაქტორები, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის განვითარების მამოძრავებელ ძალებს, ადამიანის დანიშნულების განმსაზღვრავებს.
ბიბლია, საკმაოდ საინტერესო წიგნია, რომელსაც მიიჩნევენ ადამიანის სიბრძნის და წარმოსახვის უძველეს ნაყოფად. იაჰვე არის ღმერთი, რომელიც ყველა სხვა ღმერთისგან გამოირჩევა თავისი შურიანობით, სისასტიკით, პატივმოყვარეობით, უსამართლობით, სისხლის სიყვარულით, დესპოტიზმით და ადამიანის თავისუფლების ყველაზე მკაცრად შეზღუდვით. მან შექმნა ადამი და ევა, ოღონდ კაცმა არ იცის, რომელი კაპრიზის დასაკმაყოფილებლად. ეჭვგარეშეა, რომ თავის არსებობის განმავლობაში კიდევ შექმნიდა ერთი-ორ ახალ მონას. ადამიანების შექმნის მერე მან მათ აჩუქა მთელი დედამიწა, ცხოველებიანად და მცენარეებიანად, თუმცა აუკრძალა ერთი რამ – ცოდნის ხის ნაყოფის ჭამა. მას სურდა, რომ ადამიანები დარჩენილიყვნენ უბრალო ცხოველებად, რომლებიც ღმერთის – თავიანთი მბრძანებლის წინაშე დაიჩოქებდნენ, თუმცა უცებ გამოჩნდა სატანა – პირველი თავისუფლად მოაზროვნე, მეამბოხე, რომელიც ადამიანებს ეუბნება, რომ უცოდინრები და მორჩილები არიან. სატანა ათავისუფლებს მათ და უბიძგებს ჭამონ ცნობიერის ხის ნაყოფი.
ამის შემდეგ რა მოხდა, ყველამ ვიცით. ყოვლადკეთილ ღმერთს, რომელსაც ჰქონდა წინასწარგანჭვრეტის უნარი,ისედაც უნდა სცოდნოდა რა მოხდებოდა, თუმცა, ამ ამბის გაგების შემდეგ მთლად გადაირია. მან დაწყევლა სატანა, ადამიანები და თავისივე შექმნილი სამყარო, მოკლედ , პატარა ბავშვივით გაბრაზდა. თანაც, დასაჯა არა უშუალოდ დამნაშავეები, არამედ მათი შთამომავლობა,რომელსაც ბრალი არ მიუძღვოდა. ჩვენი კათოლიკე და პროტესტანტი თეოლოგები ღმერთის ამ არაადეკვატურ და აბსურდულ ქმედებას სამართლიანად მიიჩნევენ. კაცობრიობის დასჯის შემდეგ ღმერთს გაახსენდა, რომ ის მხოლოდ დამსჯელი კი არა, სიყვარულის ღმერთიც იყო. უამრავი საბრალო ადამიანის ჯოჯოხეთში გაშვების შემდეგ მან გადაწყვიტა, გადაერჩინა კაცობრობა და ერთმანეთთან შეეთავსებინა სიყვარული და მრისხანება, რომელსაც ყოველთვის სისხლი სწყუროდა. სწორედ ამ მიზნით დედამიწაზე მსხვერპლად გამოგზავნა თავისი შვილი, რომელიც ადამიანებმა მოკლეს. ამას კაცობრიობის გადარჩენის საიდუმლო ჰქვია და ქრისტიანული რელიგიების საფუძველს წარმოადგენს. ალბათ გაგიხარდათ- წმინდა მესიამ კაცობრიობა იხსნაო, მაგრამ უნდა დაგამწუხროთ: ქრისტეს მიერ დახატული სამოთხის კარიბჭეს მხოლოდ ერთეულები თუ შეაღებენ. დანარჩენები, ანუ უმრავლესობა – მაინც ჯოჯოხეთის ცეცხლში აღმოჩნდება. თუმცა, ამავდროულად ღმერთმა ჩვენს სანუგეშოდ დედამიწაზე გამოგზავნა ნაპოლეონ მესამეები, უილიამ პირველები, ავსტრიელი ფერდინანდები და რუსი ალექსანდრეები.
აი ასეთ ზღაპრებს ასწავლიან მე-19 საუკუნის ევროპის სკოლებში და ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის სურვილით ხდება. ამას ხალხის განათლებას უწოდებენ! ნუთუ არაა ცხადი, რომ მთავრობას მხოლოდ საზოგადოების მოწამვლა და მასებისთვის ტვინის გამორეცხვა უნდა?
ხშირად მიფიქრია ამ თემაზე, და ყოველთვის ბრაზი მიპყრობს, როდესაც ვაცნობიერებ, რა მეთოდებს იყენებენ ხალხის დასამორჩილებლად და დასამონებლად. ნუთუ შეიძლება ტროპმანების დანაშაული შევადაროთ იმ დანაშაულს, რომელსაც ყოველდღე ჩადიან კაცობრიობის წინააღმდეგ და ამას აკეთებენ ხალხის მცველების სახელით? მოდით, დავუბრუნდეთ პირველყოფილ ცოდვას.
ღმერთმა აღიარა, რომ სატანა მართალი იყო. ის მიხვდა, რომ ეშმაკს არ მოუტყუებია ადამი და ევა ,არ შეჰპირებია ცოდნას და თავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ გასინჯავდნენ აკრძალულ ნაყოფს. როგორც კი მათ ხილი იგემეს, თვითონ ღმერთმა თქვა (იხ. ბიბლია) : ”ადამიანი იქცა ერთ-ერთ ღმერთთაგანად, რომელმაც იცის რა არის კეთილი და ბოროტი. ხელი შეუშალეთ უკვდავების ნაყოფის ჭამაში, თორემ ჩვენნაირად უკვდავი გახდება”.
მოდით, ამ მითს მოვაცილოთ წარმოსახვის ნაყოფი და შევხედოთ მის ნამდვილ მნიშვნელობას, რომელიც საკმაოდ კარგად ჩანს. ადამიანმა საკუთარი გათავისუფლება მოახერხა. მან საკუთარი თავი გამოყო ცხოველებისგან და იქცა ადამიანად. მან დაიწყო ადამიანური ცხოვრება, განვითარება, ცოდნის მიღება და ეს მოახერხა აზროვნების და აჯანყების საშუალებით.
სამი ელემენტი, ან თუ გნებავთ, სამი ძირითადი პრინციპი განსაზღვრავს ადამიანის განვითარებას: ადამიანის ცხოველური ბუნება, აზროვნება, მეამბოხეობა. პირველი შეესაბამება სოცალურ და კერძო ეკონომიკურ მდგომარეობას, მეორე – განათლებას და მესამე – თავისუფლებას.
ყველა სკოლის იდეალისტები – არისტოკრატები და ბურჟუები, თეოლოგები და მეტაფიზიკოსები, პოლიტიკოსები და მორალისტები, რელიგიათმცოდნეები, ფილოსოფოსები, პოეტები, ლიბერალი ეკონომისტები – იდეალების უდიდესი თაყვანისმცემლები, ძალიან ნაწყენები დარჩებიან, თუ ეტყვით, რომ ადამანი, თავისი გონიერებით, იდეებით და უსაზღვრო მისწრაფებებით, სხვა არაფერია, თუ არა სიცოცხლის ერთ-ერთი ფორმა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაზეც მატერიალისტები ლაპარაკობენ,არის მუდმივად მოძრავი, აქტიური, პროდუქტიული, ქიმიურად და ბიოლოგიურად განსაზღვრული, მექანიკური, ფიზიკური, ცხოველური და გონიერი რამ, რასაც არაფერი საერთო არ აქვს იდეალისტების წარმოდგენებთან. ეს უკანასკნელი არის მხოლოდ ცრუ აბსტრაქცია, და შესაბამისად არის სისულელე, არაცოცხალი და არამოძრავი რაღაც, რომელსაც იმის ძალაც კი არ აქვს, რომ სიცოცხლე შთაბეროს თავის ქალასაც კი, რომელიც მახინჯი წარმონაქმნია, ფანტაზიის ლამაზი ნაყოფის – ღმერთისგან განსხვავებით. ამ ყოვლისშემძლე არსებისგან განსხვავებით, იდეალისტებისთვის მატერია წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ არარაობას. იდეალისტებმა მატერიას წაართვეს სიცოცხლე, თვისებები, ძალა, მოძრაობის უნარი, და მისგან დატოვეს მხოლოდ უმოძრაო, უსიცოცხლო ნივთიერება. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი მიაწერეს წარმოსახვით არსებას. შემდეგ, ამ თავიანთ გამოგონილ რაღაცას, სინამდვილეში არარსებულ ღმერთს უწოდეს უზენაესი არსება და განაცხადეს, რომ ნამდვილი არსებები, მატერია, სამყარო – არაფერს წარმოადგენს. ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ამ მატერიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, საკუთარი თავის ამოძრავებაც კი, და შესაბამისად, მისი შექმნა მხოლოდ ღმერთს შეეძლო.
ამ წიგნის ბოლოში მე ნაჩვენები მაქვს, ის აბსურდები, რომლებამდეც ადამიანები მიდიან ღმერთის წარმოდგენის გამო, როგორიც არ უნდა იყოს ეს ღმერთი – მატერიალური,რომელიც ქმნის სამყაროს და აწესრიგებს მას, თუ არამატერიალური, რომელიც წმიდა სულის სახითაა მოფენილი მთელ დედამიწას. თუნდაც ეს იყოს მხოლოდ იდეა, რომელიც ყოველთვის არსებობს და გავლენას ახდენს მატერიალურ სამყაროზე.
მატერიალური სამყაროს, ისევე როგორც ორგანული სიცოცხლის ფორმების და ადამიანის ინტელექტის თანდათანობით განვითარება საკმაოდ ადვილად გასაგებია. ეს არის სრულიად ბუნებრივი მოძრაობა მარტივიდან – რთულისკენ, დაბლიდან – მაღლა, სუსტიდან – ძლიერისკენ. მოძრაობა, რომელიც შეესაბამება ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას, ჩვენს აზროვნებას, ინსტინქტებს, რომლებიც მხოლოდ ამ წესის შესაბამისად ყალიბდება.
იდეალისტების სისტემა ზემოთ თქმულს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და წარმოადგენს კაცობრიობის მთელი გამოცდილების გაუკუღმართებას, იმ საღი აზრის უარყოფას, რომლის გარეშეც კაცობრიობა არსებობას შეწყვეტდა და რომლის ჭეშმარიტება ისეთივე ცხადია, როგორც ის, რომ ორჯერ ორი – ოთხია.
იდეალისტები უარყოფენ ბუნებრივ კანონებს – განვითარებას დაბლიდან – ზემოთ, უსუსურიდან – ძლიერისკენ, მარტივიდან – რთულისკენ. იმის ნაცვლად, რომ რაციონალურად გაიაზრონ სამყაროს განვითარების კანონები, იდეალისტები – დაბრმავებული, დაყრუებულნი და წმინდა აჩრდილის გარშემო შემოკრებილები, საპირისპირო მხარეს მიდიან – აღიარებენ დეგრადაციას. ისინი იწყებენ ღმერთით, როგორც წმინდა სუბსტანციით, და პირველივე ნაბიჯი, რომელსაც აკეთებენ, არის უკვდავი იდეალიდან მატერიალურ სამყარომდე დაცემა, აბსოლუტური სრულყოფილებიდან არასრულფასოვნებამდე ჩამოვარდნა, ყოვლისშემძლე გენიიდან – არაფრად ქცევა. როდის, რატომ და საიდან გაჩნდა ეს უსასრულო, სრულყოფილი და ყოვლისშემძლე ღმერთი? – თეოლოგებს, იდეალისტებს, მეტაფიზიკოსებს თუ პოეტებს არასდროს ჰქონიათ ამ კითხვაზე პასუხი. ყველა რელიგია, რომელიც დღემდე არსებობდა და არსებობს ბურუსშია გახვეული.
____________________
სიდის თარგმანებიდან